ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანსგენდერებში სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია


წარწერა ბანერზე: "შეწყვიტეთ ჩემი ტრანსგენდერი და-ძმის მოკვლა" ლონდონში (ბრიტანეთი) გამართულ აქციაზე. 21 იანვარი, 2023 წ.
წარწერა ბანერზე: "შეწყვიტეთ ჩემი ტრანსგენდერი და-ძმის მოკვლა" ლონდონში (ბრიტანეთი) გამართულ აქციაზე. 21 იანვარი, 2023 წ.

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტრანსგენდერ ადამიანებში სიკვდილობის მაჩვენებლები 34-75%-ით უფრო მაღალია, ვიდრე არატრანსგენდერებში. მეცნიერთა ნაშრომი 30 იანვარს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ჯამა“.

ტრანსგენდერთა ჯგუფში ერთიანდება ინდივიდები, რომელთა გენდერული იდენტობა დაბადებით მინიჭებული სქესისგან განსხვავებულია. ბრიტანეთში მოსახლეობის 1%-ზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ადამიანი თავს ტრანსგენდერად მიიჩნევს.

კვლევაში საუბარია გარეშე მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილის შემთხვევებზე, როგორიცაა მაგალითად: სუიციდი, მკვლელობა, ენდოკრინული დარღვევები და ა.შ. კვლევა აჩვენებს, რომ აუცილებელია ინტერვენციის მეთოდების შემუშავება, რათა მოხდეს სუიციდის, მკვლელობის, შემთხვევითი მოწამვლის თუ სხვა ინციდენტების პრევენცია და ტრანსგენდერ ადამიანებში სიკვდილობის ფაქტების შემცირება.

ნაშრომის ავტორების აზრით, შემდგომი კვლევაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რა როლს თამაშობს ე.წ. უმცირესობის სტრესი სიკვდილობის მონაცემებში. ტრანსგენდერები გლობალურად ქრონიკული სტრესის რისკის ქვეშ ცხოვრობენ, რაც გამოწვეულია განმეორებითი ძალადობის ფაქტებით, დისკრიმინაციით, თუ ეკონომიკური და სოციალური მარგინალიზაციით.

არატრანსგენდერ ადამიანებთან შედარებით, ტრანსგენდერებში გაცილებით მეტია ალკოჰოლის და თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი. ადრეული კვლევების მიხედვით, უფრო მაღალია კიბოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილობაც. შიდსის გლობალური პრევალენტობა ტრანსგენდერ ქალებში თითქმის 50-ჯერ მეტია და 19%-ს შეადგენს.

ჯერ კიდევ კარგად არ არის შესწავლილი ჰორმონული თერაპიის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ლიმიტირებული მტკიცებულებით, ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ესტროგენის გამოყენება შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტს და იშემიურ ინსულტს უკავშირდებოდეს. ტრანსგენდერ მამაკაცებში (დაბადებით ქალებში) მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები 2-ჯერ და ზოგ კვლევაში 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე არატრანსგენდერებში.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ტრანსგენდერებში სიკვდილობის მაჩვენებელი გლობალურად კიდევ უფრო მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, განსაკუთრებით - ტრანსგენდერი ქალები (დაბადებით - კაცები). მკვლელობის შემთხვევების 96% სწორედ ტრანსგენდერ ქალებზე მოდის. ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, ტრანსჰობიური მკვლელობების რიცხვი ბოლო 6 წელში გაოთხმაგდა. შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ტრანსგენდერ ქალებში სუიციდის მცდელობა გამოკითხულთა 41%-ში დაფიქსირდა.

ახალ ბრიტანულ კვლევაში მეცნიერები 140 000-მდე ინდივიდს აკვირდებოდნენ, რომელთა საშუალო ასაკი 29-დან 36 წლამდე იყო. ტრანსგერდერთა ჯგუფში შედიოდა 1 951 ქალი (92% თეთრკანიანი) და 1 235 კაცი (90.4% თეთრკანიანი). მათი მონაცემები შეადარეს 68 004 ქალის (84.9% თეთრკანიანი) და 68 165 კაცისგან (84.9% თეთრკანიანი) შემდგარ, არატრანსგენდერთა ჯგუფის მონაცემებს. ანალიზი 2022 წლის თებერვალ-ივნისის პერიოდის მონაცემებს ასახავს.

კვლევა დაფინანსებულია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ. ნაშრომის ავტორები ლიმიტებს შორის ასახელებენ მცირერიცხოვან დაკვირვების ჯგუფს, ჰორმონული თერაპიის მონაცემთა არასრულ ბაზას, დაკვირვების ჯგუფში მრავალფეროვნების ნაკლებობას - მაგალითად, ნაკლებადაა წარმოდგენილი აზიური წარმოშობის ადამიანები და რამდენიმე სხვა ლიმიტს. ნაშრომის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის ჯამა“(JAMA) იანვრის გამოცემაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG