ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 წელი და „ოთხოზორიები რუსეთის წინააღმდეგ“


გიგა ოთხოზორიას მკვლელს, რაშიდ კანჯი ოღლის სასამართლომ 12 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელს რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ზუგდიდის სასამართლომ გუშინ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რეზონანსული მკვლელობის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ, სამი თვის წინ დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, Skype-ის საშუალებით, მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ოკუპირებული გალის რაიონიდან.

მათ სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, რომ აფხაზი „მებაჟე“, რომელმაც 2016 წლის 19 მაისს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ხურჩაში, უკიდურესი ცინიზმით, გიგა ოთხოზორია მოკლა, ნამდვილად, რაშიდ კანჯი ოღლია. იგი ამჟამად ტყვარჩელთან ახლოს, სოფელ აკამარაში ცხოვრობს.

რაშიდ კანჯი ოღლი
რაშიდ კანჯი ოღლი

რაშიდ კანჯი ოღლის ინტერესებს სასამართლოზე, სახაზინო წესით დანიშნული ზუგდიდელი ადვოკატი, მთვარისა ბიგვავა იცავდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურის გამოძიება არასრულყოფილია და წარმოდგენილი მასალებით, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ოთხოზორია ნამდვილად კანჯი-ოღლიმ მოკლა.

12 წლიანი განაჩენის მიუხედავად, უკმაყოფილო დარჩნენ გარდაცვლილის დედა ჯული ჭანტურია და ქვრივი ნინო მატკავა. როგორც ჯული ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ ეს განაჩენი აღსრულდება.

არ ვიცი..აღსრულებადია ეს განაჩენი? არა მგონია. მკვლელი თავისუფლად დადის, არც დაკავებულია და არც არაფერი“
ჯული ჭანტურია, გიგა ოთხოზორიას დედა

„არ ვიცი..აღსრულებადია ეს განაჩენი? არა მგონია. მკვლელი თავისუფლად დადის, არც დაკავებულია და არც არაფერი.“

ზუგდიდში მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებდა მოლაპარაკებას სოხუმის რეჟიმთან, რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.

იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტულ სოხუმს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის მასალები გადასცა, აფხაზურმა მხარემ არც კი დააკავა კანჯი ოღლი და მას, მხოლოდ, ფორმალური შინაპატიმრობა შეუფარდა.

საინტერესოა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიებისას, ზუგდიდელი გამომძიებელი რაშიდ კანჯი ოღლის ტელეფონითაც კი დაუკავშირდა, თუმცა მან მობილური გათიშა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ელოდება პასუხს ინტერპოლიდან, სადაც გადაგზავნილია შესაბამისი მიმართვა და მასალები კანჯი ოღლიზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით.

პრორუსული ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სინამდვილეში, შეზღუდვა დაწესებული არ აქვს და იგი პირიქით, სამსახურში დააწინაურეს:

მკვლელი დასჯილი არ არის. მეტს გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაწინაურებულია“
არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორეს საზოგადოება

„საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვა და პირობა დადო რომ აუცილებლად დაისჯებოდა ოთხოზორიას მკვლელი. შემდგომში, რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მკვლელი თითქოს უკვე დასჯილია. დასჯილი არ არის. მეტს გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაწინაურებულია.“

მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი სამართლის ძიების გაგრძელებას სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გეგმავს. გარდაცვლილის ქვრივის ნინო მატკავას ინფორმაციით, იურისტები ამზადებენ სარჩელს „ოთხოზორიები რუსეთის წინააღმდეგ“.

ოთხოზორიების ოჯახი ითხოვს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მეორე მუხლის - სიცოცხლის უფლების დარღვევის ანუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისროს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, კონტროლის მექანიზმის მქონე ერთადერთ სახელმწიფოს.

აკო და ქეთი ოთხოზორიები მამის საფლავზე
აკო და ქეთი ოთხოზორიები მამის საფლავზე

31 წლის გიგა ოთხოზორია, გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი იყო. იგი ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გიგას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გიგას სიკვდილის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ოთხოზორიების ოჯახს ზუგდიდის ცენტრში კერძო სახლი გადასცა.

XS
SM
MD
LG