ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თუ საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძლებს, ის იზოლაციაში მოექცევა. ასეთი აზრი გამოთქვა შვეიცარია-რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ცნობილმა შვეიცალიელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა გი მეთანმა (Guy Mettan).

ევროკავშირის და რუსეთის ბოლო მოლაპარაკების შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ახალ თარიღად - 2011 წლის გაზაფხული დასახელდა. მთავარ წინაღობად კვლავ რჩება საქართველოს პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი თბილისის დაყენებულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, საქართველო ვეტოს გამოყენებით იმუქრება,

ჟენევაში გამომავალ გაზეთ Le Temps-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, შვეიცარიელი პოლიტიკოსი გი მეთანი ამასთან დაკავშირებით ამბობს

"შედეგი დადგება ევროპელების და ამერიკელების შესაძლებლობით აიძულონ თბილისი გონების ხმას ყური დაუგდოს. კონფლიქტი მთლიანად იურიდიულ სიბრტყეში გადავიდა და იმის ალბათობა, რომ ის, იქ ჩარჩება დიდია. ვინაიდან, შედეგი მთლიანად პრეზიდენტ სააკაშვილის სიჯიუტეზეა დამოკიდებული.

მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროპამ მხარი დაუჭირეს რუსეთის კანდიდატურას, სააკაშვილი რისკავს სულ უფრო მზარდ იზოლაციაში მოექცეს. დასავლური კომპანიების დაინტერესება ივაჭრონ რუსეთთან მრავალჯერ აღემატება ინტერესს, ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერთობ არაერთმნიშვნელოვან რეჟიმს.“

საქართველოს მთავარი მოთხოვნაა მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, არსებული საბაჟოები ქართული სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მოექცნენ.

ამ მოთხოვნას კრემლში არასერიოზულად მიიჩნევენ, ვინაიდან მათთვის ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე "დამოუკიდებელი ქვეყნებია:.

მეგობარი ქვეყნები, მათ შორის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, თბილისს სთავაზობენ, მოხსნას პირველი მოთხოვნა და აქცენტი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე გააკეთოს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს

„თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს მოთხოვნა შეიძლება გახდეს საქართველოს ტერირორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის ბერკეტი, ეს არის უბრალოდ არაკომპეტენტური, არაპროფესიული მიდგომა.

მე სავსებით ვიზიარებ, ამერიკელების ამ მიმართულებას, რომ საქართველოს თანხმობა ქართული პროდუქციის რუსული ბაზრის გახსნაში გაიცვალოს. ეს არის ადეკვატური ფასი ამ ვითარებაში.

საქართველოს გაჯიუტებას მოჰყვება ერთადერთი რაღაც, მაინც აიძულებენ საქართველოს რომ ეს ნაბიჯი გადადგას და საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ ამ ყველაფრიდან არაფერი არ მივიღოთ. შეიძლება ის საფასური, რაც შეიძლება ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო სხვამ მიიღოს და იმ სხვამ გვაიძულოს რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ.“

2006 წლამდე რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა შემდეგ, მოსკოვმა ტოტალურად აკრძალა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა. ეკონომიკური ემბარგო დღემდე ძალაშია.

ნაწილი ექსპერტებისა ფიქრობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მხარდაჭერა ამ პრობლემას ავტომატურად მოხსნის. ნაწილი ამბობს რომ რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ერთიანი საბაჟო კავშირის შექმნის შემდეგ, ქართული პროდუქცია იქ ისედაც შევა.

ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი კი შიშობს, რომ მოსკოვმა შეიძლება გაწევრიანების შემდეგაც გააგრძელოს უკვე ფარული ემბარგოს პოლიტიკა, შემოიღოს ისეთი შიდა სტანდარტები, რომლებიც ქართული იმპორტისთვის მიუწვდომელი ან ეკონომიკურად მიუღებელი იქნება. კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი დავით ნარმანია ამერიკის ხმასთან ამბობს

„გარკვეული სიფრთხილე არის საჭირო რუსეთთან მიმართებაში. მართალია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დაავალდებულებს რუსეთს ცივილურად ივაჭროს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც, მაგრამ, კვლავ შესაძლებელია, პოლიტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რუსეთმა დაუყენოს საქართველოს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული იგივე პრობლემატური საკითხები, რაც თავის დროზე, ქართულ ღვონოზე ემბარგოს შემორების დროს დაუყენა.

ასე, რომ მსო-ში გაწევრიანების შემდეგაც, რუსეთისგან გარკვეული უკანონო და უსამართლო ქმედებების გამორიცხვა არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ძალიან მკაცრი სანქციები არა აქვს. ჩემი აზრით, რუსეთმა თუ რაიმე დაარღვია, მსო ისეთ მკაცრ სანქციებს არ მიიღებს, როგორსაც დავუშვათ, სხვა შედარებით პატარა ქვეყნის მიერ სავაჭრო კანონმდებლობის და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.“

7 დეკემბერს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს.

ბრიუსელში გაფორმებულ მემორანდუმს ისტორიული უწოდა, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთი ელის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ყოველწლიურად - 20 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ეფექტი ექნება.

სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების კათედრის დოცენტის დიმიტრი ლანკოს აზრით, საქართველოს პრობლემა თავისთავად მოგვარდება

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსი სტუდენტები საქართველოში სასწავლებლად მიიპატიჟა; მიიწვია რუსი ტურისტები რომ ჩავიდნენ და საქართველოში დაისვენონ; რუს ბიზნესმენებს შესთავაზა ინვესტირება განახორციელონ და განავითარო ბიზნესი საქართველოში.

ასე, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ამ ფრონტზეც, ქართულ ფრონტზე, ასევე მიდის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზება. რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია, ძალიან მალე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების გზაზე საქართველო ბარიერი აღარ იყოს.“

საქართველოს ხელისუფლებაში დღემდე აცხადებენ, რომ არანაირი კულუარული პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთთან არ მიდის და მთავარ მოთხოვნად კვლავაც ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული უკანონო საბაჟოების ლეგალიზება რჩება.

რა დათმობაზე წავა ქართული მხარე და როგორ განვითრდება მოვლენები, ეს ნათლად 2011 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცედურა დაიწყება.

XS
SM
MD
LG