ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მენენდესი: "მამაცი უკრაინელები აჩვენებენ, რამდენად სუსტია პუტინის არმია"


მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო თითქმის ერთი წელი გავიდა. დემოკრატი სენატორი და ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ბობ მენენდესი ამბობს, რომ ამ პერიოდმა ცხადყო, რომ რუსეთი ისევე როგორც პუტინი „სუსტია“, ხოლო უკრაინელი ხალხი მამაცი.

„როდესაც პუტინმა ძალები შეკრიბა უკრაინის საზღვართან უმეტესობა ფიქრობდა, რომ რუსი სამხედროები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერები იყვნენ დედამიწაზე. მაგრამ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მამაცი უკრაინელები, სამხედროებიდან დაწყებული პენსიაზე გასული ბებიებით დამთავრებული აჩვენებენ თუ რამდენად სუსტია კრემლის არმია,“- ამბობს დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი.

მენენდესმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკასა და ნაბიჯებს, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარება უფრო ჩქარი ტემპით უნდა მიეწოდებოდეს.

„მე მხარს ვუჭერ [ბაიდენის] ადმინისტრაციის პასუხს პუტინის უკრაინაში შეჭრაზე, უკრაინისთვის კრიტიკული იარაღის მიწოდებასა და წვრთნებზე, ევროპაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით მილიონობით ლტოლვილის მიღებას, რომლებიც ომს გაექცნენ. მაგრამ უფრო მეტს მოველი და ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა უკრაინას უფრო მალე უნდა მიეღო,“- ამბობს სენატორი მენენდესი.

სენატორს მიაჩნია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ის ამბობს, რომ ის რასაც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ადევნებს თვალს, იქნება ეს საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, თავშესაფრებზე, საავადმყოფოებზე სარაკეტო იერიშები თუ სხვა, „პუტინის სისუსტის“ გამოვლინებაა.

„ლიდერი რომელიც თავის ჯარისკაცებს გზავნის ბრძოლაში საკვების გარეშე, სუსტია. არმია, რომელიც თავის ახალწვეულებს ვიკიპედიიდან აღებული ინფორმაციით ასწავლის იარაღის გამოყენებას სუსტია. გენერლები რომლებიც 2022 წლის ომში1960-იანი წლების რუკებს იყენებენ სუსტები არიან. არაფერი ხაზს არ უსვამს პუტინის სისუსტეს როგორც „ვაგნერის“ დაქირავებულთა ჯგუფზე დამოკიდებულების ზრდა. ჯგუფზე რომელსაც [ევგენი პრიგოჟინი] პუტინის ყოფილი შეფ-მზარეული, ყოფილი მსჯავრდებული, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კაცი ხელმძღვანელობს. ეს არის ჯგუფი რომელიც ადამიანების რეკრუტირებას ციხეებიდან ახდენს და გზავნის მათ ბრძოლაში, როგორც საქვემეხე ხორცს,“- ამბობს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ბობ მენენდესი და განმარტავს, რომ რაც უფრო წარუმატებელია რუსეთის ჯარი მით უფრო გაიზრდება კრემლის დამოკიდებულება, გასამხედროებულ არაოფიციალურ ჯგუფებზე.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ცნობით, ვაშინგტონმა კიევს უკვე მიაწოდა 18 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება. თავდაცვის დეპარტამენტი განმარტავს, რომ უკრაინელ კოლეგებთან მუშაობა გრძელდება რათა დროულად დაკმაყოფილდეს საჭიროებები, რაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG