ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არ არის ძველებურად" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ


“განსხვავება არის როგორიც იყო და როგორიც არის - არ არის ძველებურად...” - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ეს განცხადება, მასთან ციხეში სტუბრობის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის დედამ გააკეთა.

გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად, ექსპრეზიდენტის შვილებთან, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

"პირველი შეხვედრა იყო და გაგვიხარდა... კარგი იქნება, რომ [სამედიცინო] კვლევები ჩაუტარდეს... შიმშილობასთან დაკავშირებით მისი აზრი ვიცოდი და ამ საკითხზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, წამოვიწყე საუბარი, მაგრამ არ იყო ეს თემა მიღებული...

განსხვავება არის როგორიც იყო და როგორიც არის - არ არის ძველებურად... ძალიან პატარა მანძილი იყო კარებიდან იქამდე, სადაც დაჯდა და საერთოდ როგორ დადის, მაგას ვერ შევაფასებ... ვიზუალურად ძველებურად არ გამოიყურება, მაგრამ ეს არის ექიმების შესაფასებელი" - თქვა ციხის დატოვების შემდეგ ალასანიამ.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, განცხადება მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ გუშინ, „მთავარი არხის“ ეთერში გააკეთა. ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შევნიშნე, მე მესმის, რომ ექიმები უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით... იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მისი უფლებების მძიმე დარღვევას... არავითარი განსაკუთრებული ცვლილებები არ შეიმჩნევა, სააკაშვილი გამოიყურება მხნედ. როგორც მან თქვა, უნდა შეწყდეს მისი წინასწარ გლოვა, ცოცხალია და სიკვდილს არ აპირებს"- თქვა გვარამიამ.

ამ ფონზე, თავად სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, კიდევ ერთხელ მიმართავს ოპოზიციურ ამომრჩეველს.

"მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესია, არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება" - სააკაშვილის ეს წერილობითი განცხადება საზოგადოებას, ნიკა გვარამიამ გააცნო.

დღეს უკვე მე-11 დღეა, რაც სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ამ დრომდე შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს“ - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG