ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთის ნაკადს ფულთან ერთად გაზიც არ აქვს?


სამხრეთის ნაკადს ფულთან ერთად გაზიც არ აქვს?
სამხრეთის ნაკადს ფულთან ერთად გაზიც არ აქვს?

სამხრეთის დერეფნის ორ უმთავრეს მოთამაშეს ენერგეტიკასთან დაკავშირებით შეიძლება სირთულეები შეექმნას. რუსეთს სამხრეთის დინებისთვის ფული და გაზი არ აქვს, ხოლო თურქეთი ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევაზე ოცნებით ცეცხლს ეთამაშება.

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნაბუქოს მილსადენის პროექტის შესახებ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას ხელი მოეწერა. მიუხედავად შეთანხმებისა, პროექტის განხორციელების დაწყების თარიღი ჯერაც არა არის დადგენილი. სამხრეთის დერეფნის მომავალსა და პროექტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ფაქტორებზე ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ჯეიმსტაუნის ფონდის მკვლევარს, ბატონ ვლადიმირ სოკორს ესაუბრა.

სამხრეთის დერეფნის განვითარებაზე საუბრისას, ნაბუქოს კონტექსტში ყოველთვის აღინიშნება სამხრეთის ნაკადი, რომელიც ევროკავშირის მიერ წამოწყებული ნაბუქოსგან განსხვავებით, რუსეთის გაზპრომის პროექტია. რუსეთი აგრესიული სტრატეგიით ცდილობს სამხრეთის ნაკადისთვის პარტნიორი ქვეყნებისა და სპონსორების მონახვას. გასულ წელს ექსპერტთა შორის ეჭვიც კი გაჩნდა იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა ნაბუქო სამხრეთის ნაკადისთვის კონკურენციის გაწევას.

ბატონი სოკორის აზრით ნაბუქოს განხორციელების უფრო დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე სამხრეთის ნაკადს. მისი თქმით:

„ნაბუქო ევროკავშირივით მუშაობს, ნელა და დროში გაწელილი პატარა ნაბიჯებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სამხრეთის ნაკადზე წინაა. სამხრეთის ნაკადს უამრავი ისეთი რამ არ გააჩნია, რაც ნაბუქოს უკვე აქვს. მაგალითად, სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება, სპონსორების თანხმობა და რაც მთავარია მილსადენში პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გასაშვები გაზის მარაგი.“

სამხრეთის ნაკადს ფულთან ერთად გაზიც არ აქვს?
სამხრეთის ნაკადს ფულთან ერთად გაზიც არ აქვს?

გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ რა რესურსით აპირებს რუსეთი სამხრეთის ნაკადის შევსებას, უნდა აღინიშნოს, რომ გაზპრომის ეს პროექტი ყველაზე ამბიციური და ყველაზე ძვირად ღირებული მილსადენის პროექტია რუსეთისთვის. მან შავი ზღვის უაღრესად არასტაბილურ ფსკერზე ორი კოლომეტრის სიღრმეზე 900 კილომეტრი უნდა გაიაროს. გაპრომის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის წლიურ მოცულობა 63 მილიარდი კუბური მეტრია. ეს ნაბუქოს მოცულობას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება და მისი დაფინანსება 25-დან 30 მილიარდ ევრომდე დაჯდება, რაც ასევე თითქმის 4-ჯერ ძვირია ვიდრე ნაბუქოს ღირებულება.

ბატონი სოკორის თქმით, მიუხედავად სპონსორების სიმწირისა, სამხრეთის ნაკადს უმთავრესი პრობლემა არ აქვს გადაჭრილი:

„რუსეთს არასოდეს უთქვამს თუ რა რესურსით უნდა შეავსოთ ამხელა მოცულობის ნაკადი. რუსებს სამხრეთის ნაკადისთვის გაზი არ აქვთ. თუმცა ისინი რამდენიმეჯერ დაემუქრნენ უკრაინას, რომ სატრანზიტო მილსადენებში გამავალი გაზის გადამისამართებას სწორედ სამხრეთისკენ გააკეთებდნენ. მილსადენების ისტორიაში ეს ყველაზე უცნაური პროექტია, რადგანაც იგი იმედს ამყარებს არა ბუნებრივი აირის საბადოდან მოპოვებულ რესურსზე, არამედ სხვა ქვეყნის სატრანზიტო სისტემაში გამავალ გაზზე.“

სამხრეთის ნაკადი ბატონი სოკორის თქმით, მხოლოდ პოლიტიკური ბლეფია. მოსკოვი, პირველ რიგში, ამ მილსადენით დასავლეთს ეუბნება, რომ ნაბუქოს აშენებით ისინი ძალისხმევას გაიორმაგებენ, ხოლო მეორეს მხრივ კი, უკრაინას ემუქრება, რომ მის სატრანზიტო ინფრასტრუქტურას უფუნქციოდ დატოვებს, რაც უკრაინისთვის უდიდესი ეკონომიკური დარტყმა იქნება.

ენერგო უსაფრთხოება ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის ეროვნული უშიშროებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პრიორიტეტულ საკითხად იქცა. შესაბამისად, იზრდება გაზის მიმწოდებლებისა და სატრანზიტო ქვეყნების მნიშვნელობა და პოლიტიკური გავლენაც. იმ ფაქტს, რომ რუსეთი ენერგო რესურსებით პოლიტიკის მანიპულირებას ახორციელებს დამტკიცება, ალბათ, არ სჭირდება. მაგრამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა რეგიონალურმა ძალამ, თურქეთმა გადაწყვიტა ენერგო სამყაროში უფრო აქტიური როლის თამაში. კერძოდ, თურქეთს ევროპაში აღმოსავლეთიდან შემსული ენერგო რესურცების ცენტრად უნდა იქცეს. ეს ანკარას არა მხოლოდ უდიდეს გავლენას მიანიჭებს ევროკავშირის ქვეყნებთან, არამედ შესაძლოა ფასების მანიპულირების საშუალებაც მიანიჭოს.

იმაზე გახდება თუ არა თურქეთი ენერგო ცენტრი, ბატონმა სოკორმა თქვა:

„არა მგონია. ჩემი აზრით ეს დიდი თურქული ოცნებაა, რომელიც თურქეთს მოსკოვმა მიაწოდა. ამ ოცნებას რამდენიმე ევროპული სახელმწიფოც იზიარებს. თითოეული მათგანი პატარა ან სუსტი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი ენერგო რესურსები არ გააჩნია და საკუთარი უშიშროების უზრუნველსაყოფად სურთ ენერგეტიკურ ცენტრებად გადაქცევა. ენერგო ცენტრად გადაქცევა ნიშნავს იმას, რომ თურქეთი მომწოდებელი ქვეყნებისგან გაზს იყიდის დაბალ ფასებში და შემდეგ მას უფო ძვირად მიჰყიდის ევროპას. რუსეთი თურქეთს არასოდეს მისცეს იმის საშუალებას, რომ რუსული გაზი ტურქეთმა მიჰყიდოს ევროპას.“

ბატონი სოკორის აზრით, გარდა იმისა, რომ ანკარას ძალიან გაუჭირდება რუსეთისა და ირანის დაყოლიება იაფი გაზის მიყიდვაზე, ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევა თურქეთს ორ უარყოფით შედეგამდე მიიყვანს. ერთი ის, რომ ანკარას მოსკოვთან უპრეცენდენტო დაახლოება დასჭირდება, რაც მისთვის პოლიტიკურად ძალიან საშიში იქნება, ხოლო მეორეს მხრივ ის თურქეთს ევროკავშირთან ურთიერთობას გაურთულებს.

იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამხრეთის დერეფანთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის ნაწილიცაა დამოკიდებული. ნაბუქოს განხორციელების შემთხვევაში მილსადენის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას კიდევ ერთ გამამყარებელ ფაქტორს შესძენს და მეორეს მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტში სატრანზიტო მოსაკრებლებს შეიტანს. ხოლო სამხრეთის ნაკადის განვითარების შემთხვევაში, მილსადენი მთლიანად ზურგს აუვლის საქართველოს და დუსეთის პორტ დრუჟბას ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნასთან დააკავშირებს.

XS
SM
MD
LG