ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ერაყში, იემენსა და ირანში განხორციელებულ საპასუხო მოქმედებებზე მიანიშნებს


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამშაბათს მიანიშნა, რომ ერაყში, იემენსა და ირანში საპასუხო მოქმედებები განხორციელდა ისრაელზე თავდასხმებისთვის. ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ წამოწყებული ომი, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რეგიონის სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა.

„ჩვენ მრავალფრონტიან ომში ვართ. თავს გვესხმიან შვიდი მიმართულებიდან: ღაზა, ლიბანი, სირია, იუდეა, სამარია [დასავლეთ სანაპირო], ერაყი, იემენი და ირანი. ჩვენ უკვე ვუპასუხეთ და მივიღეთ ზომები ექვსივე მიმართულებით “, - თქვა თავდაცვის მინისტრმა ისრაელელ კანონმდებლებთან საუბრისას.

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყებამ, 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, გავლენა მთელ რეგიონზე იქონია. ისრაელს თავს დაესხნენ ლიბანიდან და სირიიდან. ომს ასევე მოჰყვა რეიდები პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.

თუმცა, ისრაელს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია მსგავსი ქმედებების შესახებ იემენში. იემენის დიდ ნაწილს, ირანთან დაკავშირებული ჰუსიტები აკონტროლებენ, რომლებიც შორი დისტანციური რაკეტებითა და თვითმფრინავებით დაესხნენ თავს ისრაელს. გარდა ამისა, ჰუსები წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს ესხმიან თავს, ასევე ისრაელის "ჰამასზე" თავდასხმის საპასუხოდ.

ისრაელს არც ერაყში განხორციელებულ რაიმე ოპერაციაზე გაუკეთებია კომენტარი. ერაყში, პროირანულმა მილიციამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელის სამხრეთ საპორტო ქალაქ ეილატზე დრონით მიიტანეს იერიში.

ინფორმაცია არაა არც ირანის შიგნით განხორციელებულ რაიმე ქმედებაზე. ირანი ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგეა, რომელიც ღაზაში "ჰამასს", ლიბანში "ჰეზბოლას" და იემენში ჰუსიტ მებრძოლებს აფინანსებს.

XS
SM
MD
LG