ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები ლუკაშენკოს ხელისუფლებას და პუტინის შიშები


“არსებობს არგუმენტი, რომ ბელარუსი არ არის ევროკავშირის წევრი, არ არის დასავლური საზოგადოების წევრი, მაგრამ ისინი ევროპის მოქალაქეები არიან და უკეთეს მოპყრობას იმსახურებენ. დიახ, ამას დრო სჭირდება, მაგრამ ვინ დაიცავს მათ ინტერესებს, თუ არა - ჩვენ? ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუკაშენკოს ხელისუფლების წევრთა წინააღმდეგ სანქციებისა თუ სხვა ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრისას. ლიეტუვამ ბელარუსიდან დევნილი თუ გაქცეული არაერთი ოპოზიციონერი შეიფარა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. არჩევნებს, რომელსაც წინაც არაერთი დარღვევა და ოპოზიციონერების დაკავება უძღოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას დღემდე ქუჩაში, საპროტესტო აქციებით ითხოვენ. ლუკაშენკოს მთავრობამ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, უამრავი დაშავებული და დაკავებული, გაყალბებულ არჩევნებთან ერთად, დასავლეთის შეფასებით, მისი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

ევროპაში ორი დიქტატორიადა არა - ერთი. ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან. ლუკაშენკოს რეჟიმის დასაცავად ვლადიმირ პუტინს საკუთარი ინტერესები აქვს. ლუკაშენკოს რეჟიმის დაცემა, მით უფრო ქუჩიდან, მისთვისაც საშიშია. ეს მინიშნებაა მის შესაძლო მომავალზე, იმაზე, რაც შეიძლება 2024 წელს რუსეთის ქალაქებში ხდებოდეს.
ვლადიმირ კარა-მურზა

გასული კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ბელარუსში 8 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების საფუძველი სწორედ არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მათ მიერ შესრულებული როლია. ამერიკელმა კანონმდებლებმა ბოლო 16 წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ დაამტკიცეს „ბელარუსის დემოკრატიის აქტის“ განახლებული ვერსია, კანონპროექტი, რომელიც ავტორიტარ ლიდერსა და მის მოკავშირეებს სანქციებს უწესებს.

კონგრესმენი ქრის სმითი, ნიუ-ჯერსის რესპუბლიკელი წარმომადგენელი პალატაში, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ ბელარუსის პოლიციის სისასტიკემ საზოგადოება შეძრა და ამერიკელი კანონმდებლები მათი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ: „ჩვენ სახელები გვინდა, როდესაც სანქციებს ვაწესებთ, რაც მეტი [კონკრეტული] სახელი გვექნება, მით უკეთესი. რადგან ამჯერად დანებებას არ ვაპირებთ“, - ამბობს კონგრესმენი.

სმითი „ბელარუსის დემოკრატიის აქტის“ მეოთხე განახლების ავტორია. ის გასულ კვირას პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა. აქტში გაფართოებული და განახლებულია აქამდე - 2004, 2006 და 2011 წლებში - დაწესებული ეკონომიკური სანქციები და მოგზაურობის შეზღუდვები „ბელარუსის მთავრობის წევრებისა და რუსეთის იმ მოქალაქეების უფრო ფართო სიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ძალადობაში."

„ეს [სანქციები] ეფექტური იქნება. ჩვენ ლუკაშენკოსთან გარდამტეხ ეტაპს მივაღწიეთ“, - ამბობს ქრის სმითი.

"ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს საკუთარი ლიდერების ასარჩევად და მათი რეალიზაციისთვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, ბელარუსი ლიდერები ძალადობით შეხვდნენ," - თქვა ამერიკის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები, მის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჩადენილი დანაშაულებისთვის საფასურს უწესებს ბელარუს ლიდერებს და ისინი ერთსულოვანნი არიან ამ მისიაში.

მინსკი, 4 ოქტომბერი, 2020.
მინსკი, 4 ოქტომბერი, 2020.

პარასკევს ევროკავშირის ლიდერებიც შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ 40-მდე ოფიციალური პირისთვის იმავე მიზეზით სანქციები დაეწესებინათ. კვიპროსის წინააღმდეგობის გამო შეფერხებული, მაგრამ მაინც დამტკიცებული გადაწყვეტილების თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თუმცა არა პირადად ალექსანდრ ლუკაშენკო. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლუკაშენკო შესაძლოა სიას მომდევნო კვირებში დაემატოს, თუკი ის ოპოზიციასთან დიალოგს არ დათანხმდება. "ჩვენ მოვლენათა განვითარებას მივყვებით", - აცხადებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი.

ლუკაშენკოს მთავრობის ქმედებებს გმობენ კანადა და გაერთიანებული სამეფოც, რომლებმაც საკუთარი სანქციებიც გამოაქვეყნეს. მცირერიცხოვან ოფიციალურ პირებს შორის ალექსანდრ ლუკაშენკოცაა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ევროკავშირის განცხადებიდან რამდენიმე საათშივე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპასუხო სანქციებს აწესებს, თუმცა ევროკავშირის რომელი კონკრეტული წარმომადგენლების დასჯას აპირებს ლუკაშენკო, ცნობილი არ არის.

ლინკევიჩიუსი კრემლს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ბელარუსის საქმეში, შეწყვიტოს „წარმავალი“ ლიდერის მხარდაჭერა, მით უმეტეს, არ მიმართოს სამხედრო ჩარევის გზას. რადგან მოსახლეობის პროტესტი არის ხელისუფლებით უკმაყოფილების შედეგი და არა ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ან დასავლეთის არჩევა რუსეთის წინააღმდეგ.

ბელარუს აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის სანქციები ლუკაშენკოსთვის მნიშვნელოვანი და სწორი გზავნილებია, თუმცა ქვეყნის ლიდერისთვის დასავლეთის წნეხი მისი თითქმის 30-წლიანი მმართველობის პირობებში, უცხო ნამდვილად არ არის. ყოფილი ბელარუსი დიპლომატი, ვალერი კავალეუსკი ამბობს, რომ ახლა მიღებული ზომები დამაკმაყოფილებელი და სრულყოფილი არ არის, რადგან ისინი ლუკაშენკოს არ აიძულებს შეიცვალოს ქცევა. თუმცა აქტივისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად ყველაზე განსხვავებული მაინც ბელარუსი ხალხის მრისხანების მასშტაბია. მოსახლეობა უკვე მერვე კვირაა ქუჩაში გამოდის და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან ერთად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

სვიატლანა ციხანუსკაია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მისი ქმრის, მანამდე ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების შემდეგ გახდა და დემონსტრანტთა აზრით, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღო, ამბობს, რომ სანქციები "მცირე გამარჯვებაა".

ლუკაშენკომ კი, რომელიც თითქმის 30 წელია ქვეყნის სათავეშია, 23 სექტემბერს პრეზიდენტის ფიცი უკვე მეექვსედ დადო, წინასწარ დაუანონსებელ ღონისძიებაზე. თუმცა ინაუგურაციის გასაიდუმლოებულ ცერემონიას ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ უქცევია. ლუკაშენკოს „დიქტატორთან“ ერთად, ახლა უკვე „სამართლებრივად ვადაგასულ“ პრეზიდენტსაც უწოდებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ სანქციები - პოლიტიკური და ფინანსური წნეხი - დასავლეთის რეაგირების მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა იყოს. მიზანი კი არა მხოლოდ ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის დასჯა, არამედ, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დახმარებაა, რათა მის წევრებს საკუთარი მომავლის თავად შექმნა შეეძლოთ.

მინსკი, ბელარუსი, ანტისამთავრობო პროტესტი
მინსკი, ბელარუსი, ანტისამთავრობო პროტესტი

„ეს არ არის ერთი დღის საქმე. ამასთან, ეს თანმიმდევრული ძალისხმევა უნდა იყოს. არა მხოლოდ მათი ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინც გააკეთა ის, რაც გააკეთა. მაგრამ ასევე ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ამ ხალხისთვის უნდა დავსახოთ პრესპექტივა, რომელშიც ისინი თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობენ. და ეს პერსპექტივა უნდა დაინახონ ისე, რომ ისინი ამას იმსახურებენ, ყველანი“, - ამბობს ლინკევიჩიუსი.

ბელარუსი და კრემლის ინტერესები

რუსეთი დასავლეთს, ბელარუსის მსგავსად, სანქციებით პასუხობს. პარასკევსვე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ ევროკავშირი ამ ნაბიჯისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსეთი უერთდება ბელარუსის საპირისპირო სანქციების სიას და ის დაუყოვნებლივ ამოქმედდება. მისი თქმით, ამას რუსეთსა და ბელარუსს შორის "ერთობის ხელშეკრულებით" გათვალისწინებული ვალდებულებაა.

ლინკევიჩიუსი კი კრემლს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ბელარუსის საქმეში და შეწყვიტოს „წარმავალი“ ლიდერის მხარდაჭერა, მით უმეტეს, არ მიმართოს სამხედრო ჩარევის გზას. რადგან მოსახლეობის პროტესტი არის ხელისუფლებით უკმაყოფილების შედეგი და არა ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ან დასავლეთის არჩევა რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ეს შეიძლება ვლადიმირ პუტინს ეჩვენებოდეს. კრემლი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას სთავაზობს, ბელარუსი ლიდერების მსგავსად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დასავლეთს ადანაშაულებს და ნატოს მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაზეც კი საუბრობდა.

რუსი ოპოზიციონერისა და ისტორიკოსის ვლადიმირ კარა-მურზასთვის კი შემაშფოთებელია ფრაზა, რომლითაც ლუკაშენკოს დასავლეთში ხშირად მოიხსენიებენ - „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“. მისი თქმით, ევროპაში ორი დიქტატორია და არა - ერთი. ლუკაშენკოს დაცემა კი, პირადი ანტიპათიის მიუხედავად, პუტინისთვის არც ისე სასურველი სცენარია. მით უფრო, არც ისე სახარბიელო მაგალითი რუსეთის ისედაც კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობისთვის:

არ მგონია, რომ ის ღია სამხედრო ინტერვენციის ან ანექსიის გზით წავიდეს. ეს რუსეთში უკმაყოფილებას გამოიწვევს. პუტინს საკმარისი პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნითაც. ნახეთ, ხაბაროვსკის პროტესტი ან ის, რა ხდებოდა მოსკოვის ქუჩებში ბოლო ადგილობრივი არჩევნებისას. პუტინს საკმარისი სირთულეები აქვს ქვეყნის შიგნით საიმისოდ, რომ მზარდ პროტესტს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებიც დაუმატოს.
ვლადიმირ კარა-მურზა

„ევროპაში ორი დიქტატორია, ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან. ლუკაშენკოს რეჟიმის დასაცავად ვლადიმირ პუტინს საკუთარი, მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ის მთელ მსოფლიოში უჭერდა მხარს დიქტატორებს, იქნებოდა ეს ისეთი მოშორებული ადგილები, როგორიც სირია და ვენესუელაა, თუ ბელარუსი. ბელარუსთან დაკავშირებული ამბავი, ძლიერ განსხვავებულია, არა მხოლოდ ხალხებისა და კულტურების მსგავსებით, არამედ პოლიტიკური რეჟიმების მსგავსებითაც“, - ამბობს კარა-მურზა, ბორის ნემცოვის სახელობის ფონდის პრეზიდენტი და იხსენებს, რომ 20 წლის წინ, პუტინის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ დაწყებულ რეპრესიებს - თავისუფალი მედიის დახურვას, არჩევნების გაყალბებას, ოპონენტების დაპატიმრებას - მოკლული ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი „რუსეთის ლუკაშენკოზაციასაც“ კი უწოდებდა. ეს ნაბიჯები ლუკაშენკოს უკვე გადადგმული ჰქონდა, როდესაც ვალდიმირ პუტინი ძალაუფლების კონსოლიდირებას იწყებდა„როდესაც ვლადიმირ პუტინი ხედავს, რა ხდება დღეს ბელარუსის ქუჩებში, ეს მისთვის შემაშფოთებელია. საშიშია ლუკაშენკოს რეჟიმის დაცემა, მით უფრო ქუჩიდან. ეს მისთვის მინიშნებაა მის შესაძლო მომავალზე, იმაზე, რაც შეიძლება 2024 წელს რუსეთის ქალაქებში ხდებოდეს. თუკი პუტინი ლუკაშენკოს დაცემის საშუალებას მისცემს, ის მართლაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად დარჩება და მისი აზრითაც და რეალობაშიც, ის თავად იქნება შემდეგი“, - განმარტავს კარა-მურზა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიმართავს პუტინი არაერთ, კარგად ნაცად ჰიბრიდულ მეთოდს ლუკაშენკოს რეჟიმის დასახმარებლად, თუმცა კარა-მურზა ფიქრობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, პუტინს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვისაც, რომ ბელარუსის საქმეში ასეთი ღია, მით უფრო სამხედრო ინტერვენცია არ დაიწყოს:

„არ მგონია, რომ ის ღია სამხედრო ინტერვენციის ან ანექსიის გზით წავიდეს. ეს რუსეთში უკმაყოფილებას გამოიწვევს. პუტინს საკმარისი პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნითაც. შეხედეთ, რა ხდება ხაბაროვსკში ბოლო ორი თვის განმავლობაში, სადაც ათობით ათასი ადამიანი ადგილობრივი გუბერნატორის დათხოვნას აპროტესტებდა და შემდეგ ეს ანტისამთავრობო პროტესტად იქცა. ნახეთ, რა ხდებოდა მოსკოვის ქუჩებში, როდესაც ბოლო ადგილობრივი არჩევნებისას ოპოზიციის კანდიდატები დაბლოკეს. პუტინს საკმარისი სირთულეები აქვს ქვეყნის შიგნით საიმისოდ, რომ უკვე არსებულ და მზარდ პროტესტს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებიც დაუმატოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG