ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზები სისხლის აღების ტრადიციას უბრუნდებიან


გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, "პრეზიდენტ" ჰაჯიმბას მცველი და მძღოლი ასტამურ ჯოპუა და მისი ძმა, "დეპუტატი" ალმასხან ჯოპუა
გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, "პრეზიდენტ" ჰაჯიმბას მცველი და მძღოლი ასტამურ ჯოპუა და მისი ძმა, "დეპუტატი" ალმასხან ჯოპუა

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაღმაზიების გვარი ჯოპუების სისხლის აღებით იმუქრება, თუ უსწრაფესად არ იქნა გამოძიებული: 12 ივნისს, 13 წლის ლ.ჯ-ს შემზარავი გაუპატიურებისა და 17 ივნისს, ლ.ჯ-ს დის, 23 წლის ანჟელა ჯაღმაზიას სასტიკი მკვლელობის ფაქტები.

ამ სისხლიანმა ისტორიამ ანკლავში უკვე პოლიტიკური ქვეტექსტიც შეიძინა. გაირკვა, რომ გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, აფხაზთა „პრეზიდენტის“ რაულ ჰაჯიმბას მცველი და მძღოლი 36 წლის ასტამურ ჯოპუაა. გუშინ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობაში ეჭვმიტანილი, ამავე დროს, აფხაზთა „სახალხო კრების“ წევრის, პარტია „აინარის“ ლიდერის ალმასხან ჯოპუას ძმაა.

ეჭვმიტანილის მამიდა ტალი ჯოპუა აფხაზური „სახელმწიფო ტელევიზიის“ დირექტორია (დაუდასტურებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა), ბიძა „აფხაზთა გმირი“ ასლან კობახია კი „შინაგან საქმეთა მინისტრი“.

ჯაღმაზიების გვარის პროტესტი სოხუმში
ჯაღმაზიების გვარის პროტესტი სოხუმში

ჯაღმაზიების გვარის 100-მდე წარმომადგენელი გუშინ, სოხუმში, ლენინის მოედანზე, გადამწვარი მინისტრთა საბჭოს შენობასთან შეიკრიბა და ჰაჯიმბას „ხელისუფლება“ დანაშაულის ჩაფარცხვის მცდელობაში დაადანაშაულა. ოჯახის ნათესავმა ოთარ ჯაღმაზიამ კერძოდ ბრძანა:

მიხვიდე ავადმყოფ ბავშვთან და ასეთი საშინელება გაუკეთო, ეს დაუჯერებელია, ეს შემზარავია... მთელმა ხალხმა იცის რა მოხდა და ის თურმე უდანაშაულოა. კიდე უფრო საინტერესოა, როცა ძალაუფლების მქონე ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობასო!“
ოთარ ჯაღმაზია, მოკლულის ნათესავი

„მიხვიდე ავადმყოფ ბავშვთან და ასეთი საშინელება გაუკეთო, ეს დაუჯერებელია, ეს შემზარავია. ამის შემდეგ კიდევ ერთი საშინელი დანაშაული მოხდა, პირდაპირი ზეწოლით, უბედური, ასევე ავადმყოფი მამა ახალ დანაშაულამდე, საკუთარი შვილის მკვლელობამდე მიიყვანეს.

საშინელებაა, როცა ამის შემდეგ ამბობ უდანაშაულო ვარო. კიდე უფრო საინტერესოა, როცა ძალაუფლების მქონე ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობასო!“

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პრეზიდენტ“ ჰაჯიმბას მცველი და მძღოლი, „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ თანამშრომელი ასტამურ ჯოპუა, 11 ივნისს, გვიან ღამით, სოხუმში, ჯაღმაზიების ოჯახში მთვრალი მივიდა.

ის თუ რა მოხდა ოჯახში, აღწერილია ანჟელა ჯაღმაზიას ჩვენებაში, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის. ცნობილია, რომ ამის შემდეგ, ასტამურ ჯოპუამ ძალის გამოყენებით ჩაისვა საკუთარ ავტომანქანა „იაგუარში“ 13 წლის ლ.ჯ, გაიყვანა სოფელ ქვემო ეშერაში და ყოფილი „ცენტრალური ოლიმპიური ბაზის“ მიტოვებულ ტერიტორიაზე გააუპატიურა.

13 წლის გოგონას ჩვენების მიხედვით, მოძალადემ ის პლასტმასის ხამუთებით მიაბა ხეზე, შემდეგ ყურთან ორჯერ ესროლა, სასტიკად სცემა და გონების დაკარგვის შემდეგ მასზე იძალადა. ღამის ორ საათზე კი უკან სახლში შოკურ მდგომარეობაში დააბრუნა.

ლ.ჯ-ს დედამ და დამ გათენებისთანავე, 12 ივნისს, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სოხუმის მილიციაში დანაშაულის შესახებ მაშინვე განაცხადეს, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება, რომელიც „შსს მინისტრის“ ახლო ნათესავი აღმოჩნდა 17 ივნისამდე „ვერ მოხერხდა“.

ჯაღმაზიები ეჭვობენ, რომ ეჭვმიტანილს "შსს მინისტრი" კობახია მფარველობს
ჯაღმაზიები ეჭვობენ, რომ ეჭვმიტანილს "შსს მინისტრი" კობახია მფარველობს

ჯაღმაზიების თქმით, ხუთი დღის (12-17 ივნისი) მანძილზე, სანამ ასტამურ ჯოპუა სოხუმის მილიაციას „ჩაბარდებოდა“, მისი ძმა, „დეპუტატი“ ალმასხან ჯოპუა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაზარალებული ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.

ამავე პერიოდში, „გაირკვა“, რომ ეჭვმიტანილს თითქოს „სახელმწიფო დაცვის სამსახური“ ჯერ კიდევ ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე, 8 ივნისს, "საკუთარი სურვილით" დაუტოვებია და მას "პრეზიდენტ" რაულ ჰაჯიმბასთან "აღარაფერი აკავშირებს".

17 ივნისის საღამოს, მას შემდეგ, რაც ასტამურ ჯოპუა მილიციას ჩაბარდა და განაცხადა, რომ სრულიად უდანაშაულოა, სოხუმთან ახლოს, სოფელ ბესლეთში, ლ.ჯ-ს და, 23 წლის ანჟელა ჯაღმაზია მოკლეს. მას მამამისმა რობერტ ჯაღმაზიამ ესროლა და მიიმალა.

მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ „დეპუტატი“ ალმასხან ჯოპუა მანამდე რობერტ ჯაღმაზიას ხუთჯერ შეხვდა და დაარწმუნა, რომ მისი უმცროსი ქალიშვილის ლ.ჯ-ს გაუპატიურების "ორგანიზებაში" ბრალი, თითქოს უფროსს ქალიშვილს, „მსუბუქი ყოფაქცევის“ ანჟელა ჯაღმაზიას მიუძღოდა.

მოკლულის ახლო ნათესავის რადა ჯაღმაზიას თქმით, ჯოპუები რობერტ ჯაღმაზიას გამუდმებით უმეორებდნენ, რომ აუცილებელი იყო სირცხვილი გვარისთვის, აფხაზური წესით, "სისხლით ჩამოერეცხა", ანჟელა ჯაღმაზიას მკვლელობით კი მნიშვნელოვანი მოწმე მოიშორეს:

დეპუტატმა ალმასხან ჯოპუამ უბედური მამის პროვოცირება მოახდინა. იქამდე მიიყვანა რომ საკუთარი ქალიშვილი მოაკვლევინა. მას უნდა დანაშაული სხვას აჰკიდოს და დაამტკიცოს რომ თითქოს მისი ძმა, სუფთა და უდანაშაულოა. გვიშველეთ ხალხო, სამართალი გვაპოვნინეთ“
რადა ჯაღმაზია, მოკლულის ნათესავი

„დეპუტატმა ალმასხან ჯოპუამ უბედური მამის პროვოცირება მოახდინა. იგი ცოლს გაშორებული იყო და ოჯახთან ერთად არც ცხოვრობდა.

იქამდე მიიყვანა რომ საკუთარი ქალიშვილი მოაკვლევინა. მას უნდა დანაშაული სხვას აჰკიდოს და დაამტკიცოს რომ თითქოს მისი ძმა, სუფთა და უდანაშაულოა. გვიშველეთ ხალხო, სამართალი გვაპოვნინეთ.“

ოკუპირებულ აფხაზეთში ეს არასრულწლოვანის გაუპატიურების პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლის დეკემბერში, სოხუმთან ახლოს, სოფელ გუმისთაში 9 წლის ვერჟინე სურმენელიანის გვამი იქნა აღმოჩენილი.

გოგონა სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა. აფხაზურმა „პროკურატურამ“ ეს გახსნილად საქმე 2015 წელს გამოაცხადა. ჯერ სოხუმელი, ეთნიკური რუსი მიხეილ ბურიაკი დაიჭირეს, შემდეგ კი მოკლულის მამინაცვალი ამბარცუმ კეშიშიანი.

გუმისთაში 2013 წელს მოკლული 9 წლის ვერჟინე სურმენელიანი
გუმისთაში 2013 წელს მოკლული 9 წლის ვერჟინე სურმენელიანი

ამ რეზონანსული საქმის განხილა „სოხუმის სასამართლოში“ დღემდე გრძელდება. 16 ივნისის სხდომაზე მოკლული გოგონას დედამ ჟანა სურმენელიანმა, რომელიც გამოძიებას არ ენდობა, „პროკურორს“ ხელი დაარტყა და სამი დღის მანძილზე დაპატიმრებული იყო.

ანკლავში ასეთი აბსოლუტური ვაქჰანალიის ფონზე, აფხაზმა ბერდიაკონმა დავით სარსანიამ გუშინ უხეცესთა საბჭოს, „ხელისუფლებას“ და სასულიერო პირებს მოუწოდა, სოხუმში შეიკრიბონ და „სისხლისღვრა“ როგორმე შეაჩერონ.

ნიშანდობლივია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია აფხაზური „პროკურატურის“ მიერ რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ „სამართლებრივი დევნის“ შეწყვეტის ფაქტს.

აფხაზმა „მებაჟემ“ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, უამრავი თვითმხილველის თვალწინ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია რამდენიმე გასროლით მოკლა. მკვლელი არც დაუკავებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG