ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ევროპა რუსეთის ენერგეტიკულ ბლოკადას არღვევს


ბუნებრივი აირის "სამხრეთის დერეფანი" უკვე რეალობაა

2019 წლიდან საქართველოს გაზის მთლიანი მოხმარების 70 პროცენტს, „შაჰ დენიზიდან“ სატრანზიტო მოსაკრებლის სახით მიღებული აირი დაფარავს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:02 0:00
ბმული



საქართველო, რომელიც წელიწადში საშუალოდ (ამინდის მიხედვით), 1 400 000 000 -1 800 000 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს, ამჟამად გაზის 35-დან 50-პროცენტამდე, ტრანზიტის მოსაკრებლის სახით, სამხრეთ კავკასიური მილსადენით (SCP), აზერბაიჯანის შან-დენიზის საბადოდან იღებს.

უკვე 2019 წლისთვის, შაჰ-დენიზის გაზის „ქართული“ სატრანზიტო წილი, კიდევ 800 000 000 კუბური მეტრით გაიზრდება და საქართველოს მთლიანი შიდა მოხმარების 60-70 პროცენტს მიაღწევს. ამის გარდა, საქართველოს კვლავაც შეეძლება დამატებით ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად შეიძინოს.

ამის შესახებ, საბოლოოდ ცნობილი გუშინ გახდა, როცა აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და საერთაშორისო კონსორციუმმა მწვანე შუქი აუნთეს შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზას.

ყველაზე მოკრძალებული პროგნოზებით, მეორე ფაზის დროს, „შაჰ-დენიზის“ საბადოდან - წელიწადში 24 000 000 000 კუბური მეტრი აირის მოპოვება იქნება შესაძლებელი. აქედან, ექსპორტზე, სამხრეთ კავკასიური მილსადენით, 16 000 000 000 კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბაქოში „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის დაწყების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო, ამბობს

„შან-დენიზის მეორე ფაზიდან საქართველოში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება 700 000 000 დოლარის ინვესტიცია. რამდენიმე ათასი, 2-დან 3 ათასამდე სამუშაო ადგილის გაჩენა. ასევე გაიზრდება, მილსადენის გამტარიანობა - 16 000 000 000 კუბურ მეტრამდე, აქედან 5 პროცენტი დარჩება ჩვენს ქვეყანას.“

გარდა ბუნებრივ აირზე შეღავათიანი ტარიფებისა, საქართველოსთვის „შაჰ-დენიზის“ ათვისების მეორე ფაზა მნიშვნელოვანია, უპირველესად გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„შაჰ-დენიზი 2“-ის მეგაპროექტით საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანი, პირველად ევროპის გაზის ბაზარზე, დამოუკიდებელი მოთამაშე ხდება.

სამხრეთ კავკასიურ მილსადენს (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი SCP), 2018 წლამდე დაემატება ტრანს-ანატოლიისა (TANAP თურქეთი) და ტრანს-ადრიატიკული (TAP საბერძნეთი-ბულგარეთი-ალბანეთი-იტალია) მილსადენები, რომელთა მეშვეობით, აზერბაიჯანული გაზი პირდაპირ ევროპის ბაზარზე მოხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანული აირის ექსპორტის მოცულობა ევროპის ბაზარზე ძალიან მცირე იქნება. ეს ფაქტი მაინც განიხილება როგორც, პირველი მერცხალი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან, რუსეთის გარდა, სხვასაც ექნება ბუნებრივი აირის ევროპაში შეტანის საშუალება.

ანუ მოსკოვს დროთა განმავლობაში, ხელიდან გამოეცლება, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი, ისე გაზის ფასებით მანიპულაციის შესაძლებლობა.

მეორეს მხრივ, ევროკავშირი არ შემოიფარგლება მხოლოდ „სამხრეთის დერეფნის“ მხარდაჭერით. ტრანს-კასპიის მილსადენის (TCGP) ლობირებით, ბაქო-აშხაბადის დაკავშირებით, ბრიუსელი თურქმენეთის უმდიდრეს ბაზარზე გასვლისკენ ისწრაფვის, სადაც უცხოელ მყიდველს 180 000 000 000 კუბური მეტრი აირი ელის. კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანას ამ დრომდე აქტიურად ბლოკავს რუსეთი.

ექსპერტი გაზისა და ნავთობის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს

„დღეს ჩვენ უკვე გვაქვს გაჭრილი კარი ევროპაში, რომელიც აქამდე არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მთავარი გარღვევა მოხდა, იმიტომ რომ აქამდე ვერ ხერხდებოდა. მუშაობა თურქმენეთის მიმართულებით მიდის. ევროკომისია, აზერბაიჯანი და თურქმენეთი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების შესახებ.

ჯერჯერობით, ყველაფერი მოლაპარაკების ფაზაშია, თუმცა თურქმენები ძალიან მოწადინებულნი არიან, ძალიან დიდი სურვილი აქვთ რომ ეს მიმართულება განავითარონ. დიდი პრეტენზიები არ აქვთ, თურქმენები არ ითხოვენ ევროპის ბაზარზე უშუალოდ შესვლას, როგორც ამას აზერბაიჯანული „სოკარი“ მოითხოვდა.

თურქმენეთი მზად არის თავისივე საზღვარზე გაყიდოს გაზი, რაც ერთი ორად ამარტივებს სიტუაციას, თუ გარე ფაქტორები (რუსეთის ფაქტორი) გადაიჭრება.“


შან-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო, რომლის მარაგიც 1,2 ტრილიონ კუბურ მეტრად არის შეფასებული 1999 წელს აღმოჩნდა. 2006 წელს დაიწყო გაზის მოპოვება და ექსპორტირება, რამაც 2007 წელს, საქართველოს საშუალება მისცა ძვირ რუსულ გაზზე უარი ეთქვა.

შაჰ-დენიზის საბადოს საერთაშორისო კონსორციუმი მართავს, სადაც შედიან ბრიტანული „ბრიტიშ ბეტროლიუმი“, ნორვეგიული „სტატოილი“, აზერბაიჯანული „სოკარი“, ფრანგული „ტოტალი“, რუსული-იტალიურ „ლუკოილ-აგიპი“, თურქული TPIC და ირანული NIOC-ი.

შაჰ-დენიზი 1-ის გაზი სამხრეთ კავკასიის მილსადენით ბაქო-თბილისი-ერზერუმი გადაიქაჩება, რომელიც იმავე დერეფანში აშენდა, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის.

45 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების შაჰ-დენიზი 2-ის პროექტის ფარგლებში კი დაგეგმილია: პარალელური მილსადენის მშენებლობა, რომლის 55 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. აქვე აშენდება ორი ახალი საკომპრესორო, წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურები. გაზის მოპოვება 2018 წლის ბოლოს დაიწყება, ექსპორტირება 2019 წელს, ახალი კონტრაქტი 2036 წლამდეა გაფორმებული.

აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უკვე განაცხადა, რომ „შან-დენიზი 2“, უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს თურქეთის, სამხრეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევრიკავშირის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით“.
XS
SM
MD
LG