ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამე დღეა რაც საოკუპაციო რეჟიმმა გალისა და ზუგდიდის რაიონების დამაკავშირებელი ორი გადასასვლელი: ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია საბოლოოდ ჩაკეტა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

უკვე სახეზეა ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილების პირველი მძიმე შედეგები: შემცირდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა და სკოლის მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც განათლების მისაღებად მშობლებს ზუგდიდის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადმოჰყავდათ; ნაწილი საერთოდ განათლების გარეშე დარჩა, ნაწილი კი იძულებული გახდა საცხოვრებლად ენგურს გადმოღმა წამოსულიყო.

გადასასვლელების ჩაკეტვამ ავტომატურად გააძვირა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები, განსაკუთრებით, ოკუპირებული გალის რაიონის ქვედა ზონაში. ეს სოფლები ძირითადად, სწორედ ზუგდიდის რაიონიდან მარაგდებიან.

მესამე დღეა გალელებს დამატებითი კილომეტრების გავლა უწევთ, რომ ენგურის ხიდამდე მიაღწიონ, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ერთადერთ, „ოფიციალურ“ „საკონტროლო-გამშვებ პუნქტად“ სწორედ ენგური დარჩა. სოფელ ბარღების მკვიდრი ზური ბოხუა ამბობს:

ახლა რამოდენიმე კილომეტრით ზედმეტის გავლა გვიხდება, ფეხით იქნება ეს თუ ტრასპორტით რა მნიშვნელობა აქვს. აი, ასე გაგვიგრძელეს ეს გზა, რთულია რა თქმა უნდა, ძალიან რთულია“
ზური ბოხუა

„ახლა რამოდენიმე კილომეტრით ზედმეტის გავლა გვიხდება, ფეხით იქნება ეს თუ ტრასპორტით რა მნიშვნელობა აქვს. აი, ასე გაგვიგრძელეს ეს გზა, რთულია რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.“

ნაბაკევი-ხურჩასა და ოტობაია-ორსანტიას გადასასვლელების ჩაკეტვა დაგმო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. „ეს ქმედება კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს. მსგავსი ქმედებები იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ სირთულეებს და ხალხს უქრობს ნდობასა და თავდაჯერებულობას.

ამასთანავე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს - აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.

შეერთებული შტატების მოწოდების საპასუხოდ, რომ კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ განაცხადა, რომ „ამ გადასასვლელების დაკეტვა სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და არ ექვემდებარება გადახედვას“.

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმი ნაბაკევსა და ოტობაიაში გადასასვლელების გაუქმების გამო, საპროტესტო გამოსვლებს ელოდა, რის გამოც გალის რაიონში მილიციის დამატებითი ძალები იქნა გადასროლილი.

„საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ დახურვას ადგილზე დაესწრო სოხუმის დე-ფაქტო „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ასლან კობახია, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხარდაჭერით ხდება და მტერ სახელმწიფოსთან საზღვრის გახსნა დაუშვებელია.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დღეს ჩვენთანაა და ამით უნდა ვისარგებლოთ, იმიტომ, რომ მუდმივად ასე არ იქნება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. საზღვრის გაძლიერება არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება"
ასლან კობახია, სოხუმის დე-ფაქტო "შსს მინისტრი"

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დღეს ჩვენთანაა და ამით უნდა ვისარგებლოთ, იმიტომ, რომ მუდმივად ასე არ იქნება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. საზღვრის გაძლიერება არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება.

თუკი ვინმე თვლის, რომ აფხაზური სახელმწიფოს გაძლიერება მტერთან გამშვები პუნქტის გახსნით არის შესაძლებელი, ის ღრმად შეცდა. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მომავალშიც ამის გაკეთება არ შეიძლება.“

ექსპერტების აზრით, ასლან კობახიამ, რომელიც აფხაზთა მოქმედი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას ერთგული მოკავშირეა, ამ განცხადებით, ყოფილ „პრეზიდენტზე“ ალექსანდრე ანქვაბზე მიიტანა იერიში. დამატებითი გადასასვლელები მდინარე ენგურზე, 2013 წელს, სწორედ ანქვაბმა გახსნა, რომელსაც გალში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

ანქვაბი 2014 წლის მაისში გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან, თუმცა 2017 წლის თებერვალში, იგი მოსკოვიდან მოულოდენლად ისევ სოხუმში დაბრუნდა და 12 მარტს დანიშნულ „საპარლამენტო არჩევნებში“ კენჭს გუდაუთაში იყრის. მოქმედი რეჟიმი კი ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, რომ ანქვაბის მომხრეთა რევანში არ დაუშვას.

დღეის მდგომარეობით, საოკუპაციო ხაზზე, ენგურის ხიდის გარდა, კიდევ რჩება ერთი მოქმედი - წყოუშის გადასასვლელი, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანსა და გალის რაიონის სოფელ საბერიოს აკავშირებს, თუმცა, მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ ეს გზაც მალე ჩაიკეტება.

XS
SM
MD
LG