ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური მდგომარეობა ომგამოვლილ სოფლებში


სოციალური მდგომარეობა ომგამოვლილ სოფლებში

სოციალური მდგომარეობა ომგამოვლილ სოფლებში ომიდან სამი წლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმებულია. მიზეზი, რის გამოც ცვლილებები უკეთესობისკენ აქ არ შეიმჩნევა, არა იმდენად ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის არქონაა სახელისუფლაბო შტოებში, რამდენადაც „ზედა“ეშელონებში მოცდის, ლოდინის პოლიტიკისა დაკვეთა „ქვედა“ სტრუქტურებისადმი. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება საქართველოში იცდის, საგანგებოდ რესურსს ზოგავს კონფლიქტის ზონის ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ ნაბიჯების გადადგმის საქმეში და ელოდება ისეთი დროს დადგომას, როდესაც ადგილობრივი საზოგადოება საკუთარი ძალებით შეძლებს სიდუხჭირის დაძლევას, ან დონორების ჩაერევიან ვითარების გასაუმჯობესებლად. ეს უკანასკნელი რა თქმა უნდა ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა მით უმეტეს ისეთ ფონზე, როდესაც პირველი ვარიანტი, ანუ სიდუხჭირის დაძლევა თავად სიდუხჭირეში მყოფის მიერ, მიუნჰაუზენის ამბავს ძალიან გავს.

ომიდან წელიწადნახევრის შემდეგ საერთაშორისო დონორების მხრიდან წარმოებული დახმარება საკვებით შეწყდა. რა თქმა უნდა, საფუძველსმოკლებული არაა აზრი იმის შესახებ, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება გორში გამოთქვამდა იმ პერიოდში. ისინი ამბობდნენ, რომ მუდმივად სხვისი დახმარების იმედად მყოფ სოფლის მოსახლეობას შრომის ინტერესი დაეკარგებოდა. რეალურად კი დახმარების შეწყვეტის შემდეგ ომით დაზარალებული სოფლის მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება თავად გახდა იძულებული ბიუჯეტიდან გარკვეული სახსრები გამოეყო მის მცირედ შესამსუბუქებლად მაინც. ასე, გამოიყო მაგალითად გასულ ზამთარს ორი კუბური მეტრი შეშა და ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი ყოველ ოჯახზე, დმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში, ვინც სარწყავი წალით სარგებლობა ვერ შეძლო და ამდენად მოსავალი ვერ მიიღო. წელს ვითარება მეტ–ნაკლებად განსხვავებულია, რადგან ხელსუფლებამ სარწყავი სისტემის აღდგენა რამდენიმე სოფლისთვის შეძლო. გუბერნატორის მოადგილე შიდა ქართლში ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ შარშანდელის ანალოგიური დახმარება წელს მოსახლეობისთვის გარანტირებულად არ იქნება, რადგან სარწყავი წყალი მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიიღო.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანისა და ტახტიძირის რწმუნებული გოჩა ნებიერიძე ამბობს, რომ მათ სოფელში სარწყავი წყალი წელსაც არ მიუღიათ. „ჩვენთან მდიდარი და ღარიბი არ არსებობს. ყველა ერთნაირად გაჭირვებულია. ვისაც მეტი ჰქონდა, მან უფრო მეტი დაკარგა ომის დროს. ამიტომ ახლა ყველა ერთნაირად ვცხოვრობთ. ძალიან მადლობელი ვართ შარშანდელი დამხარების ფქვილით და შეშით. წელს რა იქნება, არ ვიცით. გათბობისთვის შეშა დაგვჭირდება, მაგრამ საიდან უნდა მოვიპოვოთ, არ ვიცი“,– ამბობს გოჩა ნებიერიძე.

წელს ხელისფულებამ სოფლის მცხოვრებლებს ხორბლისა და სიმინდის თესლი გამოუყო დასარგავად. დვანსა და ტახტიძირში ასეთი მოსავლის აღება უმეტესობისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, ისევ უწყლობის მიზეზით. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შესაძლო შეღავათების შესახებ დასმული კითხვები ჯერ ნაადრევია. ორი თვის შემდეგ ნათლად გამოჩნდება წელსაც დადგება თუ არა ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობა ომით დაზარალებული სოფლებისთვის.

XS
SM
MD
LG