ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მალდივებზე გაიქცა, შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრემიერის ოფისში შეიჭრნენ


შრი-ლანკის პრეზიდენტმა მასობრივი არეულობის ფონზე, ქვეყანა დატოვა. გოტაბაია რაჯაპაკსა დღეს მალდივებზე გაიქცა.

ამით აშკარად დამთავრდა ქვეყანაში რაჯაპასკას ოჯახის დომინირება, რომელიც თითქმის ორ ათეულ წელიწადს გაგრძელდა. ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის გამო მასობრივმა გამოსვლებმა პრეზიდენტი აიძულა გადამდგარიყო. თუმცა, მისი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თავისი მოკავშირე პრემიერ-მინისტრი დაეტოვებინა, უფრო მეტი საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. დემონსტრანტები პრემიერის ოფისში შეიჭრნენ და მისი გადადგომაც მოითხოვეს.

პრემიერის ოფისმა თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება გააუქმა და თქვა, რომ საჭირო ზომებს მოგვიანებით ისევ გამოაცხადებს.

პრემიერ-მინისტრის ოფისთან განლაგებულმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის რამდენიმე ვაზნა გაისროლა და სამხედრო შვეულმფრენმა ცოტა ხნით წრეზე იფრინა. მაგრამ, ამან დემონსტრანტები ვერ შეაკავა და ისინი საბოლოოდ შენობაში მაინც შეიჭრნენ. პრემიერის გუნდმა მისი ადგილსამყოფელი არ გაამხილა.

მოელიან, რომ მომავალ კვირაში პარლამენტი ახალ პრეზიდენტს დაასახელებს. წყარომ მთავარი მმართველი პარტიიდან სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ პარტიის პირველი რჩეული, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მთავრობაში არ მიუღიათ.

XS
SM
MD
LG