ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მთელი ძალებით უტევს უკრაინის ჯარის ალყაში მოსაქცევად


უკრაინა, დონეცკის რეგიონი
უკრაინა, დონეცკის რეგიონი

უკრაინაზე თავდასხმიდან ზუსტად 3 თვის თავზე, რუსეთის ჯარმა იერიში ისევ გაააქტიურა და მთელი ძალები ჩართო უკრაინის აღმოსავლეთში განლაგებულ ძალებზე შეტევაში, რათა ისინი ალყაში მოაქციოს. ამ ბრძოლამ შესაძლოა კრემლის მიერ აღმოსავლეთ ფლანგზე გადატანილი კამპანიის ბედი გადაწყვიტოს.

დღეს ხარკივში მეტროს გახსნა იგეგმება. მთელი ამ თვეების განმავლობაში, მეტროს გვირაბებში რუსეთის დაუნდობელი დაბომბვისგან თავს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე იცავდა. უკრაინის მთავრობა ხარკივის მეტროს გახსნას ქვეყნის სამხედრო წარმატების სიმბოლოდ აღიქვამს. მას შემდეგ, რაც მარტში რუსეთი აიძულეს კიევიდან უკან დაეხია, უკრაინამ ხარკივიც გაათავისუფლა, უკრაინის ზომით მეორე ქალაქი.

გადამწყვეტი ბრძოლები ახლა ხარკივიდან სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს, სადაც მოსკოვი დონბასის რეგიონის სრულ გაკონტროლებას ცდილობს. რუსეთს დონეცკის და ლუჰანსკის სრულად დაპყრობა და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა სურს.

"მტრის მცდელობა ფოკუსირებულია შეტევაზე, რათა მოხდეს სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევა"- ამბობს სერჰი გაიდაი, ლუჰანსკის გუბერნატორი. ეს ორი ქალაქი ლუჰანსკის პროვინციაში დარჩენილ სულ რამდენიმე ტერიტორიას შორისაა, რომელთაც ჯერ კიდევ უკრაინა აკონტროლებს. "სევეროდონეცკის მიმართულებით ცეცხლის ინტენსივობა რამდენჯერმე გაიზარდა, ისინი უბრალოდ ანგრევენ ქალაქს" - უთხრა გუბერნატორმა ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ქალაქში ახლა დაახლოებით 15 000 ადამიანი რჩება.

დონბასში მყოფმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მათ ბახმუტისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც უფრო დასავლეთით მდებარეობს, კარგად ესმოდათ ინტენსიური საარტილერიო შეტევის ხმა, რომელიც ლისიჩანსკიდან მოდიოდა. მათი თქმით, უკრაინული ტანკები და სარაკეტო დანადგარები ფრონტის ხაზისკენ მიემართებოდა, ავტობუსებს კი ჯარისკაცები გადაჰყავდა.

დღეს სირენების ხმა ისმოდა სლავიანსკში, დონბასის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. თუმცა, ქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის ბაზრები და მაღაზიები ღია იყო და სრული დატვირთვით მუშაობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG