ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაბუქო აღარ აშენდება


რატომ მიიღო შაჰ დენიზ 2-მა ეს გადაწყვეტილება? ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში ვილსონის ცენტრის ენერგო საკითხების მრჩეველი დოქტორი ალექსანდროს პეტერსენი მოვიწვიეთ. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ჩანაწერს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:38 0:00
ბმული

ბატონო ალექს, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გვითხარით რაში მდგომარეობდა ნაბუქოს მნიშვნელობა და რა მოხდა?

ნაბუქო მეგა-მილსადენი იყო, რომელიც არ აშენდა. მას გაზი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და აღმოსავლეთ თურქეთის გავლით ავსტრიაში უნდა ჩაეტანა. მისი პრობლემა ის იყო, რომ ის იყო ძალიან დიდი, ჯდებოდა ძალიან ძვირი და არ ჰყავდა დიდი ინვესტორები.

რა თანხაზე იყო საუბარი?

რამდენიმე სხვადასხვა გათვლა არსებობს. უკანასკნელი თანხა, რომელიც მე ვიცი, 7 მილიარდი ევრო იყო. თუმცა, რეალურად თუ შევხედეთ, მშენებლობის პროცესში თანხა, ალბათ, გაიზრდებოდა. დაფინანსებასთან ერთად პრობლემა ისიც იყო, რომ არ იყო ცნობილი იქნებოდა თუ არა გაზის საკმარისი რაოდენობა მილსადენისთვის.

გეოპოლიტიკაში [...] ამით ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე რეგიონის ენერგო სივრცეში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და თურქეთი იყო, ახლა მათ აზერბაიჯანიც დაემატა
ალექსანდროს პეტერსენი
ნაბუქო, ისევე როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი დასავლეთის - ევროკავშირისა და ამერიკის პროექტებად იყო მიჩნეული. ბი-თი-სიმ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები გადალახა, მათ შორის, ფინანსურიც და წარმატებით განხორციელდა, ნაბუქო კი ჩავარდა. რატომ მოხდა ასე?

მილსადენებზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო ჯამში ისინი კომერციული პროექტებია. მათ ფინანსური მოგება უნდა მოუტანონ ინვესტორებს. არც ერთი დიდი ინვესტორი არაეკონომიკურ პროექტში ფულს არ ჩადებს. ბი-თი-სით - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტით ბრითიშ პეტროლიუმი დაინტერესდა და კომპანიამ გააცნობიერა, რომ მილსადენი დიდ შემოსავალს მოუტანდა. მიუხედავად იმისა, რომ ბი-თი-სი გეოპოლიტიკური პროექტი იყო, ის მოგების მოტანის გარანტიასაც იძლეოდა. ნაბუქო კომერციული პროექტი არასოდეს ყოფილა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენი - ტაპი - არ არის ცუდი ჩანაცვლება. ის ასრულებს არა მხოლოდ ნაბუქოს მიერ დასახულ ბევრ გეოპოლიტიკურ მიზანს, არამედ კომერციულადაც მომგებიანია.

რა იქნება ტაპის მოცულობა და რა მარშრუტი ექნება მას?

სახელიდან გამომდინარე, ის ადრეატიკის ზღვით, საბერძნეთიდან ალბანეთის გავლით იტალიაში ჩადის და უერთდება ტრანს-ანატოლიის მილსადენს, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. ანუ ტაპი საბოლოო ჯამში სამ მილსადენს გააერთიანებს და არ მოითხოვს ერთი მეგა-მილსადენის აშენებას, როგორიც ნაბუქო უნდა ყოფილიყო.

გაზის რა რაოდენობაზეა საუბარი და რა ეკონომიკური უპირატესობა აქვს ტაპს?

ამ ორ მილსადენს შორის ორი ძალიან დიდი განსხვავებაა, ერთი ის არის რომ ტაპის საწყისი მოცულობა 10 მილიარდი კუბური მეტრია, ანუ ნაბუქოს მესამედი. მოგვიანებით შეიძლება მისი გაფართოება და 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, ტაპი იტალიაში ჩავა და არა ავსტრიაში.

ამ ეტაპზე ნაბუქოს ჩავარდნას ექნება თუ არა გავლენა რეგიონის გეოპოლიტიკაზე და განსაკუთრებით ევროპისა და რუსეთის ურთიერთობაზე?

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ამას გავლენა, სავარაუდოდ, ექნება. განსაკუთრებით, ისეთ ქვეყნებზე, სადაც გაზპრომს მონოპოლია აქვს და კრემლი ხშირად სწორედ ენერგო რესურსებს იყენებს ამ ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. თუმცა, ეს გავლენა დიდ ხანს ალბათ არ გაგრძელდება. ტაპს სავარაუდოდ არაერთი განშტოება ექნება, რომლებიც პირდაპირ ამ ქვეყნებში ჩაიტანს გაზს და შესაბამისად შეამცირებს მათ რუსულ გაზზე დამოკიდებულობას. ჩემი აზრით, ტაპს არაერთი გეოპოლიტიკური დანიშნულება აქვს, რომლებიც, განხორციელების შემთხვევაში, ნაბუქოსაც ექნებოდა.

დაახლოებით რა დაჯდება ტრანსადრიატიკული მილსადენის აშენება და ვინ არიან მასში მთავარი ინვესტორები?

ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა დაჯდება მილსადენის ყველა კომპონენტის აშენება. ასეთ შემთხვევებში დანახარჯები, როგორც წესი, მშენებლობის დაწყების შემდეგ მატულობს. რაც შეეხება ინვესტორებს - ნორვეგიული სტატოილი, რომელიც ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, წამყვანი ინვესტორია. სტატოილის გარდა პროექტს შაჰ დენიზ-2 კონსორციუმის წევრებიც დააფინანსებენ. კონსორციუმში კი შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა ბრითიშ პეტროლიუმი, აზერბაიჯანის სოკარი, ტოტალი და კიდევ რამდენიმე დიდი ენერგო-კომპანია, რომლებსაც რეალურად შესწევთ ძალა ასეთი პროექტები განახორციელონ.

ნაბუქო თავის დროზე გაზპრომის გიგანტური პროექტის - სამხრეთის ნაკადის - მეტოქე მილსადენად ითვლებოდა. მისი ჩავარდნის შემდეგ, რამდენად რეალურია სამხრეთის ნაკადის განხორციელება?

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამხრეთის ნაკადი ოცნების მილსადენი უფრო იყო, ვიდრე რეალური პროექტი. ჩემი აზრით, ის გეოპოლიტიკური ბერკეტი იყო ნაბუქოს წინააღმდეგ და სინამდვილეში განხორციელების რეალური შანსი არ ჰქონდა. არ მგონია, რომ ის განხორციელდეს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გაზპრომმა რაღაც მსგავსი მაინც ააშენოს, მაგალითად, ტრანს-შავი ზღვის მილსადენი. მაგრამ ამისთვის რუსეთში დამატებითი საბადოების ათვისება უნდა დაიწყოს, გაზპრომმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა ჩადოს ინფრასტრუქტურაში და ევროპელი პარტნიორები ინვესტირებაზე დაიყოლიოს. ამ სამი ელემენტიდან ჯერ არც ერთის პასუხი არ არის ცნობილი.

დაახლოებით რა თანხაა გათვლილი ამჟამად სამხდეთის ნაკადის აშენებაზე?

სხვადასხვა თანხა სახელდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საუბარია 60 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მილსადენის აშენებაზე - ანუ ნაბუქოზე დაახლოებით ორჯერ დიდზე, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. ეს ძალიან არარეალურია... გაზპრომთან ერთად თუ ეს პროექტი ვინმემ დააფიანანსა, ის, ჩემი ზარით, კარგი ბიზნესმენი არ უნდა იყოს.

ნაბუქოს ერთ ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა გაევლო. მისი გაუქმების შედეგად დაკარგავს თუ არა საქართველო სატრანზიტო მოსაკრებელს?

საქართველო სავარაუდოდ არაფერს დაკარგავს - შეიძლება მოსაკრებელი ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება შემდეგი მიზეზების გამო: ერთი ის არის, რომ საქართველოზე თვითონ ნაბუქოს მილების აშენება არ იყო დაგეგმილი. სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რომლეც უკვე გადის საქართველოზე სხვა მილსადენს შეუერთდებოდა ნაბუქოსთან დასაკავშირბლად. გარდა ამისა, ნაბუქოზე არ ვიცოდით სინამდვილეში აშენდებოდა თუ არა და შესაბამისად მიიღებდა თუ არა საქართველო სატრანზიტო თანხას. ტაპის შემთხვევაში კი ეს ზუსტად ვიცით.

საბოლოო ჯამში თქვენ ამბობთ, რომ ნაბუქოს გაუქმება მხოლოდ ეკონომიკურ გათვლებს უკავშირდება და მას გეოპოლიტიკასთან კავშირი ნაკლებად ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თავდაპირველად სწორედ ამ სახის გათვლებს ეფუძნებოდა და მისი ერთ-ერთი დანიშნულება ევროპის ენერგო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა იყო.

რეგიონში მთავარი გეოპოლიტიკური ცვილილება, რომელმაც უპირატესობა ტაპს მიანიჭა ის არის, რომ რეგიონში აზერბაიჯანის და სახელმწიფო კომპანია სოკარის პროფილი შეიცვალა. სოკარი ამჟამად უმსხვილესი ინვესტორია თურქეთის ენერგო სივრცეში და ასევე ძალიან აქტიურად აკეთბს ინვესტიციებს ევროპაშიც. ანუ, ამით ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე რეგიონის ენერგო სივრცეში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და თურქეთი იყო, ახლა მათ აზერბაიჯანიც დაემატა.
XS
SM
MD
LG