ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის სიკვდილიდან შვიდი წლის თავზე ლიბიაში არეულობას ბოლო არ უჩანს


გასული შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ 17 თებერვალს, ტრიპოლის წამებულთა მოედანზე ადამიანები იკრიბებოდნენ და დროშების ფრიალით ახალ დასაწყისს ზეიმობდა. შვიდი წელია, რაც კადაფი ქვეყანას აღარ მართავს, მაგრამ ლიბიელი ხალხის ბევრი იმედი დღემდე არ გამართლდა.

თავდაპირველი ეიფორია შორეულ მოგონებად დარჩა. რიგითი ლიბიელების ცხოვრება სულ უფრო მეტად რთულდება: შეუსაბამო ჯანდაცვა, უკონტროლო ინფლაცია, ფულის ნაკლებობა. ამ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში საწვავიც კი პრობლემაა.

პოლიტიკურ დონეზე, 2011 წლის შემდეგ, ცოტა რამ შეიცვალა. შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა ღრმა გათიშულობაზე და ამჟამინდელი, ეგრეთწოდებული "ეროვნული თანხმობის მთავრობის" წინაშე მდგარ მართვის სიძნელეზე მიანიშნებს.

ორგანიზაცია „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარი ტიმ იტონი ამბობს, რომ გაეროს მიერ მხარდაჭერილ, ეროვნული თანხმობის მთავრობას ტრიპოლიზე ძალიან მცირე კონტროლი აქვს. "მთავრობა კონტროლის შესანარჩუნებლად ადგილობრივ შეიარაღებულ ჯგუფებთან კავშირს ეყრდნობა. ქალაქის გარეთ კი უფრო ნაკლები კონტროლი შეუძლია.“

ამის მიუხედავად, გაეროს ამბიციური გეგმა აქვს, რომ წელს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, ლიბიაში სტაბილურობა დამყარდება.

ლიბიაში გაეროს დესპან გასან სალამეს თქმით, „არჩევნებისთვის რამდენიმე წინაპირობა არსებობს. ამ დროისთვის, მხოლოდ ამომრჩეველთა რეგისტრაციის დაწყებას მივაღწიეთ.“

სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების არსებობის პირობებში, 2011 წლის მსგავსად, დამკვირვებლები სკეპტიკურად არიან განწყობილი და შეშფოთებას გამოთქვამენ.

იტონის აზრით, არჩევნების "სწორად ჩასატარებლად პირობები არ არსებობს. მთელ ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტირება არავის შეუძლია. გაეროს როგორ შეუძლია იმის გარანტიის მიცემა, რომ ამ საქმეში ჩართული მხარეები დამდგარ შედეგს დაეთანხმებიან?“

შვიდი წლის წინანდელი დღეებისგან განსხვავებით, ახლა საზეიმო ბევრი არაფერია. ლიბიელებისთვის ეს უკიდურესად დანაწევრებული ქვეყნის რეალობასთან ყოველდღიური ბრძოლაა.

საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ იმ ერთობის და მშვიდობის მისაღწევად, რომელიც ამჟამად მხოლოდ ლიბიელების ოცნებებში არსებობს, დიდი ძალისხმევაა საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG