ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების გამოსახლება შსს მინისტრის #747 ბრძანებით


დევნილების გამოსახლება შსს მინისტრის #747 ბრძანებით

ახალი წლისა და შობის დღესასწაულების შემდეგ საქართველოში იძულებითი ღონისძიებების პროცესები დაიწყო. ვეტერანების საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ დევნილების რიგი მოვიდა. რამდენიმე დღეა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის # 747 ბრძანების საფუძველზე დევნილებს იძულებით ასახლებენ: სატვირთო ავტომანქანებში სვამენ ბარგთან ერთად და მიჰყავთ მიმართულებით, რომლის შესახებ დევნილებმა წინასწარ არაფერი იციან.

დევნილების მასობრივი გამოსახლებების მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით საქართველოს პარლამენტის წინ აქციები იმართება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დევნილების განსახლების პროცესს თვალყურს ადევნებ. ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ორგანიზაციაში დევნილების საკითხის კოორდინატორია, აცხადებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ორგანიზებული გამოსახლების პროცესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს, რომლის თანახმად, დევნილებს გამოსახლებამდე ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოთ. ბრძანებულების ეს ნაწილი კანონის სრული დაცვით სრულდება, თუმცა პრობლემა თავად ბრძანებულებაა, რომელმაც ზაფხულის გამოსახლებების შემდეგ შინაარსი ოდნავ შეიცვალა. „შესწორების“ შემდეგ ბრძანებულებაში წაიშალა წინადადება, რომელიც გაფრთხილებიდან გამოსახლებამდე დროის გარკვეულ შუალედს აწესებდა. ასეთი შესწორების შემდეგ შესაძლებელი გახდა, რომ გამოსახლების თაობაზე დევნილს განცხადება ჩააბარონ და მისი გამოსახლება მეორე წუთიდანვე დაიწყონ. ნონა ქურდოვანიძე ჩვენთან საუბრისას იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ დევნილების გამოსახლება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფორმებით მიმდინარეობს.

თამუნა ოთინაშვილი 2008 წლის ომის შედეგად დევნილად იქცა დიდი ლიახვის ხეობიდან. მას შემდეგ მისი ოჯახი ორხევში, საბაჟო დეპარტამენტის შენობაში დასახლდა. მათ დღემდე არც დროებითი თავშესაფარი მიუღიათ ხელისუფლებისგან და არც საკომპენსაციო თანხა. გუშინ მათი ოჯახი იძულების წესით გამოასახლეს. თამუნამ გუშინ შეიტყო, რომ ხელისუფლება კახეთში გაშვებას უპირებს, თუმცა სად და რა პირობებში, მან ამის შესახებ არაფერი იცის. დღეს თამუნას ოჯახის წევრები ერთად არ არიან, სხვადასხვა ნათესავთან გადანაწილდნენ ღამის გასათევად.

ნინო ბოლქვაძეს, ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის იურისტს მიმდინარე მოვლენების უკეთ ილუსტრირების მიზნით შემდეგი შემთხვევა მოჰყავს. მათი დაცვის ქვეშ იმყოფება დევნილი, რომელიც გამოსახლების პროცესს სასამართლოში ასაჩივრების. კანონის თანახმად, ამბობს ნინო ბოლქვაძე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულება, მისი გამოსახლების უფლება არავის აქვს, თუმცა ვიცით, რომ იგი გამოსასახლებელთა ნუსხაშია.

დევნილების გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გააკეთა, სადაც ნათქვამია: „ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს და არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაგალითად, ფოცხო–ეწერში მცხოვრებ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად დაბა ჯვარში უწევთ ჩასვლა, ვინაიდან ფოცხო–ეწერის ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. სოფელ აბაშისპირში ბავშვებს ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, ვინაიდან არ არის სკოლა და არც ავტობუსი დადის, რომელიც ბავშვების სკოლაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. სოფელ თორსადღვაბასა და აბაშისპირში არის წყლის პრობლემა);

ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა;

გაურკვეველია, განხორციუელება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები“. სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან იუძლებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს, რომ გაითვალისწინოს დევნილთა ინტერესები და დაიცვას მათი უფლებები.

დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგს ასევე უწევს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი, დანიისა და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

XS
SM
MD
LG