ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოტლანდიის ლიდერმა ნიკოლა სტარჯეონმა თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა


ოთხშაბათს, შოტლანდის პირველმა მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ის ამბობს, რომ პოლიტიკოსობა ნიშნავს იმის ცოდნას, თუ როდის არის იმის დრო, სხვებს გზა გაუთავისუფლო.

ედინბურგში, ოფიციალურ რეზიდენცია ბიუთ ჰაუზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას მან თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მისი თანამდებობის წნეხი ძალიან მძიმე იყო. ის კი არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ ადამიანიცაა.

„ბი ბი სის“ ცნობით, სტარჯეონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას და შოტლანდიის ეროვნულ პარტიას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თვეების განმავლობაში იდგა წინააღმდეგობრივი ვითარების წინაშე კანონის გამო, რომელიც ადამიანებს უადვილებს საკუთარი სქესი ოფიციალურ დოკუმენტებში შეცვალონ.

სქესის აღიარების ზომის მიღების გარშემო წინააღმდეგობრივი ვითარების მიუხედავად, სტარჯეონის გადაწყვეტილება პოლიტიკური დამკვირვებლებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მან ადრე პირობა დადო, რომ ბრიტანეთის მთავრობას ამ კანონის დაბლოკვის გამო სასამართლოში უჩივლებდა და ირწმუნებოდა, რომ სქესის აღიარების რეფორმის კანონპროექტზე ვეტოს დადებით, გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული მთავრობა „ღრმა შეცდომას“ უშვებდა.

ტრანსგენდერების უფლებადამცველი აქტივისტების მიერ მოწონებული კანონპროექტი, შოტლანდიაში 16 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, მხოლოდ საკუთარი განცხადების საფუძველზე, სამედიცინო დიაგნოზის ან სქესობრივი დისფორიის გარეშე, პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესის შეცვლის საშუალებას მისცემდა.

ასეთი კანონი შოტლანდიას გამოჰყოფდა გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებისგან, სადაც ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების შესატანად სამედიცინო დიაგნოზი მოითხოვება.

შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს ნაწილია, მაგრამ უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის მსგავსად, ფართო უფლებამოსილების მქონე ნახევრად ავტონომიური მთავრობა ჰყავს, რომლის კომპეტენციაში ჯანდაცვაც შედის.

XS
SM
MD
LG