ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ციფრული პერლ ჰარბორი" - ამერიკა კიბერთავდასხმის სამიზნეში


2020 წლის დეკემბერში კიბერუსაფრთხოების კომპანიამ FireEye განაცხადა, რომ მის სისტემებში ჰაკერები შეიჭრნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვირუსი კომპანია SolarWinds-ის სისტემის განახლებას მოჰყვა. ამ სისტემას კი ამერიკის უამრავი სახელმწიფო უწყება და კერძო კომპანია იყენებს. სისტემის განახლება მათმა დიდმა ნაწილმა ჩამოტვირთა. საბოლოოდ, ჰაკერებმა 20 000-მდე მომხმარებლის ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა. კიბერ-უსაფრთხოების კომპანიები ამბობენ, რომ ვირუსის მეშვეობით ჰაკერებს "სხვა ქვეყანაში ჩანერგილი, დაზვერვის თანამშრომლების" მსგავსად, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში ჰქონდათ ამ კომპიუტერებსა და ქსელებზე წვდომა. ანალიტიკოსთა ნაწილს ეს "პერლ ჰარბორის" მასშტაბის ვირტუალურ თავდასხმად მიაჩნია. აშშ-ის საგამოძიებო და უსაფრთხოების სამსახურებმა დაასკვნეს, რომ კვალი რუსეთთან მიდის. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი რამდენიმე კვირის წინ რუსეთს ამ და სხვა მავნებულური ქმედებებისთვის, მათ შორის საინფორმაციო ოპერაციებისთვის სანქციები დაუწესა. რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება ამერიკის მთავრობის, კერძო კომპანიებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რის მიღწევა სურს კრემლს ამგვარი თავდასხმებით? რამდენად მართებულად პასუხობს ამ ნაბიჯებს ახალი ადმინისტრაცია? - ამ თემებზე "ამერიკის ხმის" კითხვებს სიუზან სპოლდინგი, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტი პასუხობს. სპოლდინგი "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" უსაფრთხოების პროგრამის მთავარი მრჩეველია.

- ამერიკამ რუსეთს მასობრივი კიბერ-თავდასხმისა და სხვა, „მავნებლური“, „ძირგამომთხრელი“ ქმედებებისთვის“ სანქციები დაუწესა. რით იყო ეს თავდასხმა გამორჩეული და განსხვავებული? რატომ ის კონკრეტულ და ასეთი დონის პასუხს?

ეს თავდასხმა რამდენიმე მიზეზით იყო საყურადღებო. როგორც აღნიშნეთ, მასშტაბი ძალიან სერიოზული იყო. ეს მოხდა კომპანია „სოლარ უინდსის“ გავლით, რის გამოც ჰაკერებმა ძალიან ბევრ მომხმარებელზე მოიპოვეს წვდომა. ამ შემთხვევაში რუსეთის დაზვერვის ძალებმა ძალიან დიდ მასშტაბს მიაღწიეს და ეს მნიშვნელოვანია.

შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდი წვდომა აქვს ჩვენს სამთავრობო სისტემებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რას ცდილობენ ისინი:  მომავალ შეხვედრაზე ამა თუ იმ ელჩის გამოსვლის ტექსტის მოპარვას თუ იმის გაგებას, როგორ შეაფერხონ ჩვენი ელექტროგამანაწილებელი სისტემა.

ამასთან, ბევრი ამბობს, რომ ეს ქმედება არ განსხვავდება ეროვნული, სახელმწიფო დაზვერვისა თუ ტრადიციული ჯაშუშობისგან, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. თუმცა ამაზე რამდენიმე პასუხი მაქვს: თუკი ჯაშუშობაში გამხელენ, ამას შედეგები მოჰყვება ხოლმე: მორალური აღშოთება და ასევე ფიზიკური შედეგებიც. რაც ამ თავდასხმას განსაკუთრებით შემაშფოთებელს ხდის, ისაა, რომ ის გასცდა სახელმწიფო უწყებებს და კერძო კომპანიების სისტემებსაც დაესხა თავს. ეს კი კითხვებს აჩენს, პირველ ყოვლისა, ინდუსტრიულ ჯაშუშობასთან დაკავშირებით. ამერიკა ამას არ აკეთებს. ჩვენ არ ვიპარავთ სენსიტიურ ბიზნეს-ინფორმაციას იმისთვის, რომ ამერიკულ კომპანიებს გლობალურ ბაზარზე უპირატესობა შევუქმნათ, მაგრამ ეს ასევე წარმოშობს შეკითხვებს ამ თავდასხმის მიზნებზე:

იყო თუ არა ამ თავდასხმის მიზანი, სხვა, მავნე კიბერ-აქტივობისთვის მომზადება და ინფორმაციის მოძიება-მოკვლევა სხვა თავდასხმისთვის, რომელიც რეალურ შეფერხებებს, პრობლემებს, საბოტაჟს გამოიწვევდა ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, როგორიცაა თუნდაც ელექტროენერგია, სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ტრანსპორტი და ა.შ.

- ბევრმა ამ თავდასხმას „ციფრული პერლ ჰარბორიც უწოდა“, ბევრი კი როგორც აღნიშნეთ, ამბობს, რომ ეს არაფრით განსხვავდება ტრადიციული ჯაშუშობისგან, რომელსაც „ცივი ომის“ დროს და შემდეგაც ქვეყნები მასშტაბურად იყენებდნენ, და რასაც რუსეთი წლების განმავლობაში აკეთებს: ახერხებს დაზვერვის თანამშრომლების ჩანერგვას ამერიკულ საზოგადოებაში. მათ 20 ათასამდე მომხმარებლის მონაცემებზე მოიპოვეს წვდომა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში - ამ მასშტაბის გარღვევა კომპანიებმა მხოლოდ თვეების დაგვიანებით აღმოაჩინეს. ქმნის ეს დამატებითი შეშფოთების საფუძველს?

- დიახ, ვფიქრობ ასეა. ბევრი კუთხით ეს არ განსხვავდება ადამიანების, დაზვერვის ოფიცრების მიერ ფიზიკური ინფორმაციის შეგროვებისგან. მაგრამ როგორც თქვენც ამბობთ, მთავარი აქ მასშტაბია და ასევე ის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი კიბერ და რეალური სივრცეებისა, რომ კიბერ-თავდასხმა მოწინააღმდეგეს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად განახორციელოს საბოტაჟი და დამაზიანებელი ქმედებები.

კიდევ ერთი ძლიერ შემაშფოთებელი რამ ისაა, რომ ამ თავდასხმისთვის სისტემის განახლება გამოიყენეს ანუ ვირუსი, რომელიც ჰაკერებს წვდომას აძლევდა, სისტემის განახლებას მოჰყვა. ჩვენ ხალხს სულ ვეუბნებით, როდესაც სისტემა განახლებებს გთავაზობთ, აუცილებლად მიიღეთ ისინი, რადგან ეს უსაფრთხოების კუთხით სისუსტეებს აღმოფხვრის და გამოასწორებს. ასე რომ, ამ განახლებების სისტემასა და მათ უსაფრთხოებაში ეჭვის შეტანა, მათი ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კიბერ-ეკოსისტემისთვის შეფერხებების დამატებით საფრთხეს ქმნის.

- როდესაც ამ თავდასხმის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, რატომ უნდა აწუხებდეთ ეს ამერიკაში მცხოვრებთ, რატომ არის ის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამის გამო ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა ქვეყანას სანქციებს უწესებს? რა არის პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, ასეთი თავდასხმების რეალური ხელშესახები ზიანი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ?

პირველი და უმთავრესი ისაა, რომ სამთავრობო უწყებები, რომლებიც ამ ჰაკერული თავდასხმით დაზარალდნენ, კრიტიკული მნიშვნელობის სერვისებს მართავენ. ჩვენ კი გვსურს, რომ ჩვენმა მთავრობამ ეს ფუნქციები [შეუფერხებლად] შეასრულოს.

შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდი წვდომა აქვს ჩვენს სამთავრობო სისტემებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რას ცდილობენ ისინი: მომავალ შეხვედრაზე ამა თუ იმ ელჩის გამოსვლის ტექსტის მოპარვას თუ იმის გაგებას, როგორ შეაფერხონ ჩვენი ელექტროგამანაწილებელი სისტემა.

კომპანია "სოლარუინდსის" სათავო ოფისი, ტეხასი.
კომპანია "სოლარუინდსის" სათავო ოფისი, ტეხასი.

დაზარალებულთა შორის ენერგეტიკის დეპარტამენტიც იყო და აქ ძალიან ბევრი სენსიტიური ინფორმაციაა იმაზე, თუ როგორ მუშაობს სისტემა და რა არის მისი სუსტი წერტილები. ონკანის მოშვებისას, უნდა ვიცოდეთ, რომ წყალი სუფთა და დასალევად უსაფრთხოა. სულ ცოტა ხნის წინ, ფლორიდაში იყო მსგავსი შეფერხება, განგაშის სისტემის გამო, ამას ზიანი არ გამოუწვევია, მაგრამ სწორედ ესაა ის, რისი თავიდან აცილებაც გვინდა. ამერიკელებს კი უნდა ესმოდეთ, რომ ყველას აკისრია პასუხისმგებლობა, რადგან მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პირადი ან სამსახურის კომპიუტერი იმისთვის, რომ უფრო სენსიტიურ ინფორმაციაზე მოიპოვონ წვდომა.

- რა გაკვეთილები ისწავლა ამერიკის სახელმწიფო თუ კერძო სექტორმა ამ თავდასხმის შედეგად? რა არის ის სუსტი წერტილები, რომლებიც გამოსასწორებელია? საჭიროა მეტი თანამშრომლობა? საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება? სახელმწიფო უწყებების ციფრული სისტემების განახლება-გათანამედროვება? რა კუთხითაა ყველაზე მეტი სამუშაო მომავალში ამგვარი ან უარესი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ან მათი წარმატების შესამცირებლად?

ამერიკელებს უნდა ესმოდეთ, რომ ყველას აკისრია პასუხისმგებლობა, რადგან მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პირადი ან სამსახურის კომპიუტერი იმისთვის, რომ უფრო სენსიტიურ ინფორმაციაზე მოიპოვონ წვდომა.

- ეს მოითხოვს ფუნქციურ თანამშრომლობას კერძო სექტორსა და მთავრობას შორის. ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობაზე ათწლეულებია ვსაუბრობთ და ამ კუთხით ოდნავ დავწინაურდით, ეს უფრო რეგულარულად ხდება, ვიდრე - ადრე. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს დასკვნებიც უნდა გავუზიაროთ. მთავრობამ და კერძო სექტორმა საერთო მაგიდის ირგვლივ უნდა ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ პრევენცია, პასუხის გაცემა და ძალების აღდგენა ამა თუ იმ ინციდენტიდან, ვინ რომელი ნაბიჯის გადასადგმელადაა უკეთეს პოზიციაში. თანამშრომლობა პრაქტიკული და თანმიმდევრული უნდა იყოს. კერძო სექტორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ წვრთნებსა და ტრენინგ-შემოწმებებში, რომლებსაც სამთავრობო სექტორი განახორციელებს. სამოქმედო გეგმები ერთად უნდა შემუშავდეს და ერთად განხორციელდეს.

ეს თავდასხმა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. საკმაოდ დიდხანს, სანამ კერძო კომპანიამ, „ფაიარ აიმ“ ის აღმოაჩინა და მთავრობას საკუთარი სურვილით შეატყობინა. უფრო სწრაფად უნდა მოხდეს მსგავსი რამის აღმოჩენა და ინფორმაციის გაზიარებაც წახალისებული უნდა იყოს. მთავრობამ ამ თავდასხმის შესახებ მხოლოდ იმის გამო შეიტყო, რომ კერძო კომპანია მზად იყო თავისი სურვილით გაეზიარებინა ინფორმაცია. აქედან ძალიან ბევრი გაკვეთილია სასწავლი.

ამასთან, ეს იყო ქსელის მომარაგების ჯაჭვზე თავდასხმა, „სოლარ უინდსი“ სისტემის მომწოდებელია. ამ სისტემის განახლებასთან ერთად ვირუსი 18 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა. „სოლარ უინდის“ მსგავსმა კომპანიებმა მომხმარებლებსაც მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. მომხმარებელს უნდა ესმოდეს რა კომპონენტებისგან შედგება სისტემა და საიდან მოდის ის. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელი დაცულია. ეს შეგვახსენებს, რომ დავრწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ უსაფრთხო და სანდო მომარაგების ქსელები და ჯაჭვები გვაქვს.

- რას ფიქრობთ ამერიკის მიერ რუსეთისთვის ამ თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებზე, როგორც საპასუხო ზომაზე და ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სანქციები არ იყო განყენებულად კიბერ-ოპერაციის გამო, და ისინი უფრო ფართო, არჩევნების უსაფრთხოებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტს დაუკავშირდა?

ვფიქრობ, სანქციები, და ის ნაბიჯები, რომელთა შესახებაც ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, ძალიან მნიშვნელოვანია. მართებული იყო, რომ ერთი და იმავე განცხადებით უპასუხეს, ორივე, ტრადიციულ, და არატრადიციულ ქმედებებს: თავდასხმას, რომელიც ასოცირებულია „სოლარ უინდსთან“, სხვა მავნებლურ კიბერ-აქტივობებს რუსეთის მხრიდან, მაგრამ ასევე არჩევნებში ჩარევასა და საინფორმაციო ოპერაციებს, რომლებიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში შიდა დისკურსის შესაცვლელად.

რუსეთი, ჩინეთი - ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგეები, კიბერ-სივრცეს არ უყურებენ, როგორც მხოლოდ კომპიუტერულ სისტემაში შეჭრის საშუალებას, მათთვის ეს საინფორმაციო ოპერაციაა, არჩევნებში ჩარევაც ერთ-ერთია ამ მავნე კიბერ-აქტივობებს შორის. ასეთია მათი ხედვა, მათი გეგმები. სანამ ამერიკა ამ ორ პრობლემას ცალკე, გამიჯნულად უყურებს და კიბერ-უსაფრთხოებად კომპიუტერული სისტემების და ქსელების ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვას მიიჩნევს, რუსეთს საკუთარი კიბერ-შესაძლებლობები ამ დონემდე არ შეუზღუდავს, არც ჩინეთს.

ჩვენც უფრო ფართოდ და ორივე მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ამაზე, რადგან ორივე მეთოდი შექმნილი და გამოყენებულია იმისთვის, რომ ჩვენს დემოკრატიას დაესხას თავს და დაგვასუსტოს. ეს რუსეთის სტრატეგიული მიზნების ნაწილია. კიბერ-თავდასხმები მხოლოდ ცალკეული ინსტრუმენტია კრემლის სტრატეგიული თუ ტაქტიკური მიზნების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ, როგორი დაკავშირებულია ეს მათ გონებასა და გეგმებში ერთმანეთთან და ჩვენც ასევე მივუდგეთ.

მე კონგრესის იმ კომისიის წევრი ვარ, რომელიც კიბერუსაფრთხოების თაობაზე მუშაობს. ჩვენ ამერიკის მთავრობას ე.წ. ეტაპობრივი შეკავების სტრატეგია შევთავაზეთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ მათთვის ის საფასური, რასაც ამ მავნე ქმედებებისთვის გადაიხდიან და უნდა შევამციროთ ის სარგებელი, რასაც მათ ეს თავდასხმები, წარმატების შემთხვევაშიც კი, მოუტანს.

ჩვენ გვჯერა, რომ გვყავს პარტნიორი დემოკრატიული ქვეყნები, მოკავშირეები და ესაა ის, რაც რუსეთს არ აქვს. არც ჩინეთს. მათ ჰყავთ ქვეყნები, რომლებზეც უპირატესობა აქვთ, მაგრამ მათ არ ჰყავთ ნამდვილი მოკავშირეები საერთო ღირებულებებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, მისი გამოცდა გრძელდება და ჩვენც უნდა განვაგრძოთ ჩვენი ღირებულებების რწმენა, მოკავშირეებისადმი ერთგულება.

ამას ცდილობს ადმინისტრაციაც. სანქციები საფასურია, ეკონომიკური წნეხის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ მისი მავნე აქტივობის გამო. მაგრამ აქვე არის ისიც, თუ როგორ გავხადოთ რუსეთისთვის ამ საინფორმაციო ოპერაციებისა და მავნე კიბერ-აქტივობით მისი მიზნების მიღწევა უფრო რთული. უნდა გამოაშკარავდეს ყველა ის ინსტრუმენტი, რასაც ისინი იყენებენ, რათა მათ წინააღმდეგ მომზადება უფრო ადვილი იყოს.

ამასთან, ადმინისტრაცია ხაზგასმით აღიარებს, რომ ამ კუთხით გლობალური თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ ამერიკაზე არ ახდენს გავლენას და ამას ჩვენ მარტო ვერ დავუპირისპირდებით. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის მიერ კიბერ-სივრცის აგრესიულ გამოყენებასთან გამკლავების მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე - ჩვენ. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ფუნქციურად იმისთვის, რომ მოვახერხოთ პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. ეს გაგვიკეთებია ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ესტონეთი, საქართველო. მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტიც და დავეხმაროთ მეტი ტრენინგით, როგორც უშუალო დამცავი სისტემების შექმნის, ისე შესაბამისი საკანონმდებლო თუ სხვა რეგულაციების შექმნის კუთხით.

- თქვენ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებზე საუბრობთ, თუმცა კონკრეტული ზიანის გამოწვევის, ან ინფორმაციის შეგროვების გარდა, რა კონკრეტული მიღწევები აქვს მას ასეთი თავდასხმის დაგეგმვისას? არის თუ არა კრემლის მეთოდების, ამ შემთხვევაში კიბერ-თავდასხმის მიზანი უნდობლობისა და დაუცველობის განცდის შექმნა, ან ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევის სურვილი?

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ტრადიციული მავნე კიბერ აქტივობებისა და საინფორმაციო ოპერაციების, ორივეს ერთ-ერთი მიზანი არის საზოგადოების რწმენის შერყევა მთავრობისა და დემოკრატიის მიმართ. უკვე წლებია ვხედავთ საინფორმაციო ოპერაციებს იმისთვის, რომ შეარყიონ საზოგადოების ნდობა მთავრობის მიმართ, შეასუსტოს რწმენა მისი კომპეტენტურობისა, რომ მას შეუძლია დაიცვას მოსახლეობის მონაცემები და მცდელობას, რომ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ.

ამას ემატება საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც კიდევ უფრო რთულს ხდის იმის გაგებას, რა არის სიმართლე და რა - არა. პუტინი ცდილობს, რომ ამერიკელმა ხალხმა სიმართლის იდეა დაივიწყოს და გადაგვიყვანოს, როგორც ამბობენ, ე.წ. პოსტ-სიმართლის ეპოქაში....

მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის თაობაზე ჩემი მუშაობისას აღმოჩნდა, რომ რუსეთის ნარატივი მხოლოდ ის კი არაა, რომ სისტემა ნაკლოვანია და რეფორმა სჭირდება, არამედ ის, რომ ის იმდენად შეუქცევადად ცუდია, რომ ვერც კი გამოსწორდება, რომ ინდივიდები ვერასდროს წარმატებულად ვერ შეცვლიან მას. სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა აქ კრიტიკულად დიდია.

ჩვენ გვჭირდება, რომ განვაახლოთ და გავაძლიეროთ სამოქალაქო იდენტობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, საზიარო ღირებულებების განცდა. სწორედ ამას შეუძლია ცვლილებების მოტანა. ასეთია მდგრადი საზოგადოება ამ მავნებლური სტრატეგიების წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტებას ცდილობს.

- რუსეთს ახლა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არაერთი მიმართულებით აქვს მდგომარეობა დაძაბული. დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი, ოპოზიციისა და მედიის შევიწროვება, მისი მოწამვლის საკითხი, ამასთან, დიპლომატიური სკანდალი ჩეხეთთან, ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, რომლის მიწაზე განხორციელებული დანაშაულიც სკრიპალების საქმესთან კრავს ჯაჭვს. ამ ფონზე რამდენად არის ეს კრემლის კიდევ ერთი გამოცდა დასავლეთის და ბაიდენის ადმინისტრაციისთვის?

ერთ-ერთი რამ, რაც მაწუხებს ისაა, რომ მავნებლურ კიბერ-აქტივობებს აქვს პოტენციალი, რომ შეგვაკავოს პასუხის გაცემისგან, ქმედებისგან. იგივე შეიძლება ითქვას, პარტნიორებზეც. თუკი ჩვენს მოწინააღმდეგეს შეუძლია ჩვენივე გონებაში ეჭვი ჩანერგოს იმის შესახებ, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანისა და შეფერხებების გამოწვევა, იქნება ეს ჩვენი ელექტროენერგია, წყლით მომარაგება თუ სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, ეს ჩვენს შუბლთან მობჯენილი იარაღია. ეს ძალიან შემაშფოთებელია.

მეორე ტესტი კი დემოკრატიისთვის ისაა, შევძლებთ თუ არა ერთგულნი დავრჩეთ ჩვენი ღირებულებებისა და ძალის. ჩვენ ვნახეთ ინფორმაციის ოპერაციების მასშტაბი ჩვენს არჩევნებზე. ამ დროს ბევრი ამბობდა, რომ შესაძლოა ჩვენ უკან უნდა დაგვეხია, ან სიტყვის თავისუფლება შეგვეზღუდა, მეტი სამთავრობო კონტროლი და ცენზურა განგვეხორციელებინა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არ მივცეთ ჩვენს მეტოქეს იმის უფლება, რომ ჩვენი ძლიერება ჩვენსავე წინააღმდეგვე გამოიყენოს. ვიყოთ იმის ერთგულნი, რისიც გვჯერა.

გვჯერა, რომ საზოგადოების განათლებით შეგვიძლია უფრო ძლიერები ვიყოთ, და არა - უფრო სუსტები. ჩვენ გვჯერა, რომ გვყავს პარტნიორი დემოკრატიული ქვეყნები, მოკავშირეები და ესაა ის, რაც რუსეთს არ აქვს. არც ჩინეთს. მათ ჰყავთ ქვეყნები, რომლებზეც უპირატესობა აქვთ, მაგრამ მათ არ ჰყავთ ნამდვილი მოკავშირეები საერთო ღირებულებებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, მისი გამოცდა გრძელდება და ჩვენც უნდა განვაგრძოთ ჩვენი ღირებულებების რწმენა, მოკავშირეებისადმი ერთგულება.

- რუსეთის მეზობლებისთვის კიბერ-თავდასხმები დიდი ხანია უცხო არაა. საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ კრემლი ამგვარ თავდასხმებს ხშირად სამხედრო ოპერაციების წინ ან მათ პარალელურადაც კი იყენებდა. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. რა გზები ან შესაძლებლობები აქვთ საქართველოს ან უკრაინას ამ თავდასხმებთან გასამკლავებლად? როგორ შეუძლია დასავლეთს მათი დახმარება როგორც კიბერ ისე საინფორმაციო ოპერაციებთან გასამკლავებლად?

ყველაზე მნიშვნელოვანი ამგვარი მავნე ქმედებების ავტორის დასახელებაა, ეს კი შესაძლებლობას გაძლევს პასუხი გასცე, შესაძლოა მრავალმხრივი პასუხიც. კონკრეტული მიმართულების გარეშე, ეს ძალიან ძნელია და სიმართლე შეიძლება დაიჩრდილოს კიდეც. ეს ტესტია ყველა დემოკრატიისთვის, როგორ ვაშენებთ საზოგადოებრივ მდგრადობას ამ დამღუპველი, დამაზიანებელი ძალისხმევის წინააღმდეგ, რაც ჩვენი დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტებას ისახავს მიზნად.

ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ნორვეგიის, შვედეთის გამოცდილება, რომლებმაც მოახერხეს სამოქალაქო განათლების მაღალ დონეზე მიღწევა. ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ ამა თუ იმ სისტემის წარმომადგენელთა ტრენინგებში იმისთვის, რომ მალე აღმოვაჩინოთ და გავაქარწყლოთ დეზინფორმაცია. მაგალითად, იუსტიციის, მართლმსაჯულების სისტემაში, რომელსაც რუსეთი ბევრ ქვეყანაში ესხმის თავს კორუფციისა და სხვა „რუხი აქტივობების“ გამოყენებით. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ.

XS
SM
MD
LG