ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იზოლირებული ყატარი გაზის წარმოების ზრდას აპირებს


პოლიტიკურად იზოლირებული ყატარი აცხადებს, რომ მომდევნო წლებში გათხევადებული ბუნევრივი აირი წარმოებას 30%-ით გაზრდის.

ყატარის სამთავრობო ენერგო კომპანიამ „ყატარ პეტროლეუმმა“ ეს განცხადება დღეს დოჰაში გააკეთა, მას შემდეგ რაც ყატარის მთავრობამ ოთხი არაბული ქვეყნის მიერ წაყენებულ პირობებს უპასუხა. „ყატარ პეტროლეუმ“-ის პრეზიდენტი საად შერიდა ალ-კააბის თქმით, ეს ზრდა ყატარის გაზის წარმოებას წელიწადში 77 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე გაზრდის.

ყატარის მთავარმა დიპლომატმა გუშინ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების მიერ წაყენებულ პირობებს უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი ქუვეითის ემირმა შეიხ საბა ალ აჰმად ალ საბამ მიიღო, მინისტრმა მას ყატარის ემირის თამიმ ბინ ჰამად ალ თანის ხელნაწერი წერილი გადასცა.

წერილის ტექსტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ალ თანიმ ამ წერილის გაგზავნამდე უკვე განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნებისგან წაყენებული პირობების შესრულება შეუძლებელი იყო.

საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ყატართან დიპლომატიური და კომერციული კავშირები 5 ივნისს გაწყვიტეს, როცა ყატარის მთავრობა ირანთან კავშირებში და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

ყატარმა ბრალდებები უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა. ალ თანის თქმით, მეზობლების მიერ წაყენებული პირობები - ყატარიდან თურქული დანაყოფების გაყვანა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას დახურვა“ და ირანთან კავშირების შეწყვეტა - ყატარის სუვერენიტეტის ხელყოფის გარეშე შეუძლებელია.

ამერიკის სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის განცხადებით, „ძალიან რთული იქნება“ ყატარისთვის იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც მისგან საუდის არაბეთი და მოკავშირეები ითხოვენ. ტილერსონმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა უთანხმოება დიპლომატიური გზებით გადაწყვიტონ.

ტილერსონმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ყატარმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მოთხოვნები ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავს.

ქუვეითმა, რომელიც ყატარსა და ოთხ არაბულ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების მედიატორი იყო, ყატარისთვის მიცემული 10 დღიანი ვადის გადაწევა ითხოვა. ქუვეითის და საუდის არაბეთის საინფორმაციო წყაროებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ვადა ორშაბათს დღის ბოლომდე გადაიწია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ თემაზე სატელეფონო საუბრები გამართა საუდის მეფესთან, ყატარის შეიხთან და აბუ დაბის პრინცთან.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ტერორიზმთან და ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან ბრძოლაში რეგიონული ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ყატარის პასუხი და ოთხი ქვეყნის მომდევნო ნაბიჯები იქნება განხილული ქაიროში, სადაც ლიდერები ოთხშაბათს იკრიბებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG