ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილის უკრაინული თავგადასავალი გრძელდება


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრიანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

უკრაინის მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის თავზე, სააკაშვილს მოქალაქეობა უკრაინამ გასულ ივლისს ჩამოართვა. მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, სააკაშილი უკრაინაში გასულ თვეს, ასობით მხარდამჭერის და დაცვის თანხლებით პოლონეთის საზღვრიდან შევიდა. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის ქალაქ ლვოვის სასამართლომ ის, დაახლოებით, 130 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაბრუნებას “კრიმინალს” უწოდებს მისი ყოფილი მოკავშირე და წარსულში თანამებრძოლი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც სამართალდამცავებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთისას კანონი არ დაურღვევია და უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრებს მოქალაქეობის საკითხს.

სააკაშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვს მიმართა.

არ მგონია დიდი, საჯარო საპნის ოპერები სასარგებლო იყოს.
ეველინ ფარკასი

სამშაბათს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა სააკაშვილის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა “რაც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, შეაჩერებს მის [საქარველოში] ექსტრადიციას,” განაცხადა ლუცენკომ. მისი თქმით, სააკაშვილის მოთხოვნას შესაბამისი უწყება შეისწავლის, რასაც “რამდენიმე კვირა დაჭირდება.”

საქართველოს და უკრაინის საკითხებზე ვაშინგტონში მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის არსებულ დაძაბულობას უკრაინის პრობლემებიდან ყურადღება ამ დაპირისპირებაზე გადააქვს:

“ეს პიროვნული პრობლემები, მოვლენების სერიალის მსგავსად განვითარება არ ადგება არც საქართველოს და არც უკრაინას. ამ ხმაურს, რაც სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტ პოროშენკოსთან მის ურთიერთობას მოჰყვა, ყურადღება გადააქვს. ეს არ არის საკითხი, რაზეც უკრაინა ან საქართველო უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი,” ამბობს ეველინ ფარკასი, “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი და თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილი ასისტენტი.

ჩემი აზრით, უკრაინელების უმრავლესობას არ სურს ამ საკითხზე დროის დახარჯვა.
დევიდ კრემერი,

ფარკასის თქმით, შექმნილი ვითარება არც ერთი ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის: “არ მგონია დიდი, საჯარო საპნის ოპერები სასარგებლო იყოს. ახლა უკრაინას შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დინამიკაში ფხიზელი და ფოკუსირებული მიდგომა სჭირდება, უნდა ფოკუსირდეს კორუფციასთან ბრძოლაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, კანონის უზენაესობაზე, საშუალო უკრაინელების კეთილდღეობაზე.”

დევიდ კრემერი და ეველინ ფარკასი
დევიდ კრემერი და ეველინ ფარკასი

ფარკასის შეფასებას იზიარებს დევიდ კრემერი, “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.

“ჩემი აზრით, უკრაინელების უმრავლესობას არ სურს ამ საკითხზე დროის დახარჯვა. როგორც ჩანს, ეს არის პრობლემა სააკაშვილს და პოროშენკოს შორის, რაც უკრაინელებს, ქვეყანას და მთავრობას აცდენს პრიორიტეტული საკითხებიდან. ვფიქრობ არ იყო აუცილებელი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოროშენკოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ მათთვის, ყველასთვის, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რაზეც უნდა მუშაობდნენ,” ამბობს კრემერი.

ის იმედოვნებს, რომ ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება შეძლებენ ქვეყნის მთავარ პრობლემებზე ფოკუსირებას, როგორიცაა სუვერენიტეტის დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური განვითარება. ამ საქმეში კრემერს ურკაინის სამოქალაქო საზოგადოების იმედი აქვს, “სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს უკრაინის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ მთავარ ძალას,” დასძენს ის.

სანამ სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე უკრაინის პასუხს მიიღებს, ის 17 ოქტომბრის აქციისთვის ემზადება. კიევში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ის ანტი-კორუფციული სასამართლოს შექმნას, პარლამენტარებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას და ახალი საარაჩევნო კანონმდებლობის შექმნას მოითხოვს. მხარდამჭერებს მან “ეშმაკის დასამარცხებლად” დახმარება სთხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG