ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღეროვანი უჯრედის გადანერგვით აივ ინფექციისგან უკვე მეორე ადამიანი განიკურნა


დღეს საგანგებო პრესკონფერენცია იმართება, რომელიც მეცნიერების მიერ მიღწეულ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან შედეგს ეძღვნება. ლონდონელი პაციენტი უკვე მეორე ადამიანია, რომელიც აივ ინფექციისგან შეიძლება განკურნებულად ჩაითვალოს.

შიდსის გამომწვევი ინფექციისგან მისი განკურნვა შესაძლებელი გახდა ღეროვანი უჯრედის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ. პაციენტს აივ ინფექციის დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს და ის მას შემდეგ ტრადიციული მეთოდებით, ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობდა.

მოგვიანებით, ლონდონელ პაციენტს ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზიც დაუსვეს. მეორე დიაგნოზმა ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის გადაწყვეტილება დააჩქარა.

ოპერაცია მას 3 წლის წინ გაუკეთეს. პაციენტის განკურნვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იშვიათი გენეტიკური მუტაციის მქონე დონორის აღმოჩენას, რომელიც ვირუსისადმი ძალიან რეზისტენტული აღმოჩნდა.

ინფექციის საწინააღმდეგო ტრადიციული მკურნალობა ოპერაციის შემდეგაც გაგრძელდა და ის პაციენტს 18 თვის წინ შეუწყვიტეს. ამ ეტაპზე ყველა ტესტი ადასტურებს, რომ ლონდონელი პაციენტი ჯანმრთელია.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში აივ ინფექციით დაავადებული 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ანტირეტროვირუსულ მკურნალობას 22 მილიონი ადამიანი გადის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG