ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანამის დოკუმენტები - ბრალდებები, რეაქცია, რეალობა


საბუთები, რომელმაც ოფშორულ ზონებში დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე ასობით ადამიანის, პოლიტიკოსების, თუ ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოს ლიდერების ბიზნეს-გარიგებები ამხილა, პანამის დოკუმენტების სახელწოდებით გახდა ცნობილი. ანონიმურმა წყარომ აღნიშნული დოკუმენტაცია გამოქვეყნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ვაშინგტონში დაფუძნებულ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) გადასცა.

დოკუმენტები შეეხება რუსულ ბანკ „როსიასაც“, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები და მისი ნათესავები განკარგავენ. კონსორციუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ბანკი ათეულობით სესხს, ასობით მილიონ დოლარს ოფშორულ კომპანიებს ერთ დოლარად, ან კიდევ უფრო ნაკლებ ფასში აძლევდა. ბანკ „როსიას“ საქმიანობა, რომელიც პუტინის პირად საფულედ არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის სანქციებითაა შეზღუდული. ორშაბათს ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა უარყო ბრალდება, თითქოს პრეზიდენტის ახლობლებს და მოსკოვის ოფიციალურ პირებს ერთგვარი არხი ჰქონდათ გაჭრილი, რომლის საშუალებითაც ოფშორულ ანგარიშებზე სულ ცოტა, 2 მილიარდი დოლარი გადაირიცხა.

„ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა მაიკლ ჰადსონს, ვაშინგტონში დაფუძნებულ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მთავარ რედაქტორს, რომელიც ამბობს, რომ ოფშორული სამყაროს მაქინაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და გამოქვეყნებას ისინი ადრეც ახერხებდნენ. „შედარებით მცირე ზომის ამ ტიპის ინფორმაციის გაჟონვის ციკლს მაშინ უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ახლა რაც ხელში გვაქვს იმასთან შედარებით, ისინი ძალიან პატარად გვეჩვენება... ახალი ინფორმაცია, რომელიც გერმანიაში ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, 11.5 მილიონ დოკუმენტს მოიცავს 200 ათასი ოფშორული კომპანიის შესახებ, დაწყებული 1977 წლით, 2015 წლით დამთავრებული... გამორიცხული იყო ერთ ჟურნალისტს ამ საქმისთვის თავი გაერთვა. მთელი გუნდი შევკრიბეთ, ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პროექტზე 70 ქვეყნის 370 ჟურნალისტი და 100-ზე მეტი საინფორმაციო საშუალება მუშაობდა“ - ყვება მაიკლ ჰადსონი.

მისი თქმით, თავიდან დოკუმენტებს ცოტა სკეპტიკურად ეკიდებოდნენ, ვიდრე მათ შინაარს გულდასმით არ გაეცნენ. შემდეგ, დაახლოებით 6 თვის წინ, მიხვდნენ, რომ საქმე უმნიშვნელოვანესი სამხილების შემცველ საბუთებთან ჰქონდათ. „ეს გლობალური ეკონომიკის ბნელით მოცული მხარეა - თანხები, რომელიც ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეუმჩნევლად მიედინება... გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საუბარი მილიარდობით, ტრილიონობით დოლარზეა. ვინ აკონტროლებს ამ ფულს? სად მიდის ის? ხდება თუ არა გადასახადების გადახდა?“ - კითხულობს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მთავარი რედაქტორი. ის ასევე ხაზს უსვამს სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის ფაქტების მხილების აუცილებლობას.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ მაინც რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო, რაც ამ დოკუმენტებში იპოვეს, მაიკლ ჰადსონი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი იყო პოლიტიკოსების რაოდენობა. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 პოლიტიკოსი და საჯარო პირი ამოვიცანით... მათ შორის 12 მსოფლიოს ლიდერია.. პრეზიდენტები, მინისტრები, მეფეები... ისლანდიის და პაკისტანის მინისტრები, საუდის არაბეთის მეფე. ყოველ ფაქტზე ვერ იტყვი, რომ ვიღაც რაიმე სახის უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კითხვები ძალაუნებურად ჩნდება, როცა პოლიტიკოსებს და უმაღლესი დონის ლიდერებს საკუთარი თანხები ოფშორულ ზონებში გადააქვთ...

მსოფლიოს წამყვანი ლიდერების ნათესავებს შორის, რომლებიც ჩვენ ამგვარ ქმედებებში ვამხილეთ, არის პუტინის ქალიშვილის ნათლია. დოკუმენტებში ჩანს, რომ ის პუტინის ახლობლების ბანკის მაქინაციებში მონაწილეობდა, რომლის ფულადი გადარიცხვები ზოგიერთ შემთხვევაში 200 მილიონ დოლარს აღემატებოდა“.

კონსორციუმის მთავარი რედაქტორი არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, მონაწილეობდა თუ არა თავად პუტინი ამ გარიგებებში, რადგან მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. რუსეთის კანონმდებლობა ამდენად კარგად არ ვიცი, ამბობს ის. „მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ პუტინთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც მასთან მეგობრობენ, ან ბიზნესით არიან დაკავშირებული, უზარმაზარი თანხების უამრავი გადარიცხვის ფაქტში მონაწილეობენ, რომლებიც არც გამჭვირვალედ ხდებოდა და მეტიც, ჩუმად და საიდუმლოდ მიმდინარეობდა“.

მაიკლ ჰადსონი ყვება, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებამდე ისინი კრემლს დაუკავშირდნენ და მათ საკმაოდ დეტალური კითხვები დაუსვეს, თუმცა მოსკოვისგან პასუხი არ მიუღიათ. სამაგიეროდ, მოვიდა პასუხი პანამაში მოქმედი იურიდიული ფირმა „მოსაკ ფონსეკასგან“ - კომპანიისგან, რომელიც აღნიშნულ ოპერაციებს ახორციელებდა. მაიკლ ჰადსონის მონაცემებით, კომპანიას გარიგებები ჰქონდა სულ ცოტა 33 ისეთ სანქცირებულ ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ მაგალითად, მექსიკის ნარკოკარტელთან, ან ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლასთან“.

კომპანია „მოსაკ ფონსეკა“ აცხადებს, რომ დასახელებული ადამიანები მათი კლიენტები არ არიან და მათ შორის სულ სხვა შუამავალი იურიდიული ფირმები და დიდი ბანკებია. თუმცა, დღეს მათგან პასუხის მოთხოვნა მაიკლ ჰადსონის აზრით, ახლა იგივეა, რაც „ავტომწარმოებელს პასუხი აგებინო იმაზე, რომ მათ მიერ შექმნილი მანქანით ქურდობა მოხდა“.

XS
SM
MD
LG