ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი-პეკინი VS ვაშინგტონი - როგორია ჩინეთ-რუსეთის ერთობა ამერიკის წინააღმდეგ


პრეზიდენტმა ბაიდენმა, თავისი პირველი სიტყვით გამოსვლის დროს კონგრესისა და ერისადმი მიმართვისას, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო პოლიტიკის ასპექტებზეც ისაუბრა და ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთ კონტექტსში, როგორც ავტორიტარი მმართველები, ისე მოიხსენია.

ვიტა სპივაკი, კარნეგის ფონდიდან, რომელიც ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და ჩინეთის ეკონომიკის სფეროს ექსპერტია, ამბობს, რომ ბაიდენი არაა პირველი პრეზიდენტი, ვინც რუსეთი და ჩინეთი ერთ კონტექსტში მოიხსენია.

„ორივე, ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად იქითკენ მიისწრაფვის, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთად ახსენონ, როდესაც ამერიკის, გლობალური ძალის, მულტიფუნქციურ როლზე საუბრობენ. ისინი [პრეზიდენტები] წარმოადგენენ ჩინეთს და რუსეთს, როგორც გაერთიანებულ საფრთხეს არსებული გლობალური წესრიგისათვის“,- ამბობს სპივაკი.

რუსეთ-ჩინეთის სახიფათო კავშირზე ნერვიულობა ამერიკაში სულ უფრო იზრდება. ბოლო დროს, რუსეთ-ჩინეთის საერთო სამხედრო წვრთნები, ასევე, სამმხრივი წვრთნები ირანთან ერთად და სავარაუდო სამომავლო ურთიერთობა რუსეთ-ჩინეთს შორის მთვარეზე ახალი სადგურის გამოსაკვლევად და ასაშენებლად, ექსპერტებს ვაშინგტონში აფიქრებინებს, რომ ორი ავტორიტარული რეჟიმის მეგობრობა სულ უფრო სახიფათო ხდება ამერიკისთვის და ზოგადად, დემოკრატიებისთვის.

2021 წლის მარტში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჩინეთში ჩავიდა და თავის ჩინელ კოლეგას, ვანგ უის შეხვდა. ორმა დიპლომატმა, რომელთა ქვეყნებიც ამერიკის მკაცრი სანქციების ქვეშაა, საერთო განცხადება გააკეთა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიმართა. ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაშინ თქვეს, რომ მიმდინარეობდა ტურბულენტური ცვლილებები, ჩაგვრა და მათი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა. „სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა „დემოკრატიის განვითარების“ მიზეზით არის მიუღებელი“,- ეწერა განცხადებაში, რომელიც რუსეთ-ჩინეთმა ერთად გამოქვეყნა.

ენდრიუ ვეისი, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანია. ის წლებია რუსეთ-ამერიკის თემებს იკვლევს და დღემდე ახლოდან აკვირდება რეგიონს. ვეისი თვლის, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა გამოიჩინა განსაკუთრებული ინტერესი ჩინეთისადმი და დაიწყო მისი, როგორც გეოპოლიტიკური ბერკეტის გამოყენება.

„2014 წელს, სრულიად იმპულსური გადაწყვეტილების, ყირიმის ანექსიისა და გამოუცხადებელი ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, პრეზიდენტმა პუტინმა შექმნა იდეა, რომ ის გაიქცევა ჩინეთთან და აჩვენებს ამ საშინელ ხალხს დასავლეთში, რომ მას ჰყავს ახალი მეგობარი, რომელიც მას უზარმაზარ ფინანსურ და კომერციულ დახმარებას გაუწევს და პოლიტიკურადაც გვერდში დაუდგება და ასე სიტუაციას დაალაგებს“,- ამბობს ვეისი.

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას რომ ბევრი ხედავს, ამას პეკინის უნივერისტეტის პროფესორი, გუან გუიაიც ადასტურებს. მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობის დაძაბვის პარალელურად, ჩინეთში სულ უფრო იზრდება რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მომხრეთა რიცხვი. თუმცა, პროფესორი თვლის, რომ ჩინეთი ფრთხილად უნდა იყოს და ძალიან ღრმად არ შევიდეს ურთიერთობებში, ვინაიდან ამით ცივი ომის დროინდელი დინამიკა შეიქმნება, რაც ჩინეთის მიზნებში სულაც არ შედის.

ჩინეთისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეკონომიკური წინსვლა და დომინაციაა, რუსეთი გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს და ეკონომიკურ სიმდიდრესთან ერთად, გეოპოლიტიკური დომინანტის როლის მოპოვება სურს. ამიტომაც იმ წარმატებულ და გაღრმავებულ ურთიერთობას, რომელიც მას ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით აქვს, დასავლეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად აქტიურად იყნებს.

„რუსეთი ცდილობს თავისი სიახლოვე და უპირატესობები ჩინეთთან დასავლეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს და უთხრას დასავლეთს - რას მომცემ იმის სანაცვლოდ, რომ ჩინეთის მკლავებში უფრო ღრმად არ გადავეშვა?“- ამბობს ვიტა სპივაკი.

თუმცა, სპივაკიც და სფეროს სხვა ექსპერტებიც თვლიან, რომ რუსეთის ეს ტაქტიკური გათვლა არც ისე ეფექტურად მუშაობს. მართალია რუსეთმა ამ ეტაპზე ჩინეთის სახით მოკავშირე იპოვა, თუმცა ვაშინგტონში ხშირად იმეორებენ, რომ მათი კავშირი მყიფეა, ვინაიდან ის არა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებზეა დაფუძნებული, როგორც ეს ამერიკისა და სხვა დემოკრატიების კავშირის დროს ხდება, არამედ კონკრეტულ მიზნებსა და გათვლებზე.

ენდრიუ ვეისი თვლის, რომ ჩინეთი ბევრად უფრო წინაა ეკონომიკურად, ვიდრე რუსეთი, ასევე გაცილებით დიდი გავლენები აქვს მსოფლიოში ვიდრე ჩრდილოელ დათვს, ამიტომ ჩინეთი რუსეთს რაიმე „სენტიმენტალური ლინზიდან“ კი არა, სრულიად პრაქტიკული კუთხიდან უყურებს. სწორედ ამის გამო, ვეისი თვლის, რომ „ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას თავისი ლიმიტები აქვს“.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან, „ჩინეთის მკლავებში გადაშვება“ არ იყო სწორი ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში. ვეისი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ამას რუსებიც გააცნობიერებენ და მიხვდებიან, რომ ქვეყანას, რომელიც მათზე ეკონომიკურად გაცილებით წინაა, „ქველმოქმედების რეზერვუარი არ აქვს“ და რომ ის უპირატესობები, რომელიც რუსეთმა წარმოიდგინა, მათთან ჩინეთიდან არ მივა.

ამ ეტაპზე რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებად განიხილავენ. თუმცა, ორივე მათგანის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები არავისთვისაა საიდუმლო. დააპირისპირებს თუ არა პეკინსა და მოსკოვს მათივე ამბიციები და სამომავლო გეგმები, ეს ჯერ უცნობია. მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჯერ არც ამერიკის საგარეო პოლიტიკაა. ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყნის ძალაუფლებაში სულ 4 თვეა მოვიდა და ჯერ ისეთი მნიშვნელოვანი შიდა საკითხები აქვს გადასაჭრელი, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ისიც ნათელი გახადა, რომ ამერიკის უსაფრთხოებასა, თუ მის მოკავშირეებზე თავდასხმის დროს, ის რუსეთს და ჩინეთს საპასუხო რეაქციით შეხვდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG