ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოსთან საბაჟო მონიტორინგის შეთანხმებას თავდაყირა აყენებს


ოკუპირებული როკის გვირაბი, რომლის სიახლოვესაც შვეიცარიელი მონიტორები უნდა განთავსდნენ
ოკუპირებული როკის გვირაბი, რომლის სიახლოვესაც შვეიცარიელი მონიტორები უნდა განთავსდნენ

რამდენად შეძლებს შვეიცარიული კომპანია SGS (General Society of Surveillance) საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის რეალურად განხორციელებას? ეს კითხვა ხელახლა გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ 6 წლისა და 6 თვის დაგვიანებით, 18 მაისს, SGS-თან კონტრაქტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ კი ანალოგიური კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან 2017 წლის დეკემბერში გააფორმა.

SGS-მა მონიტორინგი, 2011 წლის ნოემბერში, აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე, ჟენევაში გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების საფუძველზე უნდა განახორციელოს. ეს შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებისთვის, საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ, რუსეთის მხრიდან ერთგვარი დათმობა იყო.

თბილისი სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს 1992 წლის ოქტომბრიდან ვერ აკონტროლებს
თბილისი სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს 1992 წლის ოქტომბრიდან ვერ აკონტროლებს

შეთანხმება სამი სავაჭრო კორიდორის: ადლერი - ზუგდიდის, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელი ნარი - გორის და ყაზბეგი - ზემო ლარსის შექმნას ითვალისწინებს. ნეიტრალურ შვეიცარიულ კომპანია SGS-ს ამ დერეფნებში შემავალი და გამავალი ტვირთების მონიტორინგი ევალება.

საქართველოსთვის ყველაზე მთავარი ამ შეთანხმებაში ის, არის, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო მონიტორინგის მონაცემებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზის (IDB) გარდა, თბილისიც მიიღებს. ეს კი მოსკოვის მხრიდან, საქართველოს ლეგიტიმური უფლების ირიბ აღიარებას ნიშნავს, ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა ტვირთები მოძრაობს რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.

შვეიცარიელი მონიტორები შეთანხმების მიხედვით: გორთან, ზუგდიდთან, ადლერთან და როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს უნდა განთავსდნენ. მათ ყაზბეგი-ლარსის საბაჟოზე ქართველ და რუს მებაჟეებთან ერთად ტვირთი ფიზიკურად უნდა შეამოწმონ, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი ტვირთს სპეციალური სტიკერი დააკრან და GPRS-ის სისტემით გააკონტროლონ.

SGS-ის მონიტორების განთავსების ადგილები
SGS-ის მონიტორების განთავსების ადგილები

რატომ შეიცვალა რუსეთის პოზიცია, რომელიც თითქმის შვიდი წლის მანძილზე ბლოკავდა ამ შეთანხმების ამოქმედებას და როგორი იქნება მოსკოვის შემდეგი ნაბიჯები?

ამის გარკვევას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, 24 მაისს, პრაღაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე გეგმავს:

პრაღაში შევეცდები მოვისმინო და გავიგო რას ფიქრობენ რუსები შემდეგი ნაბიჯების სახით, რას გეგმავენ, ვეცდებით ჩამოვყალიბდეთ ამ შეთანხმების თაობაზე"
ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი

„პრაღაში ჩვენი მთავარი განსჯის საგანი სწორედ 2011 წლის საბაჟო შეთანხმება იქნება, ვისაუბრებთ ამაზე, შევეცდები მოვისმინო და გავიგო რას ფიქრობენ, შემდეგი ნაბიჯების სახით რას გეგმავენ, ვეცდებით ჩამოვყალიბდეთ ამ შეთანხმების თაობაზე. წესით, შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ უნდა შეიქმნას სამმხრივი, ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება შეთანხმების რეალიცაზიის მიზნით, თუმცა მანამდე ქართულ-რუსული პოზიციებია შესაჯერებელი.“

რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების ამოქმედებას? ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეჟიმები, რომლებიც საერთოდ არ არიან შეთანხმებაში ნახსენები (სავაჭრო დერეფნების კოორდინატები UMT WGS84 სისტემით არის განსაზღვრული) იმუქრებიან, რომ „საკუთარ ტერიტორიებზე“ ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგს არ დაუშვებენ, ვინაიდან ეს მათ კი არა „რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მონიტორინგს“ ეხება.

შეთანხმება ასევე არ ითვალისწინებს სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების სატრანზიტო ტვირთების ამ სავაჭრო კორიდორებით გატარებას, ამას საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კრძალავს.

საქართველოს სამხედრო გზა - ზემო ლარსის მონაკვეთი
საქართველოს სამხედრო გზა - ზემო ლარსის მონაკვეთი

ოფიციალური მოსკოვი თავის მხრივ 2011 წლის შეთანხმებას სასურველი ინტერპრეტაციით გთავაზობს და ამტკიცებს, რომ თითქოს, საქართველომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით, „საკუთარი საბაჟო სივრცე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე განსაზღვრა." რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა ეს ინტერპრეტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გაახმოვანა, სანამ მოსკოვი SGS-თან კონტრაქტს გააფორმებდა.

დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2011 წელს ამ შეთანხმების გაფორმების დროს, შვეიცარიაში საქართველოს ელჩი იყო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს ხელშეკრულების „თავდაყირა“ დაყენების საშუალება არ უნდა მისცეს:

შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ მთავარი ამოცანაა იმ ტვირთების კონტროლი და აღრიცხვა, რომელიც რუსეთიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადის რუსეთში. რუსეთი ახლა ცდილობს ეს ტექსტი სხვაგვარად წარმოადგინოს"
ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი შვეიცარიაში

„რუსეთი ახლა ცდილობს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და წარმოადგინოს ისე, თითქოს, შეთანხმებაში საუბარია საბაჟო მონიტორინგზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. მაშინ როცა სინამდვილეში, შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ მთავარი ამოცანაა იმ ტვირთების კონტროლი და აღრიცხვა, რომელიც რუსეთიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადის რუსეთში.“

რუსეთის გადაწყვეტილებამ შვიდი წლის შემდეგ „გაეცოცხლებინა“ მივიწყებული შეთანხმება საქართველოში ილუზია არ უნდა გააჩინოს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიმდინარე წელს, ოკუპირებულ ტერიტორიების რუსულ საბაჟო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა სოხუმსა და ცხინვალში საკუთარ პუნქტები გახსნა და იქ წარმომადგენლებიც დანიშნა.

18 მაისს კი ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ბულავინმა შვეიცარიული კომპანია SGS-თან კონტრაქტი გააფორმა, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ადლერში, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურმა აფხაზ სეპარატისტთა „მებაჟეების“ “ოფიციალურ დელეგაციასთან“ გაფართოებული შეხვედრა გამართა.

აფხაზი "მებაჟეების" მიღება ადლერში
აფხაზი "მებაჟეების" მიღება ადლერში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG