ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოზნერს დაბადების დღეზე კვერცხები ესროლეს - კრემლი თვლის, რომ საქართველო რუსებისთვის უსაფრთხო "არ არის"


კრემლი ამბობს, რომ საქართველოში რუსების ვიზიტი უსაფრთხო აღარ არის. განცხადება პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მაშინ გააკეთა, როცა რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი მოსკოვში ახალი დაბრუნებული იყო. პოზნერი თბილისიდან მოსკოვში დილის 6 საათზე ნაადრევად მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მას საქართველოში კვერხების სროლით და მწვავე შეფასებებით დახვდნენ.

„იქ წასვლა უბრალოდ სახიფათოა და ეს მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ“, - ამბობს პესკოვი და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ექსტრემისტულად განწყობილი ნაციონალისტები უწოდა.

ამასთან, დმიტრი პესკოვი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დემონსტრანტები გააკრიტიკა. პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელებისა, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

რუსეთის სახელმიწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილის გადასახდელად. თბილისში მას პროტესტით დახვდნენ წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

პოზნერს მიაჩნია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება. მეტიც ის ამბობს, რომ საქართველომ აფხაზების და ოსების წინააღმდეგ არასწორი ნაბიჯები გადადგა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცების მიუხედავად რუსეთში დაბრუნებული პოზნერი ამბობს, რომ მისთვის ჯარიმა არავის გამოუწერია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG