ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ხაჯიმბას ქართველების აშენებულ აგარაკზე შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ ბიჭვინთაში

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრენით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ 2008 წლის ომის შედეგები "გადახედვას არ ექვემდებარება" და მოსკოვი არ აპირებს დაპყრობილი ქართული მიწების გათავისუფლებას.

მიმომხილველთა აზრით, ეს იყო კრემლის მყისიერი პასუხი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე თბილისში, რა დროსაც მაიკ პენსმა რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია ღიად დაგმო და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

პუტინმა აფხაზეთში ჩასვლა ტუვაში გადაწყვიტა
პუტინმა აფხაზეთში ჩასვლა ტუვაში გადაწყვიტა

პუტინი ზუსტად ამ დროს, მონღოლეთის საზღვარზე, ტუვის რესპუბლიკაში წერზე და ქირჭილაზე თევზაობით ერთობოდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1 აგვისტოს, სწორედ ტუვის ტაიგიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს მოინახულებდა.

8 აგვისტოს პუტინი მოსკოვიდან ჯერ სოჭში ჩაფრინდა, შემდეგ კი ოკუპირებულ ბიჭვინთაში ვერტმფრენით გადაფრინდა. რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის მიზნით, პუტინის შვეულმფრენთა ესკადრილია ტრადიციულად, რამდენიმე, ერთნაირი MI-8MTV ტიპის ვერტმფრენისგან შედგებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის გადაფრენა სოჭიდან ბიჭვინთაში
რუსეთის პრეზიდენტის გადაფრენა სოჭიდან ბიჭვინთაში

ოკუპირებულ ანკლავში პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა, "გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების" გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ ბოლომდე დაიცავს:

აფხაზეთთან განსაკუთრებული, სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ჩვენ ვუზრუნველყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას"
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

„ყველაზე მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთთან განსაკუთრებული, სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალშიც.“

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ოკუპირებული სოხუმის „საქალაქო საბჭოს“ „თავმჯდომარე“ კონსტანტინე ფილიამ ოფიციალური წერილით მიმართა აფხაზთა ლიდერ ხაჯიმბას და სოხუმის ცენტრალური პარკისთვის ვლადიმირ პუტინის სახელის მინიჭება ითხოვა.

ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ პარკს შესაძლოა პუტინის სახელი მიანიჭონ
ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ პარკს შესაძლოა პუტინის სახელი მიანიჭონ

ვინაიდან ვიზიტი სასწრაფო წესით დაიგეგმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრეზიდენტი პუტინი საერთოდ არ ჩასულა ოკუპირებულ სოხუმში. იგი ხაჯიმბას ორი საათით, ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალში მდებარე სახელმწიფო აგარაკზე - ჩაიკა მ-ში შეხვდა.

ამ აგარაკის მშენებლობა 1988 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით დაიწყო, არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი იყო, ხოლო შიდა დიზაინის დიდი ნაწილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელს ეკუთნის.

ჩაიკა მ-ი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, თუმცა კავშირი ისე დაინგრა რომ აგარაკის დასრულება ვერ მოესწრო და გორბაჩოვიც იქ ერთხელაც არ ყოფილა.

1993 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისმა აფხაზეთის ავტონომიაზე კონტროლი დაკარგა, მიუსერაში უკვე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები ცხოვრობენ.

"გორბაჩოვის დაჩა" - სახელმწიფო აგარაკი ჩაიკა მ-ი ოკუპირებულ მიუსერაში
"გორბაჩოვის დაჩა" - სახელმწიფო აგარაკი ჩაიკა მ-ი ოკუპირებულ მიუსერაში

რაულ ხაჯიმბამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ იგი აფხაზეთს სიმბოლურად, სწორედ 8 აგვისტოს ეწვია:

მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადამჭრელმა მოქმედებებმა გახადა შესაძლებელი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების შენარჩუნება"
რაულ ხაჯიმბა, აფხაზთა ლიდერი

„8 აგვისტო, ეს სამახსოვრო თარიღია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადამჭრელმა მოქმედებებმა გახადა შესაძლებელი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების შენარჩუნება და დამოუკიდებლობის შემდგომი აღიარება, რისთვისაც უღრმესს მადლობას გეუბნებით.“

ოკუპირებულ ანკლავში არსებული სრული ქაოსის ფონზე (რუსი ტურისტების მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, არასრულწლოვანთა გაუპატიურება, საბრძოლო მასალების აფეთქება, რამაც ასევე რუსი ტურისტების სიცოცხლე შეიწირა) ხაჯიმბას კლანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო პუტინის ღია მხარდაჭერა.

პუტინი აფხაზებს 2020 წლამდე 6 მილიარდი რუბლის (დაახლოებით - 100 მილიონი აშშ დოლარის) „ინვესტიციის“ გამოყოფას დაპირდა. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, ბოლო 9 წლის მანძილზე - რუსეთმა აფხაზეთის "შესანახად" - 37 მილიარდი (616 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო „სამხრეთ ოსეთში“ - 52 მილიარდი რუბლი (867 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა. ექსპერტთა აზრით, ამ თანხების 50 პროცენტი უბრალოდ გამქრალია.

ორსაათიანი ვიზიტის შემდეგ, პუტინმა ოკუპირებული ბიჭვინთა ისევ ვერტმფრენით დატოვა და თან ხაჯიმბაც გაიყოლა. მათ, მოგვიანებით, სოჭში, უკვე პრემიერ მედვედევთან ერთად, საბრძოლო სამბოს ტურნირს მიადევნეს თვალი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ოკუპირებულ ბიჭვინთაში ჩასვლა, "საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG