ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დამატებით რუსი სამხედროები ჩადიან


სირიაში 300-მდე შეიარაღებული რუსი სამხედრო და 20-მდე სამხედრო ავტომობილი ჩავიდა. რუსეთმა დამატებითი ძალები ქვეყანაში მოსკოვსა და ანკარას შორის სამშაბათს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეიყვანა.

შეთანხმება, რომელსაც ამ კვირის დასაწყისში ერდოღანმა და პუტინმა მიაღწიეს, გულისხმობს, რომ რუსი სამხედროები სირიის საზღვრის დაცვის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის საზღვრის მიმდებარე 30 კმ-იან ტერიტორიას ქურთი მებრძოლებისგან გაათავისუფლებენ. შეთანხმების მიხედვით, ეს სამშაბათამდე უნდა მოხდეს.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ რუსებს ჩეჩნები დაეხმარებიან. ანკარა სირიელ ქურთებს ტერორისტებად მიიჩნევს. თურქეთმა მათზე იერიში 9 ოქტომბრიდან, მას შემდეგ მიიტანა, რაც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის დატოვება დაიწყეს. მოგვიანებით ვაშინგტონმა და ანკარამ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსკოვი-ანკარის შეთანხმება სწორედ ამ მოლაპარაკების გაგრძელება და გაფართოებაა.

ამ შეთანხმების მიხედვით, მომავალი სამშაბათიდან რუსი და თურქი სამხედროები იმ 10-კმიან ზოლში დაიწყებენ პატრულირებას, რომელიც სირია-თურქეთის საზღვრის სირიულ მხარეს მდებარეობს და რომელსაც აქამდე, წლების განმავლობაში, ამერიკელი სამხედროები ყოფილ მოკავშირეებთან, ქურთ მებრძოლებთან ერთად აკონტროლებდნენ. ექსპერტთა ნაწილი ამას რეგიონში ძალთა ბალანსის სერიოზულ ცვლილებად მიიჩნევს. მით უფრო, რომ ამ ეტაპზე, ამერიკის მიერ სირიის დატოვების შემდეგ, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება რუსეთსა და სირიას და ნატოს წევრ თურქეთს შორის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG