ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამოქმედდება თუ არა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება?


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ტვირთების ბრუნვასა და გადაადგილებაზე კონტოლს, ასევე საბაჟო ადმინისტრირებას ითვალისწინებდა, ამოქმედდება. ამის თაობაზე ამერიკის ხმასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ისაუბრა. ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა, რაც წარმოადგენდა ერთგვარ ბენეფიტს იმის სანაცვლოდ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, შუამავალი მხარე, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა აეღო მონიტორინგის ტექნიკურ შესრულებაზე შვეიცარიული კომპანია SGS-ია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველომ დოკუმენტის იმპლემენტაციისთვის ყველა დეტალი მოაგვარა და ახლა ჯერი რუსულ მხარეზეა. კონკრეტულად კი მარტის თვეში შვეიცარიელ წარმომაგენლებს უკვე ხელთ ჰქონდათ ქართული მხარისგან ხელმოწერილი და შეთანხმებული დოკუმენტაცია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ამბობს, შვეიცარიული მხარე მოლაპარაკებებს საქართველოსთან და რუსეთთან პარალელურ რეჟიმში აწარმოებს.„ქართულ მხარესა და შვეიცარიულ კომპანიას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ტექსტზე მუშაობა დასკვნით ფაზაში შევიდა, 2015 წლის მარტში ქართულმა მხარემ შვეიცარიის მხარეს გადასცა ქართული მხარის მიერ გადამუშავებული კონტრაქტის ტექსტი. ამ ეტაპზე ქართული მხარე ელოდება შვეიცარიული მხარის პოზიციას. ანუ, ჩვენი მხრიდან პროცედურები დასრულებულია. ამასთანავე, შვეიცარიის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსული მხრიდან მუშაობის დასრულება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი, რასაც ჩვენც ასევე ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ასევე სწრაფად დასრულდება.

- ეს პირობები შესრულდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან?

„ჩვენ ეს ვალდებულება თავიდანვე აღბული გვაქვს. ეს შეთანხმება, რომელიც გაფორმდება შვეიცარიულ კომპანიასთან უნდა იყოს სარკისებური, ანუ, ზუსტად ანალოგიური უნდა გაფორმდეს რუსულ მხარესთანაც. მარტის შემდეგ სამი თვე გავიდა და პასუხს ველოდებით რუსული მხარისგან, უფრო სწორად, იმედი მაქვს, რუსული მხარე პასუხს მიაწოდებს შვეიცარიელ წარმომადგენლებს და შევთანხმდებით პირობებზე,“- ამბობს გიგი გიგიაძე.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ამერიკის ხმა ასევე დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ხელშეკრულების ამოქმედება ნაკლებად სავარაუდოა და რუსულ მხარესაც ეს მოლოდინი ჰქონდა, როდესაც ამ დოკუმენტს აწერდა ხელს. ამგვარი განწყობა იმითაა განპირობებული, რომ დოკუმენტი, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმდა სამწლიანია და მოქმედების ვადა 2015 წელს უმთავრდება.„რატომ აქამდე არ ამოქმედდა ეს ხელმშეკრულება, ამის თაობაზე რუსეთს შეუძლია ისიც განაცხადოს, რომ ეს საქართველოს ბრალიცაა. საქართველოს მხარემაც ვერ მოიფიქრა ფორმულა, როგორ შეიძლებოდა ამ ხელშეკრულების ამოქმედება. მართალი რომ ვთქვათ, თავიდანვე ეს ხელშეკრულება განწირული იყო იმისთვის, რომ იმ სახით, როგორც ის ჩაფიქრებული იყო, ვერ ამოქმედდებოდა. რადგან წინააღმდეგობაში მოდიოდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან. შეუსრულებელი წინააღმდეგობაა. რა თქმა უნდა, რუსული მხარე არ მოგაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ არღვევენ საქართველოს კანონდებლობას. რუსეთმა გათვალა ეს ყველაფერი და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას იმ განზრახვით, რომ მისი რეალიზაცია, სინამდვილეში, ვერ მოხდებოდა: ვერ შეთანხმდებოდნენ პირობებზე, ვერ შეთანხმდებოდნენ კომპანიაზე. თანაც ეს სამი წლის ვადა გავიდოდა და შემდეგ ახალ ხელშეკრულებას აღარ დადებდნენ, უბრალოდ, აღარ გააგრძელებდნენ და მორჩა. ამიტომ, მისი ამოქმედების იმედი ჩვენ მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს. მეორეც, რუსეთმა ერთიანი სივრცე შექმნა ეკონომიკური აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და როგორ შეიძლება ამის შემდეგ საუბარი ტვირთების აღრიცხვაზე და ამ ინფორმაციის მიცემაზე მესამე ქვეყნებისთვის“,- ამბობს კახა გოგოლაშვილი.

რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფონზე, მისთვის, როგორც ხელშეკრულების ხელმომწერის მხარისთვის, რეალობა შეცვლილია და ის არ ემთხვევა 2011 წელს არსებულ მდგომარეობას, როდესაც ფედერაციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დოკუმენტები ხელმოწერილი დე-ფაქტო ადმინისტრაციებთან, რაც რუსულ-სამხრეთ ოსურ, ასევე რუსულ- აფხაზურ ერთიან საბაჟო და ძალოვანი უწყებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ფაქტორი 2011 წელს რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ იმოქმედებს და პროცესები დაიძვრება. სამწლიანი ვადის გასვლის შემთხვევაში კი ხელშეკრულება ვადის ავტომატურად გაგრძელებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG