ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ქრისტიანი ქალის ციხიდან გაშვება დაყოვნდა


მკრეხელობაში ბრალდებული, სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ციხიდან გათავისუფლება შეყოვნდა. ის პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ, განაჩენიდან 8 წლის შემდეგ, ამ კვირის დასაწყისში გაამართლა.

ოთხშაბათს, პაკისტანელი აზია ბიბის გამართლებამ, მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ მეტი აქციაა დაგეგმილი.

სამხედროებმა გაფრთხილება გააჟღერეს, რომ დემონსტრანტების მიმართ მათი მოთმინება „უკიდურეს წერტილამდე“ მივიდა. შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა ასიფ გაფურმა განაცხადა: „ჩვენს მიმართ გამოთქმულ კომენტარებს ვითმენთ, მაგრამ კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“

აზია ბიბი მუშა იყო და დღიური გამომუშავებით ცხოვრობდა. ის ცხარე კამათის შემდეგ დააკავეს, რომელიც აზია ბიბის მასთან ერთად კენკრის კრეფაზე მომუშავე ქალთან მოუვიდა. სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ქალებთან შეკამათება მას შემდეგ მოხდა, რაც აზია ბიბის მიერ მიტანილი წყლის დალევაზე უარი იმ მიზეზით განაცხადეს, რომ ის ქრისტიანი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, კაცმა სახელად ქარი მუჰამად სალაამი, პოლიციაში ამ კამათის თაობაზე საჩივარი შეიტანა. მომჩივანი აცხადებდა, რომ ბიბიმ, სხვა ქალების წინაშე, ისლამის წინასწარმეტყველის მისამართით შეურაცხმყოფელი გამოთქმები გამოიყენა.

2010 წელს, სასამართლომ აზია ბიბის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯა. მას შემდეგ, სანამ მისი საქმე აპელაციის პროცესში იყო, ის 8 წელი ციხეში იმყოფებოდა.

ბიბის ადვოკატმა საიფ-ულ-მულუკმა თქვა: „განაჩენმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში, უმცირესობებს და საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენებს, სასამართლო სისტემის ნაკლოვანებების მიუხედავად, სამართლის მიღება შეუძლია.“ თუმცა, მეტწილად მუსლიმებით დასახლებულ პაკისტანში, სადაც მხოლოდ დაბრალების გამო ადამიანები მოუკლავთ და ბრბოს ლინჩის წესითაც დაუსჯია, მკრეხელობა ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარე საკითხია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG