ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მშენებლობები მობინადრეთა უფლებებს არღვევს


ახალი მშენებლობები მობინადრეთა უფლებებს არღვევს

ქალაქის მერია სრულებით არ ზრუნავს იმ ღარიბ მოსახლეობაზე, რომელიც ერთი ხელის მოსმით აყარა და გადაასახლა

სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი ასობით მომიტინგე უსამართლო გასახლებებს აპროტესტებს. ტარლაბასში, ქალაქის გარეუბანში დაწყებული მშენებლობების გამო ათასობით ბინადარს 40 კილომეტრის დაცილებით მდებარე დასახლებაში აძლევენ ბინებს.

მეჰმედ ტასიც მათ შორისაა. ის ამბობს, რომ მისი შვილები ტარლაბასში იზრდებოდნენ და იქვე, სკოლაში სწავლობდნენ. თვითონაც უბანში მუშაობდა. ახლა კი გადასახლების გამო სამსახურს კარგავს, რადგან 40 კილომეტრის მანძილიდან ვეღარ ივლის და გზის საფასურს ვერ გადაიხდის.

ტარლაბასი სტამბოლის ერთ-ერთი უღარიბესი უბანია. იქ მოსახლეობის ყველაზე უქონელი და დაუცველი ნაწილი ცხოვრობს. ათასობით ბინადრის შორ მანძილზე გადასახლებას საერთაშორისო სამსახურებიც აკრიტიკებენ. ბრიტანულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ სტამბოლის მშენებლობების შესახებ ახლახან სპეციალური ანგარიშიც კი გამოაქვეყნა, რომელშიც მსგავსი პროექტები მკაცრად გაკიცხა. გვესაუბრება ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ენდრიუ გარდნერი.

ტარლაბასის პროექტი ურბანული მშენებლობების გავრცელებული პრაქტიკის განსაკუთრებით აღმაშფოთებელი მაგალითია. ხალხი ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის და ადეკვატური ბინების გარეშე დატოვეს. საუბარია მოსახლეობის ყველაზე უსუსურ და რისკის ქვეშ მყოფ ფენაზე. მათ შორის არიან ბოშები, რელიგიური თუ სქესობრივი უმცირესობების წარმომადგენლები. მათთვის ახალ ადგილზე დამკვიდრება განსაკუთრებით რთულია“ - აღნიშნავს „საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენელი.

ადგილობრივი დასახლების მერი, მისბა დემირჯანი კრიტიკას კატეგორიულად უარყოფს და ცდილობს აღნიშნული ფაქტი სახლების უსაფრთხოების პრობლემით გაამართლოს. ის 278 სახლზე საუბრობს, რომელთა დიდი ნაწილი სიძველის გამო ავარიულად ითვლება. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანში ხანძარიც კი მოხდა. ზოგიერთი ძლიერი წვიმის გამო ჩამოიშალა. იქ მაცხოვრებელი ადამიანები ელემენტარულად ფიზიკური არსებობის საფრთხის ქვეშ არიან. არც მათი ქონებაა დაცული. ქალაქის მესვეურები კი მოსახლეობას სანაცვლოდ ახალ, უსაფრთხო ბინებს სთავაზობს, აღნიშნავს ქალაქის მერი.

პროექტის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ალტერნატიული დასახლება იმდენად შორსაა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უმუშევარი დარჩება. მათ შორისაა ივეს გავანესი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განვითარების დაგეგმარების პროფესორი. ის ამბობს, რომ ამ შეხედულებას საფუძველს წარსულში განხორციელებული ანალოგიური პროექტების უმრავლესობაც უმყარებს.

360 ოჯახს 60 კილომეტრით დაცილებულ უბანში შესთავაზეს გადასვლა. იცით რამდენი გადავიდა? მხოლოდ 2 ოჯახი. დანარჩენი უსახლკაროდ დარჩა და არავინ იცის, სად აფარებენ თავს და რით არსებობენ“ - ამბობს ის.

პროფესორი არნიშნავს, რომ ახალი მშენებლობები მხოლოდ საშუალო და მდიდარ ფენებზეა გათვლილი და ქალაქის მერია სრულებით არ ზრუნავს იმ ღარიბ მოსახლეობაზე, რომელიც ერთი ხელის მოსმით აყარა და გადაასახლა.

დღეს სტამბოლში უძრავი ქონების დიდი ბუმია. დედაქალაქის ცა თანდათან ცათამბრჯენების ხედით იფარება. ამ ყოველივეს ხელს რუსეთიდან და სხვა ნავთობით მდიდარი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG