ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ხრიკების სიმფონია" და სტრატეგია "დაყავი და იბატონე" - ინტერვიუ ლუკ ჰარდინგთან


„ხრიკების სიმფონია და სტრატეგია დაყავი და იბატონე“ - ასე აფასებს რუსეთის ქმედებებს ლუკ ჰარდინგი, გამოცემა „გარდიანის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში კორესპონდენტად მუშაობდა და რომელსაც 2011 წელს ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს. ჰარდინგი 2008 წლის ომს და ყირიმის ანექსიას მოვლენათა ეპიცენტრიდან აშუქებდა. ჟურნალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი ამბობს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, კრემლი აგრესიულ ნაბიჯებს დგამს და შემდეგ დასავლეთის რეაქციას ელოდება. თუკი რეაქცია მსუბუქია, ის თავის მავნებლურ ძალისხმევას აორმაგებს.

ბოლო წიგნში „ჩრდილოვანი სახელმწიფო“ ჰარდინგი ვლადიმირ პუტინის გლობალურ ამბიციებზე და ანტი-დემოკრატიული მეთოდების განახლებულ არსენალზე საუბრობს, რომლებსაც კრემლი აქტიურად იყენებს, როგორც მეზობელი, ისე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა და ამერიკის წინააღმდეგ. ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობიდან ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობამდე, და 2008 წლის ომიდან ჩეხეთის სკანდალურ ბრალდებებამდე - ლუკ ჰარდინგი „ამერიკის ხმის“ შეკითხვებს პასუხობს.

- ევროპა რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ქმედების პირისპირ აღმოჩნდა. ჩეხეთმა კრემლს ბრალი დასდო, რომ მისი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ქვეყანაში 2014 წელს იარაღის საწყობის აფეთქებაში მონაწილეობდნენ. რა მოხდა ჩეხეთში და როგორ უკავშირდება ეს კრემლის მავნებლური, აგრესიული ნაბიჯების იმ უფრო დიდ ჯაჭვს, რომელსაც ის მეზობელი სახელმწიფოებისა თუ დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ იყენებს?

ლუკ ჰარდინგი
ლუკ ჰარდინგი

ჩეხეთში მომხდარი ამბავი მნიშვნელოვანია, რადგან ესაა ერთ-ერთი ბოლო, ასეთი ბნელი ინციდენტების გრძელ სიაში. ჩეხეთში 2014 წელს, მოულოდნელად სამხედრო აღჭურვილობის საწყობი აფეთქდა და ორი მოქალაქე დაიღუპა. ხელისუფლებამ მაშინ ეს ტრაგიკულ შემთხვევად მიიჩნია. გასულ წელს კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა და ადგილობრივმა პროკურორებმა ახალი ინფორმაცია მოიპოვეს: აღმოაჩინეს, რომ ბიზნესმენების რანგში საწყობს აფეთქებამდე ორი რუსი “სტუმარი” ჰყავდა. პასპორტების ასლებში მათი ყალბი სახელები ფიქსირდება, თუმცა ფოტოებზე სახეები ძალიან ნაცნობია. გაირკვა, რომ საწყობს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოპერატიული მუშაკები, პეტროვი და ბაშიროვი ეწვივნენ - ის ორი ადამიანი, ვინც 2018 წლის გაზაფხულზე ჩემი ქვეყნის პატარა ქალაქ სალისბურიში სკრიპალების მოწამვლის ოპერაცია ჩაატარა.

გამოძიებისთვის ნათელი გახდა, რომ ეს არა დამთხვევა, არამედ - დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია იყო. ჩეხი გამომძიებლების, „ბელინგქეთის“ გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სხვათა დახმარებით, ცნობილია, რომ ამ საქმეში რუსული დაზვერვის 6 ოფიცერი იყო ჩართული. ეს იყო რუსეთის მიერ მართული უფრო დიდი ოპერაციის ნაწილი. ევროპის ტერიტორიაზე ფარულად მომუშავე ჯარისკაცების მიერ სამხედრო მიზნითვე განხორციელებული საბოტაჟისა და დესტაბილიზაციის დივერსიული აქტი, რომელსაც უდანაშაულო სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.

- ალექსანდრ ლიტვინენკოდან სკრიპალებამდე, შემდეგ უკვე ალექსეი ნავალნის საქმე, ახლა კი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეს, კიდევ ერთი ბრალდება და იგივე კვალი, რომელიც არაერთ დანაშაულში ჩანს. რას ნიშნავს ეს უფრო ფართოდ, ევროპისა და დასავლეთისთვის?

პირველ ყოვლისა, ეს ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ხედავენ მსოფლიოს ვლადიმირ პუტინი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. მათ სჯერათ, რომ რუსეთი გამუდმებულ, ფარულ ომშია ჩართული დასავლეთთან, დასავლეთ ევროპასა და ამერიკასთან. ამერიკა „მთავარი მოწინააღმდეგეა“. თუმცა იგივე ხედვაა იმ ქვეყნების წინააღმდეგაც, ვისაც სურს იყოს ევროპის, ატლანტიკური სივრცის ნაწილი - იქნება ეს საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა ამჟამინდელი მმართველებით თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტს, რომ უფრო დემოკრატიული, დასავლური მიმართულებით განვითარდეს.

პუტინი და მისი ჯაშუშთა სააგენტოები ზოგადად ფიქრობენ, რომ ომში არიან და ამიტომ შეუძლიათ ეს ფარული მეთოდები გამოიყენონ და საზღვარგარეთ გააგზავნონ ჯარისკაცები, პოლკოვნიკები, პეტროვისა და ბაშიროვის მსგავსები ოფიცრები ხალხის დასახოცად, მტრებისთვის საბოტაჟის მოსაწყობად, იარაღისა თუ სამხედრო არსენალის საწყობის ასაფეთქებლად, ქაოსის გამოსაწვევად, არჩევნებში ჩასარევად...

ესაა ერთგვარი შეხსენება იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ახლა ვართ ვითარებაში, როდესაც მოსკოვთან ღირებულ დიალოგს აზრი აქვს დაკარგული. დიახ, [დასავლეთსა და რუსეთს შორის] საუბარი აუცილებელია, მაგრამ არსებითად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, რუსეთი მავნე ძალაა, რომელსაც არ ადარდებს საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც შეიჭრება მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე, და გასაოცარი მეთოდებით გამოიყენებს „ნოვიჩოკის“ მსგავს, სასიკვდილო, აკრძალულ ნივთიერებებს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო გონივრულად უნდა მოვიქცეთ, უფრო კრეატიული პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ რუსეთისგან მომავალ ჰიპერ-აგრესიულ საფრთხეებს. რუსეთისგან, რომელიც ფიქრობს, რომ დასავლურ სამყაროსთან გამუდმებულ კონფლიქტშია ჩაბმული.

- როგორც ამბობთ, აგრესიისა და ამ მრავალფეროვან აგრესიაზე რეაგირების გრძელი გზა გავიარეთ. როგორ პასუხობს დასავლეთი კრემლის გამოცდებს?

ვლადიმირ პუტინი აკეთებს ამ ყველაფერს და შემდეგ დასავლეთის რეაქციას ელოდება. როდესაც რეაქცია მსუბუქია, ის ამ ძალისხმევას აორმაგებს და აგრძელებს მოქმედებას. ვფიქრობ,  ამ აურზაურში იმის გამო ვართ, რომ წარსულში გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს,
- ლუკ ჰარდინგი

ჩვენ მოვლენების მთელი სერია ვიხილეთ, როცა ვლადიმირ პუტინი ზღვარს გადადის: პოლიტიკური მიზეზებით გავლენიანი რუსი ბიზნესმენის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება, ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს რადიოაქტიური პოლონიუმით მკვლელობის ისტორია, და ცხადია, საქართველოში შეჭრა, ხუთდღიანი კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრიდან გავაშუქე. მანქანით მივყვებოდი რუსულ ტანკებს, რომლებიც გორიდან თბილისისკენ მიდიოდნენ და მაშინ ჟურნალისტებმა არ ვიცოდით, შევიდოდა თუ არა ეს ტანკები თბილისში, დაამხობდა თუ არა მთავრობას და აქცევდა თუ არა საქართველოს მის კოლონიად. მართალია, მათ თბილისის გზიდან გადაუხვიეს, მაგრამ ამ შეჭრის შედეგები ახლაც ნათელია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და ყველა მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოგადად ქართველი ხალხისთვის.

შემდეგ ვნახეთ ყირიმის ანექსია. ვლადიმირ პუტინი აკეთებს ამ ყველაფერს და შემდეგ დასავლეთის რეაქციას ელოდება. როდესაც რეაქცია მსუბუქია, ის ამ ძალისხმევას აორმაგებს და აგრძელებს მოქმედებას. ვფიქრობ, ამ აურზაურში იმის გამო ვართ, რომ წარსულში გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს.

უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინს კარგი სამხედრო და შესაბმისი პოლიტიკური სტრატეგია აქვს. ის მოხერხებულია პოლიტიკურ ბლოკებს შორის არსებული დაპირისპირების გამოყენებისას. ის ხან ღიად, ხანაც ფარულად აქეზებს ანტიევროპულ, ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიებს, პოპულისტურ ქსენოფობიურ მოძრაობებს, ხშირად ულტრა-მემარცხენეებს, მაგრამ უმეტესად ულტრა-მემარჯვენეებს. იქნება ეს „ბრექსიტი“ ჩემს ქვეყანაში, „ეროვნული ფრონტი“ საფრანგეთში, პრო-რუსული რეჟიმი უნგრეთში და გარკვეულწილად პოლონეთში თუ სხვაგან. ესაა „დაყავი და იბატონე“ პოლიტიკა. გავხდით თუ არა ჩვენ უფრო გონიერები? კი და არა.

შეხედეთ გერმანულ პოლიტიკასაც. კანცლერი ამბობს, რომ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, რომ კრემლთან კარგი ურთიერთობის ქონა ურიგო არ იქნებოდა. თუკი ეს 15 წლის წინ შესაძლებლად გამოიყურებოდა, ახლა, როდესაც ბერლინის პარკში რუსული უშიშროების სამსახურებმა ადამიანი (საქართველოს მოქალაქე) მოკლეს, მიკვირს, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა არ მიიღო შესაბამისი გზავნილი.

აქამდე შეიძლება რეაქციის ნაკლებობამაც მოგვიყვანა. მაგრამ შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორიცაა. ვუყურე ვლადიმირ პუტინის წლევანდელ მიმართვას ერისადმი. მე ის დაღლილი მეჩვენება, წყაროებიც ამბობენ, რომ კულისებს მიღმა ბევრი „მანევრირებაა“. მართალია პუტინის გეგმაა, რომ უკვდავი იყოს და სამუდამოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ არსებობს ბევრი ფრაქცია, რუსული ელიტა ელოდება, რა მოუვა პუტინს. არ არსებობს მისი მემკვიდრეობის სცენარიც. ამავე დროს ვხედავთ ამ პარანოიას და რუსეთში უფრო და უფრო მეტ ავტორიტარიზმს.

პუტინმა და მისმა გარემოცვამ შეიმუშავეს ნარატივი, რომ რუსეთი მტრებით გარშემორტყმული ციხესიმაგრეა, რომ მტრულად განწყობილი დასავლეთი და ამერიკელი ლიდერები დილით იღვიძებენ და შიდა პრიორიტეტებზე მეტად ის აღელვებთ, თუ რა გააკეთონ რუსეთში. ამასთან, ყველა, ვინც რუსეთში ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, უცხო ქვეყნის აგენტია. ეს ყველაფერი ძალიან საბჭოურია და მოწამვლის მერე უკან დაბრუნებული ნავალნის დაკავების შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. ეს ძირითადად ბატონი პუტინის პერსონალური პარანოიითაა განპირობებული და იმის სურვილით, რომ ჩაახშოს ყველა დამოუკიდებელი ხმა.

- თუმცა, ის გარკვეულწილად მაინც ახერხებს ამ ნარატივის „მიყიდვას“ რუსი ხალხისთვის: რომ დასავლეთი მტერია, რომ ყირიმი „დასაბრუნებელია“ და ა.შ. ხშირად ამ აგრესიული ნაბიჯების შემდეგ მისი რეიტინგი მაღლაც კი იწევს. და რა ხდება მაშინ, თუკი ეს ყველაფერი კარგად მუშაობს მისთვის?

ვლადიმირ პუტინი „სუკ“-ის ოპორტუნისტია. ის ცდის ამა თუ იმ მეთოდს, თუ ეს არ იმუშავებს, მისი ხალხი სხვა რამეს ცდის. ვხედავთ მისი „ხრიკების სიმფონიას“ - იქნება ეს სამხედრო შეჭრა, საბოტაჟი, უშიშროების ფარული ოფიცრების მუშაობა თუ კიბერთავდასხმა.

შესაძლოა ეს ზოგიერთ ადამიანზე მოქმედებს კიდეც, ძნელი სათქმელია, რადგან ქვეყანაში არ არის რეალური, დამოუკიდებელი პოლიტიკა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ ტარდებოდეს, ძალიან გამიკვირდებოდა, რომ პუტინის პარტიას „ერთიან რუსეთს“ მოსკოვში, პეტერბურგში, არჩევნებში უმრავლესობა მოეპოვებინა. უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოპულარულია, მაგრამ იმაზე ნაკლებ პოპულარული, ვიდრე ადრე იყო. ყირიმის ანექსიის შემდგომი ბრწყინვალება ფერმკრთალდება, მოქმედებს სანქციებიც, კორონავირუსის პანდემიაც, ჯანდაცვის სისტემა კორუმპირებული და განადგურებულია, ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია. რეჟიმი კი უკმაყოფილებას რეპრესიებით პასუხობს და წინააღმდეგობაც ამის მერე მხოლოდ თუ გაიზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუცია მოხდება, მაგრამ ეს გაუცხოება ნამდვილად გაგრძელდება.

- გასულ კვირას მსოფლიომ პრესის თავისუფლების დღე აღნიშნა. რუსული მედია ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის შეშფოთების საგანია. თქვენ 2011 წელს პრაქტიკულად ქვეყნიდან გამოგაძევეს. დღეს ბევრი მედია „უცხო ქვეყნის აგენტადაა“ შერაცხული. დღეს, თქვენი დეპორტაციიდან 10 წლის შემდეგ, როგორ ხედავთ რუსული მედიის მდგომარეობას?

მოსკოვში „გარდიანის“ ბიუროს უფროსის პოსტზე დანიშვნიდან და რუსეთში ჩაფრენიდან მალევე ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლის საქმის გამოძიება დავიწყე. მკვლელებმა იმავე თვითმფრინავით იფრინეს პოლონიუმის ტრანსპორტირებისთვის... ვწერდი ბევრ სხვადასხვა თემაზე: ლიტვინენკოს საქმეზე, ომზე ჩრდილოეთ კავკასიაში, ადამიანის უფლებებების უხეშ დარღვევებზე, ვიძიებდი უშიშროების მთავარი სამმართველოს საქმიანობას და იმას, თუ რამდენი ფული აქვს ვლადიმირ პუტინს.

ალექსანდრ ლიტვინენკო
ალექსანდრ ლიტვინენკო

მალევე ჩემთვის ძალიან ნათელი გახადეს, რომ ეს ის კითხვები იყო, რომლებიც არ უნდა დამესვა. რამდენჯერმე ჩვენს ბინაშიც შემოიჭრნენ, ბრიტანეთის საელჩომ გვაცნობა, რომ ბინაში სათვალთვალო მოწყობილობები იყო დამონტაჟებული, მათ შორის საძინებელშიც. „სუკ“-ის დაკავების ცენტრში ხაკისფერ ფორმიანმა პირებმა ერთხელ დამკითხეს კიდეც.

მათ სურდათ, ვეიძულებინე ქვეყანა დამეტოვებინა, იგივე სურდა ჩემს მეუღლესაც. მაგრამ მე ვაგრძელებდი მუშაობას. საბოლოოდ კი 2011 წლის თებერვალში, ჩემი ვიზა გააუქმეს და ქვეყნიდან გამომაგდეს. დღესაც ჟურნალისტებისთვის არაერთი წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთისთვისაც ბევრს ბევრად ამაზე უარესი ემართება. მიუხედავად ამისა, არაერთი მამაცი გამომძიებელი ჟურნალისტი თავისი საქმის კეთებას განაგრძობს. ჩვენ კი მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, გავეცნოთ მათ მასალებს, გავავრცელოთ ისინი, გამოვიწეროთ ეს მასალები და თუ შეგვიძლია, გადავიხადოთ კიდეც ფული ამ ინფორმაციაში.

- რა არის უშუალო პოლიტიკური და პრაქტიკული მიღწევები რუსეთისთვის? მისი უშიშროების აგენტები სხვა ქვეყნებში ხშირად კვალის დაფარვასაც არ ცდილობენ. თითქოს სურთ, რომ ვიცოდეთ, ეს „რუსეთის ხელწერაა“. რას აღწევენ ამით გარდა კონკრეტული მისიების შესრულებისა? როგორ ფიქრობთ, რამდენად ცდილობენ ისინი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების მიმართ უნდობლობის დათესვას? იმის ჩვენებას, რომ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ მიწაზე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საკუთარი სამთავრობო სისტემების კიბერ-თავდასხმებისგან დაცვას და ა.შ. რა პრაქტიკული სარგებელი აქვს ამით კრემლს?

პუტინს მოსვენებას არ აძლევს ის, რაც 2011 წელს კადაფის დაემართს, რაც იანუკოვიჩს მოუვიდა, ის, რაც ბელარუსში ხდება... ძალაუფლებაში დარჩენის გზა მისთვის ხალხის გამოკეტვა, ცემა და ზოგჯერ მათი დახოცვაა. პუტინი შეშფოთებულია თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, საკუთარ პირად გადარჩენაზეც ფიქრობს.

ვფიქრობ, რამდენიმე რამაა. პუტინს სჯერა, რომ მისი მისიაა, რომ რუსეთი დიდებული იყოს, „დააბრუნოს რუსეთის დიდება“, არ ვიცი ვის მიერაა დაკისრებული ეს მისია - ღმერთის, განგების თუ „სუკ“-ის მიერ. პირველ ყოვლისა, ესაა სურვილი იმისა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების თანასწორი, საერთაშორისო არენაზე პატივსაცემი მოთამაშე იყოს, საშიშიც კი. რომ ყველა საერთაშორისო დიპლომატიური საკითხში - ირანის ბირთვული პროგრამა იქნება ეს თუ სირია ან უკრაინა, ყველაფერში რუსეთს გავუწიოთ ანგარიში.

მთელი ეს ნევროტული ნარატივი და ნაბიჯები ამ დიდ გეოპოლიტიკურ მიზანს ემსახურება. თუმცა ამვე დროს, უფრო და უფრო დიდი მიზეზი ისაა, რომ პუტინსა და მის გუნდს ხელისუფლებაში დარჩენა სურთ. პუტინს მოსვენებას არ აძლევს ის, რაც 2011 წელს კადაფის, ან რაც იანუკოვიჩს დაემართა, ის, რაც ბელარუსში ახლა ხდება და ა.შ. ძალაუფლებაში დარჩენის გზა მისთვის ხალხის გამოკეტვა, ცემა და ზოგჯერ მათი დახოცვაა. პუტინი შეშფოთებულია თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, საკუთარ პირად გადარჩენაზეც ფიქრობს.

ვლადიმირ პუტინი და ალექსეი მილერი, "გაზპრომის" გენერალური დირექტორი
ვლადიმირ პუტინი და ალექსეი მილერი, "გაზპრომის" გენერალური დირექტორი

ამას გარდა, პრეზიდენტიც და მისი გარემოცვის წევრებიც მილიარდერები არიან. მართავენ სახელმწიფო კომპანიებს, ფლობენ გაზისა და ნავთობ კორპორაციებს და უამრავ რესურსს, ისინი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. „პანამის დოკუმენტებზე“ და „სამოთხის დოკუმენტებზე“ მუშაობისას, მე მინახავს ამ ფულის ნაკადების დინება ოფშორულ ანგარიშებზე. ამაში არაფერია ახალი, ეს ძველი ფენომენია. მათ არ სურთ რეჟიმის შეცვლა, რადგან ეშინიათ. ასე რომ, ერთი მხრივ, ესაა რუსეთის „დიდების საკითხი“, მეორე მხრივ კი - 21-ე საუკუნეში ეს სიხარბისა და ქურდობის ისტორიაა, ოფშორული რესურსების ამბავი და ბრძოლა იმ ფულის შესანარჩუნებლად, რომელიც მოიპარეს.

- საქართველოსა და უკრაინის, ისევე, როგორც დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ კრემლი სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ მეთოდებს იყენებს, თუმცა, როგორც წესი, ხელწერა ერთია. ის გამუდმებული ომი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჰიბრიდულ მეთოდებს აერთიანებს: სამხედრო აგრესია, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, კიბერ-თავდასხმები, ფინანსური გავლენა. როგორ იცვლებოდა ან ვითარდებოდა მეთოდები ამ წლების განმავლობაში?

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ვხედავთ, ეს „სუკის“ თამაშის წესებია, მისი მეთოდების კრებული, ოღონდ - განახლებული. ამაში არაფერია განსხვავებული იმისგან, რასაც 50, 60, 70-იან თუ 80-იან წლებში და „ცივი ომის“ განმავლობაში ტრადიციულად „აქტიურ ღონისძიებებს“ უწოდებდნენ. ამ ყველაფრის იდეა და მიზანი კი დასავლელი კაპიტალისტი მტრების, მათი საზოგადოებების დაყოფა და დასუსტება იყო. მაშინ მთავარი აქცენტი სამხედრო ტაქტიკურ, დაზვერვის საიდუმლო ინფორმაციაზე კეთდებოდა, სტრატეგია კი - დასავლეთის დასუსტება და მისი სისუსტეებისა და შიდა დაპირისპირების გამოყენება - კვლავ კრემლის პრიორიტეტია.

ვლადიმირ პუტინის გარემოცვამ, შეიძლება ითქვას, რომ აიღო ეს იდეები და თანამედროვე ციფრულ ეპოქას მოარგო. ვხედავთ რუსი ოლიგარქების მიერ მართულ „ტროლების ქარხანას“, რომლის წევრებიც სანკტ-პეტერბურგში სხედან და 2016 წელს „ტვიტერზე“ თავს ამერიკელებად ასაღებდნენ, პროტრამპისტულ მსვლელობებს აორგანიზებდნენ, აწყობენ კიბერ-თავდასხმებს, ხშირად შეუმჩნეველ, საჯაშუშო ოპერაციებს. ეს კვლავ ომია.

ამის თქმით, სამხედრო კონფლიქტის მნიშვნელობას არ ვაკნინებ. მე კარგად ვიცი, რა მოხდა საქართველოსა და უკრაინაში. მაგრამ, ეს არის ომი ადამიანთა გონებისთვის. ვფიქრობ, რუსეთმა მოახერხა გამხდარიყო მსოფლიოში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი წამყვანი ძალა. იყენებს ისეთ არხებს, როგორიც „რაშა თუდეია“, ან ახერხებს დააფინანსოს ადგილობრივი მედიასაშუალებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მასობრივი და მასშტაბურია გავლენის ოპერაციები.

უნდა გვესმოდეს, რომ ახლა რუსეთი მავნე ძალაა, რომელსაც არ ადარდებს საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც შეიჭრება მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე, და გასაოცარი მეთოდებით გამოიყენებს „ნოვიჩოკის“ მსგავს, სასიკვდილო, აკრძალულ ნივთიერებებს.

ამასთან, ნათელი უნდა იყოს, რომ პუტინი არ არის „ბოროტი გენია“, ყველაფრის შემძლე. ის, ვინც მოსკოვიდან ღილაკებს თითს აჭერს და მოვლენები შესაბამისად ვითარდება თბილისში, გორში, ბათუმში, ლონდონში, პარიზში, ან სხვაგან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის კლასიკური გაგებით „სუკ“-ის ოპორტუნისტია. ის ცდის ამა თუ იმ მეთოდს, თუ ეს არ იმუშავებს, მისი ხალხი სხვა რამეს ცდის. ვხედავთ მისი „ხრიკების სიმფონიას“ იქნება ეს სამხედრო შეჭრა, საბოტაჟი, უშიშროების ფარული ოფიცრების მუშაობა თუ კიბერთავდასხმა.

ამავე დროს, საინტერესოა, რომ ვლადიმირ პუტინმა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, ხშირად დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვით უფრო ადვილია. ბირთვული თუ ტექნოლოგიური საიდუმლოების მოპარვა ძნელია, ბრიტანულ დაზვერვაში რუსი ოფიცრის ჩანერგვაც არ არის ადვილი. სამაგიეროდ, შესაძლოა ეფექტური იყოს ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტიის“ პოლიტიკოსთა მოსყიდვა. ან რუსეთიდან ევროპაში წასული გავლენიანი და მდიდარი პირების მიერ მედიასაშუალებების, ფოლადის საწარმოებისა თუ სხვა სტრატეგიული ობიექტების შეძენა. ახლა კრემლის ძალისხმევის დიდი ნაწილი სწორედ დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვისკენაა მიმართული. ვფიქრობ, ეს შეკითხვა ბევრ ქვეყანაში კვლავაც უპასუხოდაა დარჩენილი, მათ შორის საქართველოშიც - რამდენად ძლიერია ამ ეტაპზე რუსული გავლენა.

- ბრიტანეთში დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტმა ანგარიში მოამზადა იმის თაობაზე, თუ როგორ ახდენს გავლენას შიდა პოლიტიკურ დისკურსზე რუსეთი. სკრიპალების საქმიდან 3 წლის, ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან წელიწადნახევრისა და ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ საქმიანობის დაწყებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ, როგორ ხედავთ ახლა ამერიკა-რუსეთისა და ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობებს?


ფორმალური, დიპლომატიური ურთიერთობები ლონდონს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახლა საშინელია. 12-13 წლის წინ ვწერდი, რომ ეს ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე უარესია. ახლა კი, ასე მგონია, ეს ღრმა, ბნელ უფსკრულში ჩაგდებულ ქვას ჰგავს, რომელიც კვლავ ეცემა, ჯერ ფსკერზე არ დავარდნილა, მაგრამ უფრო და უფრო დაბლა მიდის. იდეალური და უშეცდომო არც დასავლეთია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთს „სუკ“-ის ოფიცრების პარანოიდული ჯგუფი მართავს, რომელიც გეოპოლიტიკას დაუსრულებელი კონფლიქტისა და ომის პრიზმაში ხედავს.

ჯო ბაიდენს ესმის, რომ რუსეთი მავნებელი ძალაა და ამერიკისთვის ზიანის მოტანა სურს. ვფიქრობ, ახალი „შეკავების პოლიტიკის“ ფაზაში ვართ. რაც შეეხება ბრიტანეთს, მას კვლავ მართავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენივე დაზვერვის კომიტეტის დასკვნას, რომ ლონდონი ახალი ლენინგრადია, რომ კრემლს ბინძური ფულით ბრიტანეთის დედაქალაქში ნაყიდი აქვს უძრავი ქონება, მოსყიდული ჰყავს დაზვერვის ოფიცრები, იურისტები...

21-ე საუკუნის პრობლემა არის არა კორუფცია რუსეთში, არამედ კორუფცია რუსეთში, ბრიტანეთში, და სხვაგან. კონსერვატორთა პარტიას მილიონობით ფუნტი სტერლინგი აქვს მიღებული წარმოშობით რუსი მოქალაქეებისგან, რომელთა ნაწილიც პუტინის მთავრობის წევრი იყო. ზოგს შეიძლება გულწრფელად სურს ბრიტანელი ხალხის დახმარება, ზოგს კი - გავლენის მოხდენა სურს. ჩვენ ჩვენს პრობლემებშიც უნდა გავერკვეთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება მოსკოვში და ვის სურს ჩვენთვის ზიანის მოყენება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG