ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ვაშინგტონს სთხოვს ისრაელზე გავლენა გამოიყენოს და ომი შეაჩეროს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკის სახელმწიფო მდივანს სთხოვა, აშშ-მა ისრაელზე თავისი გავლენა გამოიყენოს და ნეთანიაჰუს მთავრობას, ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, საპასუხო თავდასხმა შეაწყვეტინოს. ჰაკან ფიდანსა და ენტონი ბლინკენს შორის, კვირას გამართული სატელეფონო საუბრის ამ შინაარსის შესახებ ინფორმაციას, ერთ-ერთი თურქი დიპლომატი ავრცელებს.

კონფლიქტის დაწყების დღიდან, თურქეთი, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნის იდეას ემხრობა, ღაზაზე განხორციელებული საპასუხო თვდასხმების გამო, ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს. რეჯებ ტაეპ ერდოღანი, ქვეყნის პრეზიდენტი, ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და ნეთანიაჰუს მთავრობას ომის დანაშაულებების ჩადენაში სდებს ბრალს.

ვაშინგტონი, რომელიც ისრაელის ყველაზე ახლო მოკავშირე და დიდი მხარდამჭერია, ისრაელზე "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ იმეორებს, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება და ვალდებულება აქვს. თუმცა, ამერიკა, ამავდროულად, ისრაელს მოუწოდებს ფრთხილად იმოქმედოს.

7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას 1 200 ადამიანის სიცოცხლე ემხსვერპლა. ისრაელის მიერ საპასუხოდ გამოცხადებულმა ომმა კი, როგორც "ჰამასის" მიერ მართული ღაზის წარმომადგენლები იტყობინებიან, 19 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფიდანმა ბლინკენს უთხრა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე ვითარება სულ უფრო უარესდება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაეპ ერდოღანმაც, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გასულ კვირას უთხრა, რომ ამერიკას ახლა ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

XS
SM
MD
LG