ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას არ აპირებს


გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან უკვე 10 თვე გავიდა, თუმცა მისი მკვლელი 29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ამ დრომდე დაკავებული არ არის.

რუსეთისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)“ რიგით 44-ე შეხვედრაზეც უარი უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას კანჯი ოღლის გადმოცემაზე.

2016 წლის დეკემბერში, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლი ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2017 წლის 10 მარტს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და მას სასჯელი 14 წლამდე დაუმძიმა.

ფორმალური „სისხლის სამართლის საქმე“ კანჯი ოღლის მიმართ, ოკუპირებულ აფხაზეთშიც არის აღძრული, თუმცა „აფხაზური გამოძიება“ ფორმალური „შინა პატიმრობის“ იქეთ აღარ წასულა. როგორც აფხაზური, ისე ქართული წყაროების ცნობით, კანჯი ოღლი თავისუფლად გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის შიგნით და რუსეთის ტერიტორიაზე.

17 მარტიდან, კანჯი ოღლი უკვე ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით იძებნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია კანჯი ოღლი დააპატიმროს და თბილისს გადმოსცეს.

თუმცა, მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯული ჭანტურია მაინც პესიმისტურად არის განწყობილი:

ასე მგონია, რომ რუსებისთვის ეს გადაწყვეტილება არ იქნება დამაბრკოლებელი. აფხაზებიც რამდენად გაითვალისწინებენ ინტერპოლით ძებნას, დააკავებენ თუ არა და გადმოსცემენ მას ქართულ მხარეს, არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია.“
ჯული ჭანტურია, მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა

„ერთადერთი, რასაც მე ვითხოვ და რაც მინდა არის ის, რომ ეს ადამიანი დაისაჯოს იმ ვადით, რა სასჯელიც მას სასამართლომ კანონიერად გამოუტანა. ეს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეც არის.

რაც შეეხება ინტერპოლით ძებნას, არ ვიცი, ასე მგონია, რომ რუსებისთვის ეს გადაწყვეტილება არ იქნება დამაბრკოლებელი. აფხაზებიც რამდენად გაითვალისწინებენ ამას, დააკავებენ თუ არა და გადმოსცემენ ქართულ მხარეს, არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია.“

ოთხოზორიებს ოჯახს პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. ინტერპოლის ძებნილთა სიაში 2008 წლიდან არიან: სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი „სამხედრო პროკურორი“ ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, სოხუმის „უშიშროების სამსახურის“ წარმომადგენლები - ვახტანგ უბირია და აფრიკან ბგანბა.

ამ ადამიანებმა, 2001 წელს, ბიჭვინთაში, დედასთან სტუმრად ჩასული, ეთნიკური ქართველი ლევან მამასახლისი ჯერ აწამეს, შემდეგ საქმე „შეუკერეს“ და „ტერორიზმის მუხლით“ ციხეში 12 წლით გაუშვეს. მამასახლისის გათავისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ, მხოლოდ 2007 წლის თებერვალში მოხერხდა.

2008 წლის მარტში კი ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად, უბირიას და ბგანბას 14-14 წლით, ხოლო ნაჩაჩ-ოღლის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარალელურად, თბილისის მოთხოვნით, ინტერპოლის ხაზით მათზე ძებნა გამოცხადდა.

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ძებნის სისტემაში მოხვედრის მიუხედავად, უბირია და ბგანბა მაინც ახერხებენ გადაადგილებას, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ტერიტორიაზე.

ნაჩაჩ ოღლიმ, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, მანამდე გვარი გამოიცვალა და ნაჩაჩი გახდა. სიკვდილამდე რუსეთსა და თურქეთში მანაც უპრობლემოდ იმოგზაურა. უცნაურია, მაგრამ ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში ნაჩაჩ-ოღლის გვარი დღემდე ფიგურირებს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პრინციპულია გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის მოთხოვნის საკითხში, თუმცა, მისი აზრით, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს:

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის ეს პირი დაისაჯოს, თუმცა ეს არის ძალიან რთული თემა, საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება“
სოფიო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის ეს პირი დაისაჯოს, თუმცა ეს არის ძალიან რთული თემა, საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება.“

საქართველოს მოქალაქე 31 წლის გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა საოკუპაციო რეჟიმის „მებაჟეებთან“, რის შემდეგაც ისინი ოთხოზორიას დაედევნენ, ერთ-ერთმა მათგანმა რაშიდ კანჯი ოღლიმ გიგას რამდენჯერმე ესროლა, წაქცეული კი საკონტროლო გასროლით მოკლა.

გიგა ოთხოზორია, გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი იყო. იგი ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

XS
SM
MD
LG