ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის გადაყენებული პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი დააპატიმრეს


სამშაბათს, პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, ისლამაბადის უზენაეს სასამართლოში დააპატიმრა. იმ დროს, როდესაც მისმა პარტიამ „ქვეყნის პარალიზებისთვის“ ეროვნული პროტესტებისკენ მოუწოდა, ეს დრამატული ნაბიჯი, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაში ახალი არეულობის საფრთხეს აჩენს.

დაპატიმრების ვიდეოში ჩანდა უსაფრთხოების ძალების სრულად აღჭურვილი ათობით თანამშრომელი, რომლებიც ხანს გარს შემოერტყნენ და შავ ფურგონში ხელჩაკიდებული შეიყვანეს.

ხანის მშობლიურ ქალაქ ლაჰორში, სადაც პოლიცია გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანეს, მისმა ათობით მხარდამჭერმა ქუჩები გადაკეტა. სააგენტო „როიტერის“ თვითმხილველების თანახმად, დემონსტრანტებმა ასევე საპორტო ქალაქ ყარაჩის მთავარი გზაც გადაკეტეს.

ხანის პარტია "პაკისტან თეჰრიქ-ე-ინსაფმა", მხარდამჭერებს „პაკისტანის გაჩერებისკენ“ მოუწოდა.

70 წლის ხანი, კრიკეტის ყოფილი გმირია და აქტიურად აგრძელებს პოლიტიკაში მონაწილეობას. ის ნოემბერში მის კორტეჟზე თავდასხმის დროს დაჭრეს, როცა იმრან ხანი ვადამდელი საყოველთაო არჩევნების მოთხოვნით, ისლამაბადზე საპროტესტო მარშს უძღვებოდა.

ლაჰორის სახლში ხანის დაპატიმრების წინა მცდელობებმა, მის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის მწვავე შეტაკებები გამოიწვია.

იმრან ხანის დაპატიმრების ორდერი ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1 მაისს გასცა. სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „ხანს ბრალად კორუფცია და კორუფციული საქმიანობა ედება.“

პაკისტანში არც ერთ პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე სრული ვადით არ უმსახურია და ქვეყნის ისტორიის თითქმის ნახევრის განმავლობაში, პაკისტანს სამხედროები მართავდნენ.

XS
SM
MD
LG