ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა


გავრცელებული ახალი ამბების მიხედვით, ყირგიზეთის საგანგებო დანიშნულების პოლიციის ძალებმა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მას შემდეგ დააკავა, რაც ძალადობაში გადაზრდილმა უსაფრთხოების პირველმა ოპერაციამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლიცია ატამბაევის საცხოვრებელში, ღამით მისი დაკავების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეიჭრა, რომლის დროსაც მის მომხრეებთან შეტაკება მოხდა და ათობით ადამიანი დაშავდა.

62 წლის ატამბაევს 2011-2017 წლებში პრეზიდენტის თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის წესით ისჯება. მას ხუთი ბრალი წაუყენეს, მათ შორის: კორუფცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და უკანონოდ გამდიდრება.

ატამბაევმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებები უარყო და მისი დაპატიმრების მცდელობას არაკონსტიტუციური და უკანონო უწოდა.

27 ივნისს პარლამენტმა მას იმუნიტეტი მოუხსნა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს იცავს. მისმა ადვოკატმა იმუნიტეტის თაობაზე საპარლამენტო კენჭისყრას უკანონო უწოდა.

ატამბაევმა ახლანდელ პრეზიდენტ ჯინბეკოვს ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა.

XS
SM
MD
LG