ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული მედიის ცნობით, ირანის სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა


ირანის სამხედრო ხომალდი „ალბორცი“ წითელ ზღვაში შევიდა. ცნობას 1 იანვარს ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ ავრცელებს.

წითელ ზღვაში დაძაბულობა ისრაელ-"ჰამასის" ომის ფონზე იზრდება. თეირანის მოკავშირე ძალებს ზღვაში მოძრავ სატრანსპორტო გემებზე იერიში მიაქვთ.

სააგენტო იტყობინება, რომ ირანის სამხედრო ხომალდები ღია წყლებში მოქმედებდნენ გემების მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა ამოცანების შესასრულებლად.

იემენის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები ნოემბრიდან თავს ესხმიან გემებს წითელ ზღვაში, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფებას „ჰამასს“, რომელსაც ისრაელი ებრძვის.

ამის საპასუხოდ, ბევრი მსხვილი გადამზიდავი კომპანია გრძელ და ძვირადღირებულ მარშრუტზე გადავიდა. ისინი თავს არიდებენ სუეცის არხს, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% მოდის.

აშშ-ის მეხუთე ფლოტმა განაცხადა, რომ ვერ ისაუბრებს ირანის საზღვაო ფლოტის სახელით და არ გააკეთებს კომენტარს ირანის გემის გადაადგილების შესახებ დაუდასტურებელ ცნობებზე.

ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ რეზა აშტიანმა 14 დეკემბერს წითელ ზღვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არავის შეუძლია ნაბიჯის გადადგმა რეგიონში, სადაც ჩვენ გვაქვს უპირატესობა“.

ჰუთი მებრძოლები შაბათს და კვირას თავს დაესხნენ „მაერსკის“ კონტეინერებით დატვირთულ ხომალდს რაკეტებითა და პატარა ნავებით, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა შეეჩერებინა ნაოსნობა წითელ ზღვაში 48 საათის განმავლობაში. თავდასხმის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა იემენელი მებრძოლების გემები ჩაძირა და 10 მებრძოლი მოკლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG