ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ წითელ ზღვაში თავდასხმაზე პასუხად, ჰუთების 3 გემი ჩაძირა და 10 მებრძოლი მოკლა


კომპანია "მაერსკის" ერთ-ერთი სატვირთო ლაინერი
კომპანია "მაერსკის" ერთ-ერთი სატვირთო ლაინერი

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების, გადამზიდავი კომპანია „მაერსკისა“ და ჰუთების ცნობით, ამერიკულმა ვერტმფრენებმა მოიგერიეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მებრძოლების თავდასხმა წითელ ზღვაში. კონტეინერებით დატვირთულ „მაერსკის“ კომერციული გემზე თავდასხმისას, ამერიკელებმა ჩაძირეს ჰუთების სამი ხომალდი და მოკლეს 10 მებრძოლი.

საზღვაო დაპირისპირება კვირას, 31 დეკემბერს, გამთენიას გაიმართა, როცა თავდამსხმელები ცდილობდნენ სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ Maersk Hangzhou-ზე თავდასხმას, - განაცხადეს „მაერსკმა“ და აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.

USS Eisenhower-ისა და USS Gravely-ის შვეულმფრენები შეუერთდნენ გემის უსაფრთხოების გუნდს თავდამსხმელების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც მიიღეს შველის სიგნალი. მომხდარის გამო, კომპანია „მაერსკმა“ განაცხადა, რომ გემზე შეტევის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში აჩერებს ნაოსნობას წითელ ზღვაში.

ჰუთების სპიკერი აცხადებს, რომ დაჯგუფებამ შეტევა განახორციელა, რადგან გემის ეკიპაჟმა უარი თქვა გამაფრთხილებელ მოწოდებებზე. მისი თქმით, საზღვაო ძალების 10 პერსონალი "დაღუპული და დაკარგულია" მას შემდეგ, რაც მათ ნავებს წითელ ზღვაში აშშ-ის ძალები დაესხნენ თავს.

საზღვაო ბრძოლა ხაზს უსვამს ისრაელ-„ჰამასის“ ომის რეგიონული ესკალაციის რისკს. იემენის ჰუთები წითელ ზღვაში გემებს ნოემბრიდან ესხმიან თავს „ჰამასის“ მიმართ მხარდაჭერის გამოსახატავად. ეს მსხვილ გადამზიდავ კომპანიებს აიძულებს უფრო გრძელი და ძვირადღირებული მარშრუტით იმოძრაონ და თავი აარიდონ სუეცის არხს.

წითელ ზღვაზე გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადასაზიდად. საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა 19 დეკემბერს ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ 20-ზე მეტი ქვეყანა დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს საგანგებოდ შექმნილ კოალიციაში, რომელიც იემენის მახლობლად, წითელი ზღვის წყლებში გემების დაცვას უზრუნველყოფს.

„მაერსკის“ გემს სინგაპურიდან 14,000 კონტეინერი გადაჰქონდა. კომპანიამ თქვა, რომ Maersk Hangzhou-ის ეკიპაჟის ეკიპაჟი უსაფრთხოდაა და გემზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ხანძრის ნიშნები არაა. ის აგრძელებს მოგზაურობას ჩრდილოეთის მიმართულებით, სუეცის არხისკენ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ, ABC-სთან ინტერვიუში არ უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები პრევენციულ დარტყმას ჰუთებზე. ის მხოლოდ შემდეგი განცხადებით შემოიფარგლა: „ჩვენ საჯაროდ ვუთხარით ჰუთებს, პირადად ვუთხარით ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში, რომ ამ საფრთხეებს სერიოზულად ვიღებთ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG