ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დუმაში გორბაჩოვის საქმის გამოძიებას ითხოვენ


რუსი დეპუტატების ერთ ნაწილს საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო საქმის აღძვრა და ამ საქმეში ყოფილი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის წვლილის გამოძიება სურს

რუსი დეპუტატები ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის საქმის გამოძიებას ითხოვენ. კანონმდებლებმა რუსეთის გენერალურ პროკურორს მოსთხოვეს გაარკვიოს, თუ რამდენად შესაძლოა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანს სამშობლოს ღალატის ბრალდება წაეყენოს. დეპუტატები მას 1991 წელს ქვეყნის დაშლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, საბჭოთა ლიდერებმა გორბაჩოვის მეთაურობით, კანონი დაარღვიეს და ზესახელმწიფოს დანგრევას შეუწყვეს ხელი, იმის მიუხედავად, რომ 1991 წლის მარტში ქვეყნის 77-მა პროცენტმა ხმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას მისცა.
ბმული

გასულ თვეში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ყირიმის ანექსიის შემდეგ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი სამშობლოში საგრძნობლად გაიზარდა. საბჭოთა კავშირს რუსეთში უფრო და უფრო ხშირად იხსენებენ. რუსეთის მოქალაქეთა პატრიოტულ-იმპერიალისტული მისწრაფებებები რუსეთის ჰეგემონიით 15 ქვეყნისგან შემდგარი კავშირის ძლიერების მოგონებით და ე.წ. „ბოროტების იმპერიის“ კანონზომიერ დანგრევაში ეჭვის შეტანით გამოიხატა.

„კატასტროფულმა შედეგებმა, რომელიცც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოიტანა, წლების მანძილზე არაერთხელ იჩინა თავი როგორც რუსეთში, ასევე (სხვა) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე“ - წერენ რუსი დეპუტატები. კანონმდებლებს მთელი რიგი მაგალითები მოჰყავთ და მათ შორის უკრაინაში დღეს მიმდინარე კრიზისსაც ასახელებენ. სწორედ უკრაინაში დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა მოიტანა თებერვალში მოსკოვისადმი ლოიალური კიევის ადმინისტრაციის ხელისუფლებიდან განდევნა, აცხადებენ დეპუტატები და ამით საბჭოეთის ნგრევის მიზეზების გადახედვის აუცილებლობის დასაბუთებას ცდილობენ.

„მოსქოუ თაიმსი“ რამდენიმე რუსი დეპუტატის მოსაზრებას გვთავაზობს, რომელიც რუსეთის მთავრობისადმი ლოიალობით ცნობილ გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა. „დღევანდელი ძალაუფლების ინსტიტუტების შეფასება მოითხოვს 1991 წლის მოვლენების კანონიერების დეტალურ და ზუსტ ანალიზს“ - აღნიშნავს ევგენი ფიოდოროვი, ერთიანი რუსეთის პარტიიდან. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევა 23 წელია გამოუძიებელი რჩება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ ამ ფაქტის იგნორირება უკვე შეუძლებელია და გამოძიებამ შუქი უნდა მოჰფინოს იმ ე.წ. „მეხუთე კოლონას“, რომელიც დღეს ჯერ კიდევ აქტიურია. იგივე მოსაზრებას იზიარებს ფიოდოროვის კოლეგა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან -მიხეილ დეგტაროვი. მისი თქმით, „კიევში ხალხი იხოცება და ეს გაგრძელდება. დამნაშავე კი ისინი არიან, ვინც წლების წინ კრემლში ქვეყნის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს“.

თავად გორბაჩოვი რუსი კანონმდებლების მოთხოვნას არაფრად აგდებს. ის ბრალდებას უარყოფს, აცხადებს რა რომ მისი დადანაშაულების საფუძველი ელემენტარულად არ არსებობს. საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი თავად საქმის აღძვრის მოთხოვნას რუსი დეპუტატების მხრიდან პი-არზე გათვლილ ნაბიჯად აფასებს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 83 წლის ლაურიატი აცხადებს: ამგვარი რამ მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ზოგიერთი კანონმდებელი საკუთარ პი-არზე ზრუნავს და სურს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. მოთხოვნა სრულიად აბსურდული და ისტორიული ფაქტების ჭრილში აბსოლუტურად დაუსაბუთებელია“.

უკრაინამ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან ერთად დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ მოვლენები ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მოსკოვში კომუნისტური რეჟიმის კონსერვატორი მომხრეების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამაც დააჩქარა, რომელიც მაშინდელი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ იყო მიმართული. საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ ფორმალურ ხელშეკრულებას სამი თვის შემდეგ მოეწერა ხელი და მასში მონაწილეობას რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრას გორბაჩოვი არ ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლა კი ოფიციალურად შედარებით გვიან, 1991 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა. წინა დღით, გორბაჩოვი პოსტიდან გადადგა, განცხადება პოსტის და მთელი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გააკეთა და საბჭოთა კავშირის მთელი ბირთვული არსენალის ამოქმედების კოდი რუსეთის პრეზიდენტ, ბორის ელცინს გადასცა.

რაც შეეხება თავად რუსი კანონმდებლების მოთხოვნას, ეს არის 7-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის და სხვა ყოფილი საბჭოთა ლიდერების საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ გორბაჩოვმა და მისი გუნდის წევრებმა კანონი დაარღვიეს და ხალხის ნებას უღალატეს იმით, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებს საშუალება მისცეს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და კავშირიდან გასულიყვნენ.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „ამ კრიმინალური ქმედების შედეგად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, გლობალური ზესახელმწიფო დაინგრა და ის გეოპოლიტიკური რეალობიდან გაქრა“. წერილს 5 დეპუტატი აწერს ხელს. ისინი პრეზიდენტ პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილი ერთიანი რუსეთის და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან არიან. კანონმდებელთა მოთხოვნა რუსეთის გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას ოთხშაბათს, 9 აპრილს გადაეგზავნა. რუსეთის პროკურატურა აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

დასავლეთი გორბაჩოვს საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ ლიდერებთან შედარებით, მეტ პატივს სცემს. მის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ პოლიტიკას, სახელწოდებით „გლასნოსტ“ და „პერესტროიკა“, რაც გარდაქმნას და საჯაროობას ნიშნავს, ქვეყნის გარეთ მაღალ შეფასებას აძლევენ. გორბაჩოვმა რამდენიმე ინციდენტის შემდეგ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის ძალისმიერი მეთოდების ფართომასშტაბიან გამოყენებაზე უარი თქვა. სწორედ ამიტომაც რუსეთის ბევრი მოქალაქე მას ბრალს ყოფილი ზესახელმწიფოს დანგრევაში დებს.

მიხეილ გორბაჩოვი დღესაც შედარებით აქტიურია და ის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთ კრიტიკოსად ითვლება. საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი დღევანდელ ხელმძღვანელობას ოპოზიციის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსეთს მართვის არა პუტინისეული, არამედ სრულიად ახალი სისტემა სჭირდება. გორბაჩოვი დამოუკიდებელი გაზეთის თანა-გამომცემელიც არის, რომელიც კრემლის ბინადრებს და მათ პოლიტიკას აკრიტიკებს.
XS
SM
MD
LG