ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პერტო პოროშენკომ ოთხშაბათს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ვარდების რევოლუციის ლიდერი დღესდღეობით, არც-ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის.

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე 2015 წლის მაისში გახდა, როცა ის პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ავტომატური პროცესია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის პასპორტს იღებს.

პოროშენკოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, უკრაინის მიგრაციის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდის თანახმად, პრეზიდენტს სააკაშვილის მოქალაქეობის შეჩერების საქმე გაეგზავნა, რომელსაც თან ერთვოდა საქართველოდან მანამდე უცნობი დოკუმენტაცია. მიგრაციის სამსახურმა იმავე განცხადებაში კანონები ჩამოთვალა, რომლებიც ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არეგულირებს. მათ შორის ერთ-ერთის მოქალაქეობის განცხადებაში მცდარი ინფორმაციის შეტანა.

სააკაშვილმა ოთხშაბათ საღამოს, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და იუტუბში ვიდეო განცხადება გამოაქვეყნა. „მე უბრალო უკრაინელი ვარ,“ ასე დაიწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება. „დღეს მე ისეთივე მეთოდებით მიდგებიან, როგორც უკრაინის პროკურორები ან ბიუროკრატები რიგით უკრაინელებს უდგებიან, რომელთა უფლებასაც აფურთხებენ.“

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკომ მას მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვა, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს და დასძინა, რომ „არის მცდელობა ლტოლვილობა მაიძულონ. ეს არ მოხდება. მე სხვაგან არ დავრჩები და სტატუსს არ შევიცვლი.“

გუშინვე ანტონ გერაშენკომ, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ასევე ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის განცხადებაში არსად იყო მითითებული ის, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს დაპატიმრების სანქცია ჰქონდა გაცემული.

საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიცია, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ორჯერ სთხოვა. ეს თემა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს 18 ივლისს თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროსაც წამოიჭრა.

თავდაპირველად პოროშენკომ თქვა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. რამდენიმე საათში კი განმარტა, რომ უკრაინის პროკურატურამ ექსტრადიციაზე უარი საქართველოს მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლებობის გამო თქვა. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულად სააკაშვილის ექსტრადიციის თემა ქართველ ოფიციალურ პირებთან განხილული არ ყოფილა. მან ასევე დასძინა, რომ ექსტრადიცია „წმინდად ლეგალური საკითხია“ და თუ სააკაშვილის კრიმინალური საქმიანობა დადასტურდა, უკრაინა „შესაბამისად მოიქცევა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG