ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ ჰემფშირელები ადრეული პრაიმერით ამაყობენ


ნიუ ჰემფშირელები ადრეული პრაიმერით ამაყობენ

დღევანდელი პრაიმერი ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე რესპუბლიკელ კანდიდატთა ნომინანტი პირველ თუ არა, მეორე პრაიმერს აუცილებლად იგებს.

ნიუ ჰემფშირში წინასაარჩევნო კამპანია ზენიტშია. ამომრჩევლებს კანდიდატების ახლოს გაცნობა სურთ. მიტ რომნიც ელექტორატს დიდი ენთუზიაზმით ხვდება, მათ კითხვებს პასუხობს, ავტოგრაფებს არიგებს და მათთან ერთად ფოტოებს იღებს.

ამომრჩეველთა სიმპათიები აქ განსაკუთრებით იგრძნობა. მიტ რომნიმ კარგად იცის, რომ თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა ნიუ ჰემფშირზე გადის.

ოთხ წელიწადში ერთხელ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნიუ ჰემფშირის შტატის მყუდროებას საპრეზიდენტო კანდიდატების ამალა და მედიის უზარმაზარი არმია არღვევს. ახლად დაწინაურებული კანდიდატის, პენსილვანიელი სენატორის რიკ სანტორუმის გუნდი ყურადღებას ქაოსით და ხმაურით იქცევს.

ის მოულოდნელად მანქანების სადგომზე ჩნდება და მაშინათვე ამომრჩეველთა დიდ ალყაში ექცევა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რესპუბლიკელებს ახალი სახის გამოჩენა უხარიათ და მის მოსმენას არიან მოწყურებულნი.

„ჩემი მეუღლე ჯერ არ მიმხელს, მაგრამ უკვე იცის, თუ ვის აძლევს ხმას. ამბობს, რომ 95 პროცენტით დარწმუნებულია. მე კი ჯერ ვერ გადამიწყვეტია. ჩვენს შტატს დიდი უპირატესობა აქვს. როგორც წესი, ყველა წამყვანი კანდიდატი აქ ჩამოდის და მათ პირადად ვხვდებით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ძალიან კარგია, როცა ადამიანს პირადად გაიცნობ, ხელს ჩამოარმევ და თვალებში ჩახედავ. ზოგჯერ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგჯერ - არა. მაგრამ მაინც ჯობია, რომ ამის საშუალება გქონდეს“ .

ეს რესპუბლიკელი ამომრჩეველი გრეგ გალანტია, რომელიც რიკ სანტორუმთან შეხვედრაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა.

კანდიდატებთან შეხვედრას რეგისტრირებული დემოკრატებიც ესწრებიან. მარი კლერ ჰეფერნანიც მათ შორისაა.

ეს უნიკალური შანსია და ჩვენ საკუთარ პასუხისმგებლობას სერიოზულად აღვიქვამთ. მეამაყება, რომ კანდიდატებთან შეხვედრის საშუალება მაქვს, რომ ყურადღების ცენტრში ვართ, ყველა აქ ჩამოდის, მათ პირადად ვიცნობთ, რომ ჩვენს ხმას მნიშვნელობა აქვს და ყველა ხმის მისაცემად მიდის“.

ვეტერანი ჟურნალისტი ტომ დე ფრანკი ამერიკულ არჩევნებზე 1968 წლის შემდეგ წერს. ის ამბობს, რომ ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და საპრეზიდენტო ნომინაციის კანდიდატებმა ეს ყველაზე კარგად იციან. სწორედ ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა წამყვანი კანდიდატი დღეს აქ იმყოფება, აღნიშნავს ჟურნალისტი.

ჯუდი და მაიკლ ლოპასკები მათთან შესახვედრად შორიდან, პენსილვანიის შტატიდან ჩამოვიდნენ. ეს პროცესი ძალზე ამაღელვებელია, ამბობს ჯუდი. „მეამაყება, რომ ამერიკელი ვარ და მოვლენების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა შემიძლია“.

აქ მოსულთა შორის ბევრს გონია, რომ კარნავალზე იმყოფება, რაც გარკვეული დოზით სიმართლეს ჰგავს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, არჩევნები ძალიან სერიოზული საქმეა. ეს დემოკრატიაა. ასეა“- ამბობს მისი მეუღლე, მაიკლ ლოპასკი.

მას შემდეგ, რაც ნიუ ჰემფშირი ამერიკის ისტორიაში კიდევ ერთხელ შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, უმაღლესი პოსტის მოსურნე კანდიდატები შტატს სწრაფად დატოვებენ. ნიუ ჰემფშირი ცხოვრების ჩვეულ, მშვიდ რიტმს დაიბრუნებს. დასუფთავდება ქუჩები, დაიცლება სასტუმროები, და კანტი-კუნტად ჩამომავალ ტურისტებს ძველებურად მოხიბლავს ულამაზესი მთიანი ლანდშაფტი გამწვანებული პატარა ქალაქებით და კოლონიური არქიტექტურის ეკლესიებით.

საპრეზიდენტო კანდიდატების მრავალრიცხოვანი არმია კი მედიის კიდევ უფრო დიდი კორტეჟის თანხლებით 21 იანვარს სამხრეთ კაროლინას ააწიოკებს.

XS
SM
MD
LG