ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში აქციები არ წყდება - რუსეთი ლუკაშენკოს საკონსტიტუციო რეფორმებისკენ მოუწოდებს


უკვე 4 თვეა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მოთხოვნით - გადადგეს ალექსანდრე ლუკაშენკო და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. დარბეული აქციებისა და დაკავებული ადამიანების პარალელურად, დასავლეთი უფრო და უფრო ამკაცრებს ლუკაშენკოს და მისი გუნდისთვის დაწესებულ სანქციებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირისპირ შეხვედრაზე ლუკაშენკოს კრემლში დადებული პირობის შესრულებისკენ მოუწოდა.

საუბარია საკონსტიტუციო რეფორმების გატარებაზე, რომელიც ბელარუსში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. რამდენიმე კვირის წინ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ლუკაშენკომ თქვა, რომ ცვლილებებს განახორციელებდა.

პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრის დროს, საუბარი ბევრ საკითხს შეეხო. ბელარუსმა არაერთი დახმარება მიიღო რუსეთისგან, მათ შორის ფინანსური - 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თქვა რომ შეთანხმება რომელიც მხარეებს შორის დაიდო, ბოლომდე უნდა შესრულდეს და ბელარუსში პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ალექსანდრე ლუკაშენკომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოს.

"პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ბელარუსში საკონსტიტუციო რეფორმებით,"- თქვა ლავროვმა მინსკში ვიზიტის დროს.

ბელარუსის მოქმედმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ფიცი მალულად დადო. ლუკაშენკო დღემდე ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა უშვებს იმასაც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართოს.

მინსკში ყოფნის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან არ უსაუბრია, დასავლეთი კი დაწესებული სანქციების გამო გააკრიტიკა.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს, არჩევნების შედეგებს არ ცნობს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG