ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო ომს აგრძელებს


მოსკოვი ქართულ ხილზე და ბოსტნეულზე ემბარგოს მოხსნას არ აპირებს და მიზეზად ლუგარის "საიდუმლო" ლაბორატორიას ასახელებს

ქართული მინერალური წყლების და ღვინის ბაზარზე დაშვების მიუხედავად, რუსეთმა გამოაცხადა, რომ ქართულ ხილზე და ბოსტნეულზე ემბარგოს არ მოხსნის. რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო ომს აგრძელებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ ბრუკი მოსკოვიდან მოგვითხრობს.

თითქოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესებისკენ მიდიოდა. რუსეთმა საქართველოს 7-წლიანი ემბარგო მოუხსნა და ქართული ღვინის ბოთლებით სავსე კონტეინტერები რუსეთისკენ მასიურად დაიძრა. გენადი ონიშჩენკომ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, მაშინ საზეომოდ აუწყა ქვეყანას ქართული ღვინისთვის რუსული ბაზრის გახსნა. შემდეგ იყო მინერალური წყლები, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს არანაკლებ უყვართ. მაგრამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში სიტუაცია ისევ გართულდა.

მოგვიანებით, ისევ ონიშჩენკომ განაცხადა, რომ არ აპირებს ქართულ ხილზე და ბოსტნეულზე ემბარგოს მოხსნას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის ბრალდებები, რაც რუსეთის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა. მოსკოვი თბილისის აეროპორტთან მდებარე სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრს „საიდუმლო ლაბორატორიად“ მიიჩნევს და მას 2 000 კილომეტრის დაცილებით, რუსეთის ევროპულ ნაწილში ღორის აფრიკული გრიპის ვირუსის გავრცელებას აბრალებს.
ბმული

რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება მისცეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრის სანახავად რუსი ექსპერტებიც არაერთხელ მიიწვია. ლაბორატორია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მფლობელობაში იმყოფება. ადამ კოტორაშვილი იქ სამუშაოდ შეერთებული შტატებიდან ჩავიდა, რათა ლუგარის ლაბორატორიაში გენომის ცენტრისთვის ეხელმძღვანელა. კოტორაშვილის განმარტებით, საქართველოს ადრე მაღალი დონის გენეტიკური კვლევების ჩატარების საშუალება არ ჰქონდა და დეენემის ნიმუშის ევროპაში ან შეერთებულ შტატებში გაგზავნა უწევდა.

რუსეთის მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე. „საიდუმლოდ აქ არაფერს ვაკეთებთ. არანაირ ბიოლოგიურ იარაღთან კავშირი საერთოდ არ გვაქვს“ - აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც განათლება 80-იან წლებში სწორედ მოსკოვში აქვს მიღებული. მან პირადად არაერთხელ მიიწვია რუსი ინსპექტროები ცენტრის დასათვალიერებლად.

„ღიად მოვიწვიეთ ონიშჩენკო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, რათა დაათვალიეროს ლაბორატორია და თავისი თვალით ნახოს, რას ვაკეთებთ. აქ მხოლოდ სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს და ვერანაირ კავშირს იმ ბრალდებებთან, რომელსაც ისინი ახსენებენ, ლაბორატორიაში ვერ იპოვიან“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კრის ვეიფერი, კრემლის სტრატეგიის ანალიტიკოსი რუსეთის პოზიციას ასე ხსნის: უფრო გარკვეული გზავნილი ვერ იქნებოდა: თუკი აირჩევთ სხვა პრეზიდენტს, რომელიც რუსეთისადმი უფრო ლოიალური იქნება, მაშინ ეს ეკონომიკური პრობლემა გაქრება. რუსეთისადმი აგრესიულად განწყობილი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, ეკონომიკური კავშირები დაირღვევა“ .

გადაწყვეტილება ქართული ხილის და ბოსტნეულისთვის ემბარგოს გაგრძელების შესახებ ოფიციალური ვერსიით, ისევ „როსპოტრებნადზორმა“ მიიღო. ანუ, იმავე ორგანიზაციამ, რომელმაც 7 წლის წინ ქართული ღვინო და მინერალური წყალი „ხარისხის“ გამო დაიწუნა.
XS
SM
MD
LG