ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არის უკრაინაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი?


ბრიჯიტ ბრინკი
ბრიჯიტ ბრინკი

„თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“ - ამ სიტყვებით წარდგა უკრაინაში ამერიკის ელჩობის კანდიდატი, დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე. შეერთებულ შტატებს უკრაინაში სრულუფლებიანი ელჩი დაახლოებით ორი წელია არ ჰყავს. ომში მყოფ ქვეყანაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს, ამჟამად სლოვაკეთში ამერიკის ელჩს ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც გამოცდილ და მტკიცე პროფესიონალს. პოსტისთვის შესაფერისად კი მას განსაკუთრებით სწორედ რეგიონის ცოდნისა და ორპარტიული პატივისცემის გამო მიიჩნევენ.

აუცილებელია ის, ვისაც ესმის უკრაინის მნიშვნელობა ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოსთვის. უკრაინა იბრძვის რუსების წინააღმდეგ საკუთარი თავისთვის და იცავს ევროპას და ამერიკულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიჯიტს ესმის ეს და ის იქნება ძალიან კარგი ელჩი",
- უილიამ ტეილორი

„მე ვიცი, რომ ამერიკა საზღვარგარეთ ყველაზე ძლიერია მაშინ, როცა შინ ორმხრივი მხარდაჭერა აქვს ჩვენს უმთავრეს ეროვნულ ინტერესებს. მე ვაფასებ ამ ორპარტიულ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე”, - უთხრა ბრინკმა სენატის საგარეო სქმეთა კომიტეტის წევრებს. დიპლომატი ამბობს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ამერიკამ განაგრძოს „დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრიანის მხარდაჭერა, თავისუფალი ქვეყნისა, რომელსაც შეუძლა აირჩიოს საკუთარი მომავალი. პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და შევიწროებას შორის, წესებზე დაფუძნებულ წესრიგსა და უხეში ძალით მართვას შორის, თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, - ამბობს ბრინკი.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ მისი უმთავრესი პრიორიტეტი ამერიკის სტრატეგიული ინტერესის გატარებაა, რაც მოიცავს დემოკრატიულ, სუვერენულ, დამოუკიდებელ და კეთილდღეობის მქონე უკრაინას. „პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ და გმირობამ ჩვენ შთაგვაგონა. თუკი ელჩად დამამტკიცებენ, მე პირობას ვდებ, რომ ვიმუშაო კონგრესთან ერთად იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას მიაღწიოს წარმატებას როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - თქვა დიპლომატმა.

ამერიკის ელჩობის კანდიდატის მოსმენა სენატში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:08 0:00

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მისი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი კიევში დიპლომატიური მისიის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა იქნება. კანონმდებლებმა ხაზი გაუსვეს ადგილზე სრულუფლებიანი ელჩის ყოლის აუცილებლობას, რადგან უკრაინისთვის განგრძობითი მხარდაჭერის პირობებში ამერიკის პოლიტიკაზე და დახმარების მობილიზებაზე კრიტიკული გავლენა სწორედ ქვეყანაში მოქმედი დიპლომატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აქვს. ბრინკს სენატორებმა სამხედრო ლიდერებთან ურთიერთობის შესახებაც დაუსვეს კითხვები და დაინტერესდნენ, როგორ აპირებს ის მათთან თანამშრომლობას. ბრინკმა პირობა დადო, რომ სამხედრო ლიდერებთან ერთად იმუშავებს და ასევე გააკონტროლებს მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღისა და დახმარების მიწოდებას ამერიკისგან უკრიანისთვის.

„ბევრი ადამიანი ამბობს, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა და შეიძლება მეტიც, იქნება კრიტიკული პუტინის ამ არჩეული ომის შედეგის კუთხით. ჩვენ, როგორც ადმინისტრაცია, ვცდილობთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნივთების უკრაინისთვის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად.“

იყო ჭორი, რომლის დადასტურებაც მე არ შემიძლია, რომ საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ის სააკაშვილთან ახლოს იყო, რაც გარწმუნებთ, რომ ნონსენსია. ის არც სააკაშვილის მომხრე იყო და არც მოწინააღმდეგე. ის იყო ქართული დემოკრატიის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი",
- დენ ფრიდი

რესპუბლიკელმა სენატორებმა გამოხატეს სურვილი, რომ ამერიკის ელჩი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს და ამის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც მანამდე თავად აკრიტიკებდნენ ადმინისტრაციას ელჩის ნომინირების გაჭიანურების გამო, ბრინკის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

ყოფილი დიპლომატები „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობენ, რომ ბრინკი რუსეთის სამეზობლოს პრობლემებს გამორჩეულად კარგად იცნობს და უნიკალურად კვალიფიციურია იმისთვის, რომ ამ ეტაპზე ამერიკის დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელოს.

„ამ მომენტში აუცილებელია ის, ვისაც ესმის მთელი რეგიონი, ესმის რუსეთთან გამკლავების პოლიტიკა, ესმის უკრაინის მნიშვნელობა ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოსთვის. უკრაინა ახლა იბრძვის რუსების წინააღმდეგ საკუთარი თავისთვის, მაგრამ ის ასევე იცავს ევროპას და იცავს ამერიკულ ღირებულებებს. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიჯიტს ესმის ეს და ის იქნება ძალიან კარგი ელჩი“, - ამბობს უილიამ ტეილორი, ყოფილი დიპლომატი, რომელიც 2019 წელს ამერიკის დიპლომატიურ მისიას უკრაინაში დროებით ედგა სათავეში .

ბრინკი 2019 წლიდან დღემდე სლოვაკეთში ამერიკის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს. მანამდე, 2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებზე უმუშაობდა. 2011 წლიდან 2014 წლამდე კი ბრინკი საქართველოში ელჩის (რიჩარდ ნორლანდის, მანამდე კი ჯონ ბასის) მოადგილე იყო. იქამდე, კი თბილისში 2005-2008 წლებში, ჯონ ტეფტის დიპლომატიური გუნდის წევრი იყო, პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. იყო ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც.

„ბრიჯიტ ბრინკი ამ პოზიციისთვის უკიდურესად კვალიფიციურია“, - ამბობს ამერიკის უდიდესი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი. მისი თქმით, ბრინკს რუსეთის მიერ შევიწროვებული მეზობლების პრობლემები უკრაინაში ომამდეც კარგად ესმოდა.

„მას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთის სამეზობლოში მყოფ ქვეყნებში აქვს გატარებული, მათ შორის საქართველოსა და უზბეკეთში. სწორედ ამიტომ, მას ესმის ის დინამიკა, რომელიც რუსეთის მეზობლად ყოფნას უკავშირდება, გარემოებები იმისა, რასაც პუტინის მმართველობა ნიშნავს, ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო თბილისში. წნეხი, რომელსაც პუტინის მიერ უმიზეზოდ დაწყებული ომი უკრაინას უქმნის, ბრინკისთვის უცხო არაა. ის საქართველოში იყო და უნახავს რუსეთის წნეხი მათ წინააღმდეგაც, ეს ყველაფერი ნაცნობია მისთვის. ის ელჩია სლოვაკეთში და არც სლოვაკებს დავიწყებიათ რუსების „სტუმრობა“. რაც შეეხება მის პიროვნებას, ის ძლიერი და თავდაჯერებული პიროვნება, ამავე დროს სასიამოვნო ადამიანია“, - ამბობს ფრიდი.

სლოვაკეთში ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნამდე უცხოურ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში ელჩის პოზიციაზე განიხილებოდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მისი კანდიდატურა დაიწუნა. ამის მიზეზად კი ის სახელდებოდა, რომ მას თითქოსდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება ჰქონდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მმართველმა გუნდმა „ამერიკის ხმასთანაც“ და ზოგად განცხადებებშიც ეს ცნობები არაერთხელ უარყვეს და თქვეს, რომ ეს „სპეკულაციური ინფორმაციაა“ და შეერთებული შტატების ელჩის პოზიციაზე ბრინკის დამტკიცება ქართულ მხარეს არასდროს დაუბლოკავს.

საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულუფლებიანი ელჩი 2018 წელს იან კელის მისიის ამოწურვიდან 2020 წლამდე არ ჰყავდა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში მაშინაც და ახლაც, ამბობენ, რომ თუკი ბრინკისაქართველოს მთავრობამ მართლაც დაიწუნა, ეს დიდი შეცდომა იყო, ერთი მხრივ მისი პროფესიონალიზმის, მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ ყველას უნდა ესმოდეს: ამერიკის ელჩის მისია ქვეყნის მხარდაჭერაა, და არა - ამა თუ იმ კონკრეტული მმართველი ძალის.

ბრინკი: ჯაველინები საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00

„თუკი ეს სიმართლეა, ეს საქართველოს დანაკარგია. ეს უაზრობაა. დიახ, იყო ჭორი, რომლის დადასტურებაც მე არ შემიძლია, რომ საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ის სააკაშვილთან ახლოს იყო, რაც გარწმუნებთ, რომ ნონსენსია. ის არც სააკაშვილის მომხრე იყო და არც მოწინააღმდეგე. ის იყო ქართული დემოკრატიის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი”, - ამბობს დენ ფრიდი და განმარტავს, რომ „ეს არაპროფესიონალთა პრობლემაა, რომ ისინი ხშირად ფიქრობენ, თითქოს ამერიკის ელჩები შიდა პოლიტიკაში რომელიმე მხარეს იჭერენ. დიახ ხანდახან ისინი [ელჩები] ცდებიან, მაგრამ არა ბრიჯიტი, პროფესიონალები თითქმის არასდროს უშვებენ ასეთ შეცდომას და დანამდვილებით ვიცი, რომ მასაც არ დაუშვია. ის იქნება პირდაპირი და პატიოსანი, იქნრბა უკრაინის ევროპული მომავლის მომხრე და არ მიემხრობა არც ერთ პოლიტიკურ მხარეს უკრაინის შიდა პოლიტიკაში“, - ამბობს ფრიდი.

სენატის მიერ დამტკიცებული ამერიკის სრულუფლებიანი, ბოლო ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი იყო. რომელიც 2019 წლის მაისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ - სახელმწიფო დეპარტამენტმა უკან გაიწვია. მოგვიანებით, უილიამ ტეილორს, რომელიც უკრინაში ელჩის პოზიციაზე ბუშის ადმინისტრაციის დროს მუშაობდა, კიევში ვაკანტური პოზიციის დროებით შევსება სთხოვეს. ის ელჩის ფუნქციებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდა. ამის შემდეგ კი ელჩის მოვალეობებს და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის როლს ელჩის მოადგილე, კრისტინა კვინი ასრულებდა. მაგრამ, როგორც გამოცდილი დიპლომატები ამბობენ - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელჩი მაინც არ არის.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ შტატების დიპლომატიური მისია კიევში მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებს. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ მისიას სათავეში ორპარტიული მხარდაჭერით დამტკიცებული ელჩი ჩაუდგება.

XS
SM
MD
LG