ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაიმერები - როგორ ირჩევს ამერიკა?


პრაიმერები - როგორ ირჩევს ამერიკა?

პრაიმერების სეზონი გაიხსნა. პოლიტიკურ პროცესს, რომლის საბოლოო მიზანს ამერიკის პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს, საკმაოდ რთული მექანიზმი აქვს. პრაიმერი, ანუ შიდა-პარტიული არჩევნები, პარტიის საბოლოო ნომინანტის გარკვევის რამდენიმეთვიანი პროცესია და საპრზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ ფაზას წარმოადგენს.

შტატი შეიძლება ზომით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან პატარა იყოს, მაგრამ როდესაც იქ არჩევნები ტარდება, ის მაშინათვე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. ნიუ ჰემფშირზე იმასაც კი ამბობენ, რომ თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა სწორედ ამ შტატზე გადის. ერთ-ერთი ადრეული პრაიმერი ტრადიციულად ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამ პატარა შტატში იმართება და მისი შედეგი ხშირად მთელი შემდეგი პრაიმერების ტონს განსაზღვრავს.

პრაიმერებზე შტატების უმრავლესობაში მხოლოდ იმ პარტიის რეგისტრირებული ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, რომლის საბოლოო ნომინანტის არჩევაც მიმდინარეობს. უმრავლესობისგან განსხვავებით ნიუ ჰემფშირის პრაიმერებში ტრადიციულად ორივე პარტიის ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

გვესაუბრება კენდის ნელსონი, არჩვნების ექსპერტი:

„პრაიმერების მიზანი ხალხთან უშუალო შეხვედრებია. კანდიდატები ამომრჩევლებს პირისპირ ხვდებიან და თავს უკეთ აცნობენ. იანვარში დაწყებული პრაიმერები რამდენიმე თვე მიმდინარეობს და ისეა მოწყობილი, რომ ელექტორატს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრაიმერების შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე უნდა დარჩეს“.

მსგავს შეხვედრებს სპეციალისტები საბითუმო პოლიტიკას უწოდებენ. კანდიდატები ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ, ყველას ხელს ართმევენ, შეკითხვებს პასუხობენ, ავტოგრაფებს არიგებენ და ხალხთან ერთად ფოტოებს იღებენ. კანდიდატებსაც ეძლევათ შანსი ელექტორატის განწყობებს უშუალოდ გაეცნონ.

„სცენასავით, საკონვენციო დარბაზივითაა, სადაც კანდიდატები საკუთარი საქონლის გასაყიდად მოდიან. ჩვენ მათ ამის უფლებას ვაძლევთ. საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს ის, ვინც უფრო მარჯვედ გაყიდის“ - აღნიშნავს აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი შტეფან შმიტი.

კანდიდატები ყიდიან, ამომრჩევლები კი ყიდულობენ. ხალხს იმედი აქვს, რომ მსგავს თავყრილობებზე კანდიდატებს საკუთარ პრობლემებსაც გააცნობენ. ფილ ელიოტი, პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ „წინასაარჩევნო შეხვედრებზე მართლაც უამრავი ხალხი მიდის, კანდიდატების ნახვას საათობით ელოდებიან და მათთვის შეკითხვების დასმის და პასუხების მოსმენის დიდი იმედი აქვთ“

პრაიმერების ტრადიციული, 3-4-თვიანი სეზონი დროთა განმავლობაში თანდათან მცირდება. შტატებს სურთ რაც შეიძლება ადრე ჩაატარონ არჩევნები, რათა უკეთ წარმოჩდნენ და მეტი მნიშვნელობა შეიძინონ. ზოგიერთი პოლიტიკოსი უფრო შორს მიდის და მხოლოდ ერთი პრაიმერის ერთდროულად ყველა შტატში ჩატარების ინიციატივითაც კი გამოდის.

მარკ რომი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი პრაიმერების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს:

„პრაიმერების მთავარი ღირსება ისაა, რომ მთელ ამერიკაში თითოეული ინდივიდუალური ხმა საბოლოო ნომინანტის არჩევაში თანაბრად ფასობს. მაგრამ ცუდია ის, რომ უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელიც არჩევნებისთვის მეტ თანხას მოიზიდავს და საპრეზიდენტო მარათონის საწყის ეტაპზე ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს“.

პრაიმერებზე მიცემული თითოეული ხმა პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ერთი დელეგატის მანდატად ითვლება. დელეგატთა ხმების უმრავლესობის მოპოვების შემდეგ კანდიდატი პარტიის ნომინანტი ხდება და რამდენიმე თვეში, 2012 წლის 6 ნოემბერს იმ გადამწყვეტ ბრძოლაში ებმება, რომელმაც ის შესაძლოა თეთრ სახლამდე მიიყვანოს.

XS
SM
MD
LG