საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებით, დიდმა ბრიტანეთმა შუქი მოჰფინა გორბაჩოვის მცდელობებს, „ცივი ომის“ დროს გაეუმჯობესებინა ურთიერთობა დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. დოკუმენტები ეხება დიდ ბრიტანეთსა და მომავალ საბჭოთა ლიდერს შორის მოლაპარაკებებს.
1984 წელს, გორბაჩოვი ჩერნენკოს მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა ლონდონში მისი პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტისას, მას საბჭოთა კავშირის გარდა არსად იცნობდნენ.
გორბაჩოვი ბრიტანეთში პრემიერ მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის მიწვევით გაემგზავრა. მან შეძლო „რკინის ლედის“ და მისი მოკავშირის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის დარწმუნება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის სათავეში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ისეთი ადამიანი, ვისთანაც დასავლეთი საუბარს შეძლებდა.
გორბაჩოვთან შეხვედრის შემდეგ, რეიგანისათვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში ტეტჩერმა დაწერა:
„მე მასში აღმოვაჩინე ისეთი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა შეიძლება. რა თქმა უნდა, ის სრულიად ერთგულია საბჭოთა სისტემის, მაგრამ ის მზადაა მოისმინოს, აწარმოოს ნამდვილი დიალოგი და შეიქმნას საკუთარი აზრი.“
გორბაჩოვთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი ტეტჩერი კემპ დევიდში გაემგზავრა, რათა რეიგანი დაერწმუნებინა იმაში, რომ გორბაჩოვი სხვა საბჭოთა ლიდერებისგან განსხვავდებოდა.
53 წლის გორბაჩოვმა და მისმა ელეგანტურმა მეუღლემ შეძლეს ტეტჩერის დარწმუნება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, გორბაჩოვი დასავლეთს მრავალწლიანი ჩიხიდან გამოსვლას შესთავაზებდა.
ტეტჩერი რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა გორბაჩოვს: ებრაელთა ემიგრაციის შეზღუდვის თაობაზე, დისიდენტების ბედზე, როგორიც ფიზიკოსი ანდრეი სახაროვი იყო, კაპიტალიზმის და კომუნიზმის დადებით მხარეებზე.
სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში, გორბაჩოვი ცდილობდა საბრძოლო განწყობაზე მყოფი ტეტჩერისთვის აღეწერა ე.წ. ატომური ზამთრის საშინელებები, რაღაც მომენტში მან გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაბეჭდილი დიაგრამაც კი ააფრიალა, სადაც ნაჩვენები იყო ზესახელმწიფოთა ბირთვული არსენალების სიმძლავრე.
გორბაჩოვმა რუსული ანდაზა მოიშველია: „წელიწადში ერთხელ ცარიელი თოფიც კი ისვრის“.
ამის საპასუხოდ ტეტჩერმა თქვა, რომ ატომური იარაღი შემაკავებელ ძალად მიაჩნია და რეიგანის სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივაც, რომელსაც „ვარსკვლავური ომები“ შეარქვეს, გამოხატავდა მშვიდობაზე ოცნებას.
საბჭოთა ფუნქციონერის ცარიელი რიტორიკის მოსმენის მიუხედავად, ტეტჩერმა რეიგანს უთხრა, რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა გორბაჩოვის ინტელექტუალურმა დონემ, დებატებისადმი მისმა მზადყოფნამ და შესაძლოა მისმა გამჭრიახმა მეუღლემაც.
ტეტჩერის პირადმა მდივანმა ჩარლზ პაუელმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცს მისწერა:
„მისი მეუღლე სრულიად არ ჰგავს რიგით საბჭოთა ქალს. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მიღმა ჩანს გახსნილი და მიმზიდველი პიროვნება, რომელმაც გასაოცრად კარგად იცის თანამედროვე კლასიკური და ინგლისური ლიტერატურა.“