ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურება ამერიკის და ბრიტანეთის მიერ იემენელ ჰუტებზე მიტანილ იერიშებზე


12 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში იერიშები მიიტანეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუტების დაჯგუფებაზე, რომელიც წითელ ზღვაში საერთაშორისო გემებს სამიზნეში იღებს. 7 ოქტომბერს, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ღაზაში პალესტინელების მხარდაჭერის საჩვენებლად, ჰუტებმა გაახშირეს თავდასხმა წითელი ზღვის წყლებში, რაც ნაოსნობის თავისუფლებას ზღუდავს და ზრდის ომის უფრო ფართო რადიუსით გავრცელების რისკს.

იერიშს რუსეთისა და ირანის აღშფოთება მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:

„იემენზე შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმები კიდევ ერთი მაგალითია ანგლოსაქსების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევისა“.

ზახაროვამ თქვა, რომ დარტყმები "საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფაა" და "ამძიმებს ვითარებას რეგიონში". რუსეთმა ასევე მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, სასწრაფოდ გამართოს სხდომა ამ საკითხის განსახილველად.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნასერ ქანაანი:

"ეს თავდასხმები არის იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა და საერთაშორისო სამართლის ხელყოფა. ის რეგიონში მხოლოდ დაუცველობის განცდას და არასტაბილურობას შეუწყობს ხელს“.

ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" ჯგუფის განცხადება:

„ამერიკული აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა არის სიონისტური მტრის მიერ ღაზასა და რეგიონში ჩადენილი ტრაგედიებისა და ხოცვა-ჟლეტის პარტნიორი“.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

„სამეფო ხაზს უსვამს წითელი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რადგან ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო მოთხოვნაა“.

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე:

"აშშ-ბრიტანეთის ქმედება ეფუძნება თავდაცვის უფლებას, მიზნად ისახავს დაიცვას თავისუფალი ნაოსნობა და ორიენტირებულია დეესკალაციაზე. ნიდერლანდები, თავისი ხანგრძლივი ისტორიით, როგორც საზღვაო ქვეყანა, თავისუფალ გადაადგილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მხარს უჭერს ამ ოპერაციას“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი:

”შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ძალების ეს ქმედება დაგვიანებულია... (ირანი და მისი მოკავშირეები) უნდა მიხვდნენ, რომ სერიოზული საფასურს გადაიხდიან მათი გლობალური ტერორისტული აქტების გამო და მათ თავდასხმებზე ამერიკის პერსონალსა და კომერციულ გემებზე. ამერიკამ უნდა აჩვენოს ძალა, განსაკუთრებით ამ სახიფათო დროში“.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ბენ კარდინი:

„მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, მიიღოს ზომები ამ მზარდი სახიფათო პროვოკაციების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებსა და ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს და მივესალმები ჩვენს კოალიციურ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობენ ამ ოპერაციებში. ველი ადმინისტრაციასთან კონსულტაციებს ამ გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და მოვუწოდებ პრეზიდენტს, განაგრძოს თავისი ძალისხმევა, რათა ეს კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს“.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის პროგრესული ჯგუფის დემოკრატი თავმჯდომარე, პრამილა ჯაიაპალი:

"ეს არის კონსტიტუციის მიუღებელი დარღვევა. პირველი მუხლი მოითხოვს, რომ სამხედრო ქმედება კონგრესისგან იყოს უფლებამოსილი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG