ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

WTO: რუსეთს საქართველოსთან ამერიკის იმედი აქვს


აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი

საქართველოს ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ვეტო დაადოს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში(მსო), მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში გამართული რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მეჩვიდმეტე რაუნდი, კვლავაც უშედეგოდ დასრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რუსული მხარე, ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები არ აპირებენ სერიოზულად განიხილონ უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

რუსეთის უკიდურესად პოლიტიზირებული პოზიციის გამო, შეუძლებელი ხდება პროგრესის მიღწევა არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ ფუნდამენტურ საკითხებზე, არამედ ჰუმანიტარული ხასიათის თემებზეც. რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს აიღოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებაში, ჟენევის ბოლო რაუნდის შეფასებისას, ამერიკის ხმასთან კერძოდ აღნიშნა

„რუსები მზად არ არიან არცერთ თემაზე სათანამშრომლოდ, იქნება ეს დიდი და შედარებით ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, თუ შედარებით მცირე მნიშვნელობის საკითხები.

ფუნდამენტურ საკითხებს თუ შევეხებით, რუსები მზად არ არიან, აიღონ ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, საპასუხოდ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებისა.

არ არიან განიხილონ სერიოზულად უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მანდატის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებში, ისინი მზად არ არიან განიხილონ ევროპავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული შესრულება და მათი დაშვება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

ჩვენი ამოცანა არის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, მივიდეთ იქამდე, როცა შესრულდება სრულად 12 აგვისტოს ხელშეკრულება და მოხდება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების სრული დეოკუპაცია.“

რუსეთში კვლავაც იმედი აქვთ, რომ საქართველოს ბარიერს, თბილისის უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გადალახავენ.

აშშ-სა და რუსეთის საქმიანი საბჭოს (USRBC) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების პარალელურად, ჩიკაგოში მიმდინარეობდა, რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დეკემბერის ბოლომდე გაწევრიანდება.

შუვალოვი ვაშინგტონში, ამ თემაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა და მხარადაჭერა მიიღო. იგივე გაიმეორა ჩიკაგოში, ამერიკის სავაჭრო პალატის თავჯდომარის მოადგილემ ფრანსისკო სანჩესმა.

მან შუვალოვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება, დეკემბერის პირველ ნახევარში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინისტრების კონფერენციამდე უნდა მოხდეს. ამ შეხვედრას რუსეთის დუმის დეპუტატი ანატოლი აქსანოვი ესწრებოდა:

„ჩემი აზრით, დიდი ბარიერები აღარ არის. თუ არის ის, მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. იგივე საქართველო, ისევ გვიყენებს ბარიერებს. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ამერიკის კონგრესი უკვე მიხვდა რომ რუსეთის გაწევრიანება მსო-ში პირველ რიგში ამერიკისთვისაა მომგებიანი.

ხოლო ამერიკა სინამდვილეში სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც წყვეტს მიიღონ თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. პერსპექტივაში, რა თქმა უნდა ისეთი დიდი ეკონომიკა, როგორიც რუსეთია, უნდა იყოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში და იყოს მსო-ს წევრი.“

ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდს პირველად დაესწრო ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ელჩი ფილიპ ლეფორი. ჟენევაში ჩავიდა ყოფილი ელჩი პიერ მორელიც, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები.

დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ბოლო რაუნდზე, წინა პლანზე უსაფრთხოების საკითხებმა წამოიწია. აქამდე თბილისი მთავარ საკითხად მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ქართველი მებაჟეების დაშვებას აყენებდა. საბოლოოდ რუსეთმა ქართული მხარის ყველა ინიციატივა დაბლოკა.

რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი პეტროვი დარწმუნებულია, რომ ამერიკელების დახმარებით საქართველო ხისტ პოზიციას მალე შეცვლის

ნიკოლაი პეტროვი: „ჩვენ 17 წლიანი მოლაპარაკებს მანძილზე უკვე წავედით ყველა შესაძლო და დასაშვებ დათმობებზე და სხვა არანაირ დამატებით დათმობებზე არ წავალთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის პრობლემა რომელიც საქართველოს პოზიციასთან არის დაკავშირებული უახლოეს მომავალში მოიხსნება და რუსეთი მსო-ში წლის ბოლომდე გაწევრიანდება.“

როდის და რა შედეგით დაესმება საქართველოსა და რუსეთის მრავალწლიან დავას წერტილი ისევ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, დეკემბერში გამოჩნდება.

14 დეკემბერს ჟენევაში, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მეთვრამეტე რაუნდია დანიშნული. მეორე დღეს, 15 დეკემბერს, იქვე, ჟენევაში უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინისტერიალი იწყება, რომელიც 17 დეკემბრამდე გასტანს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო საქართველოსთან კომპრომისის გამონახვას შეძლებენ, მაშინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ისტორიულ გადაწყვეტილებას სწორედ ჟენევის მინისტერიალზე მიიღებენ.

XS
SM
MD
LG