ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ახლო აღმოსავლეთში თავის წამყვან ძალად წარმოჩენას ცდილობს


ჩრდილოეთ სირიიდან შეერთებული შტატების გამოსვლასთან ერთად, რუსეთი ცდილობს ადგილზე გაჩენილი ე.წ. "ძალთა ვაკუუმი" შეავსოს და ახლო აღმოსავლეთს წამყვანი ძალის როლში მოევლინოს.

რუსული ძალები ამჟამად სირიის სტრატეგიულ ქალაქ ქობანიში პატრულირებენ. ადრე აქ ქურთი მებრძოლები, ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით იბრძოდნენ, რათა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები დაეტყვევებინათ და გაეძევებინათ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა, ბრიუსელში, ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრისას, ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ ვითარებაში თურქეთი დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ სირიაში გაუმართლებელი შეჭრით, თურქეთმა საშინელი ვითარება შექმნა. მან თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ჰქონდა აკვიატებული იდეა, ამა თუ იმ მიზეზით შეჭრილიყო ქვეყანაში. თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ნატოელ მოკავშირესთან ომის შესაძლებლობა გამორიცხული იყო და მისი აზრით, 1952 წელს ალიანსში შესვლის შემდეგ, თურქეთი კარგი მოკავშირე იყო.

დიდი ხნის განმავლობაში, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში მთავარი ძალა იყო, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ სირიიდან გამოსვლის შემდეგ შექმნილი ვაკუუმის შევსებას, ახლა რუსეთი ცდილობს.

ბრაიან კატულისი, „ამერიკული პროგრესის ცენტრიდან“, ამბობს, რომ რუსეთს აქვს ის, რაც ამჟამად შეერთებულ შტატებს არ გააჩნია და წლების განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისთვის გარკვეული მიზნების წყება. "რუსეთმა თითქოს იცის რის გაკეთება სურს და მხარში უდგას პირებს და ქვეყნებს, რომელთაც მხარდაჭერას უცხადებს. არა ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ქურთებთან მიმართებაში, ან ობამას ადმინისტრაცია, რომელმაც სირიის შესახებ ბევრი სხვადასხვა რამ თქვა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწია."

ბულენტ ალირიზა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან ამბობს, რომ რუსები ბაზებს იკავებენ, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ისინი, ფაქტობრივად, ვითარებას არა მხოლოდ საკუთარი უპირატესობისთვის აკონტროლებენ, არამედ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სასარგებლოდაც, რომელმაც ხელისუფლების შენარჩუნება, პირველ ყოვლისა, მოსკოვის საჰაერო ძალების და თეირანის მიერ გაგზავნილი მოხალისეების დახმარებით შეძლო.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სავარაუდოდ, შეერთებული შტატები სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში ჯარის მცირე კონტინგენტს დატოვებს, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა იქ არსებული ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხონ.

ბრაიან კატულისი ამბობს, რომ ამერიკის გზავნილი: „ჩვენ შეგვიძლია ნავთობის საბადოები დავიცვათ და ხალხი - არა“ მთელ რეგიონში ძალიან ხმამაღლა გაჟღერდება და ამას გაიგებს ყველა, კერძოდ ამერიკის პარტნიორები და მოკავშირეები, რომლებმაც „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგალითად სირიელი ქურთები.

მარკ ესპერმა ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG