ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვს საქართველოს გეოპოლიტიკური ამბიციების არ სჯერა


სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად რუსეთის მიერ აიღიარების 5 წლისთავი

26 აგვისტოს, ხუთი წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერივუში, რომელიც ამ აღიარებიდან ხუთი წლის თავზე აფხაზეთში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიას მისცა, განაცხადა, რომ საქართველო ხუთი წლის წინ გეგმავდა აფხაზეთში შეჭრას და ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა იმას, რომ რუსეთმა ღრმა ანალიზის შემდეგ ნათლად დაინახა აუცილებლობა აერიდებინა აფხაზებისა და ოსებისთვის განადგურების საფრთხე. ლავროვი ამბობს:

„გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ნამდვილად მარტივი არ იყო, მაგრამ ამავდროულად იგი წარმოადგენდა შედეგს ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზისა. რუსეთის ფედერაციამ ამგვარი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა არა თუ ურთიერთობების გაგრძელება და გარღმავება ამ რესპუბლიკებთან, არა თუ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ამ რესპუბლიკების თვითგადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა განხორციელდა და დადგენილი ფაქტის მიხედვით, ანალოგიური იგეგმებოდა აფხაზეთთან მიმართებაშიც. ამ ურთიერთობებს დიდი ხნის და არც თუ უღრუბლო ისტორია აქვს არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბრალეულობით. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ რესპუბლიკებთან სოციალიზმის პერიოდში, ნუ ჩავუღრმავდებით ახლა დეტალებს. სერიოზული დარტყმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებს შორის ურთიერთობაში იყო გამსახურდიას ზეობის პერიოდი თბილისში, რომელმაც ღიად მხარი დაუჭირა შოვინისტურ კურსს, არსობრივად ეთნიკური წმენდის კურსს, რაც ითვალისწინებდა საქართველოს ქართველებისთვის. ისინი აფხაზების ნატურალიზების შესახებ საუბრობდნენ და ოსებს აგზავნიდნენ კავკასიის იქით. მაშინ დაიწყო ომი, როდესაც ქართველებმა, გამოიყენეს საკუთარი უფლება რეფერენდუმის შესახებ, რის ნებასაც საბჭოთა კანონები იძლეოდა და რაც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას. სწორედ ამავე კანონის მიხედვით, აფხაზებმა და ოსებმა მოითხოვეს გამოყოფა. ამის შემდეგ დაიწყო ომი, რომლის შეჩერება რუსეთმა ვერ შეძლო მიუხედავად მცდელობისა და მოწოდებებისა მოლაპარაკებების თაობაზე.“

ლავროვი ინტერვიუში აცხადებს იმას, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ისმოდა ფრაზა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.“

„განსაკუთრებით სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველო ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

უკვე სამ წელზე მეტია მიმდინარეობს დიალოგი ჟენევაში, ეს აჩვენებს, რომ რეალობასთან მაინც საჭიროა თვალის გასწორება. იქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები იმყოფებიან როგორც სრულუფლებიანი წევრები. მართალია საქმე არც თუ ისე ჩქარი ნაბიჯებით მიდის, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ძალა არასდროს იქნას გამოყენებული მომავალში. არის ამ მიმართულებით გარკვეული შემოთავაზებები და საჭიროა მხოლოდ სინდისიერი მიდგომა ამ საკითხისადმი. შეთანხმება უნდა შედგეს აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ეს ყველას ინტერესშია, კეთილმეზობლური უერთიეთობების დამყარება. აღვნიშნავთ საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უერთიერთობები უნდა მოგვარდეს. თუ გამოვალთ უბრალო ადამიანების ინტერესებიდან და დავეხმარებით მათ, მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადაიწევს. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მართლაც უბრალო ადამიანებზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს გეოპოლიტიკური ამბიციები აბსოლუტურად არ ექვემდებარება შესრულებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუს კოლეგას გამოეხმაურა და განაცხადა: „რაც შეეხება ლავროვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მიესალმება საქართველოს პირდაპირ დიალოგს აფხაზეთთან და ოსეთთან, მას, როგორც ჩანს, არასწორად გაუგია პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ამის თაობაზე. იქ არაა საუბარი ამ კონტექსტზე. რომელსაც გულისხმობს ბატონი ლავროვი. იქაა საუბარი ნდობის აღდგენაზე აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. იქაა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენც უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ, ეკონომიკურ წარმატებებთან ერთად და ქვეყნის განვითარების პარალელურად, ჩვენ გვექნება საშუალება ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი,’- აცხადებს ლავროვი.

ლავროვს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. „საერთაშორისო კანონების შესაბამისი კონსენსუსი უნდა შედგეს, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი წარმოადგენს ერთგვარ გამაღიზიანებელ ფაქტორს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში,“- ნათქვამია აპატურაის განცხადებაში.

დღესვე თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გაიმართა აქცია, რითაც ეროვნული ფრონტი და ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG